"ადამიანები ყიდულობენ საუკეთესო ბოსტნეულს, ხორცს და შემდეგ ამ ყველაფერს ასხამენ მაღაზიაში ნაყიდ გაუგებარ სოუსს, რომელიც სავსეა რაფინირებული შაქრით, იაფი მცენარეული ზეთებით..." - ნატა გაგუას TOP 5 ჯანსაღი დრესინგი
ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში ჯანსაღი სოუსების რეცეპტებს აქვეყნებს და წერს:
ყოველდღიურად ვაწყდები პარადოქსს: ადამიანები ზედმიწევნით არჩევენ კერძისთვის ინგრედიენტებს - ყიდულობენ საუკეთესო მწვანილს, ბოსტნეულს, ხორცს - და შემდეგ ამ ყველაფერს ასხამენ მაღაზიაში ნაყიდ გაუგებარ სოუსს, რომელიც სავსეა რაფინირებული შაქრით, იაფი მცენარეული ზეთებით და კონსერვანტებით. ეს იგივეა, იყიდო უძვირესი სარბოლო მანქანა და ჩაასხა ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი.
დრესინგი არის მექანიზმი, რომელიც ან აქცევს თქვენს საკვებს „ცარიელ კალორიებად“, ან ხსნის მასში არსებული ნუტრიენტების სრულ პოტენციალს. ჩემთვის სწორად მომზადებული დრესინგი არის „ფუნქციური საწვავი“.
გაგიზიარებთ იმ რეცეპტებს, რომლებიც თქვენს გემოს რეცეპტორებს მუდმივად მიიზიდავს.
TOP 5 დრესინგი, რომელიც თქვენს კერძებს აქცევს არა უბრალოდ საკვებად, არამედ ორგანიზმის ოპტიმიზაციის საშუალებად:
თაფლისა და დიჟონის მდოგვის სოუსი

ეფუძნება ზეთისა და მჟავის ბალანსს. ის მსუბუქია, უნივერსალური და მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით.
დრესინგი, რომელიც თითქმის ყველა კერძს უხდება:
ინგრედიენტები: 60 მლ ზეითუნის ზეთი (Extra Virgin), 60 მლ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ თაფლი (ან ნეკერჩხლის სიროფი), 1/2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა ქილაში თავსახურით. დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ 1 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი და ემულსიფიცირებული.
რისთვისაა სასარგებლო: ეს არის დაუმუშავებელი ენერგიის წყარო. ზეითუნის ზეთი მდიდარია ოლეინის მჟავით (მონოუჯერი ცხიმი), რომელიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და E ვიტამინით. ლიმონის წვენი C ვიტამინის წყაროა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს რკინის შეწოვას საკვებიდან.
რას უხდება: იდეალურია ნებისმიერი მწვანე სალათისთვის, მოხარშული ბოსტნეულისთვის, თევზისთვის, ქათმისთვის.
თაფლი და მდოგვი აქ არა მხოლოდ გემოსთვისაა, არამედ ბუნებრივი ემულგატორებია. ისინი ეხმარებიან ზეთისა და ლიმონის წვენის ერთმანეთთან დაკავშირებას და ხელს უშლიან სოუსის სწრაფ დაშლას ფაზებად.
იოგურტის ბაზაზე დამზადებული სოუსი

იოგურტი და მაწონი მაიონეზის ალტერნატივაა. ისინი დრესინგს სძენენ კრემოვან ტექსტურას, ამცირებენ კალორიებს და ამდიდრებენ მას პრობიოტიკებით.
ბერძნული „ძაძიკი“
რეცეპტი: 500 გრ ბერძნული იოგურტი (ან გაწურული მაწონი), 2 ცალი კიტრი, 2-3 კბილი ნიორი (გემოვნებით), 2 ს.კ ზეითუნის ზეთი, 1/2 ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ახალი კამა, მარილი.
მომზადება: კიტრი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ ზედმეტი სითხისგან (ეს მნიშვნელოვანია!). შეურიეთ იოგურტს, დაჭყლეტილ ნიორს, ზეთს, ლიმონის წვენს და კამას.
რისთვისაა სასარგებლო: ეს არის სინბიოტიკური სოუსი. ბერძნული იოგურტი არის პრობიოტიკების (ცოცხალი ბაქტერიების) წყარო, რომლებიც სასარგებლოა ნაწლავური მიკროფლორისა და იმუნიტეტისთვის. კიტრი და ნიორი მოქმედებენ როგორც პრებიოტიკები (საკვები კარგი ბაქტერიებისთვის).
რას უხდება: იდეალურია ბოსტნეულისთვის, უხდება შემწვარ ხორცს (განსაკუთრებით ბატკანს და ქათამს), ფალაფელს.
შენიშვნა: კიტრის გაწურვა აუცილებელია. იოგურტი უნდა იყოს სქელი, რათა შეინარჩუნოს კრემოვანი ტექსტურა. შეინახეთ მაცივარში 3 დღე.
კრემოვანი ავოკადო-ლაიმის სოუსი (ვეგანური)

რეცეპტი: 1 რბილი ავოკადო, ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1 ლაიმის წვენი, 1 კბილი ნიორი, ¼ ჭიქა წყალი (სასურველი სისქისთვის), მწიკვი პილპილი, მარილი, (სურვილისამებრ:კონა ქინძი).
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ კრემოვან ერთგვაროვან მასამდე.
რისთვისაა სასარგებლო: ეს არის ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხიმების წყარო. ავოკადო სავსეა მონოუჯერი ცხიმებით, K, E, C ვიტამინებით, კალიუმით და უჯრედისით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
რას უხდება: ნებისმიერ სალათს, განსაკუთრებით კიტრი-პომიდვრის სალათს, შემწვარ თევზს, სენდვიჩებში მაიონეზის ნაცვლად.
შენიშვნა: ლაიმის ან ლიმონის წვენის დამატება მნიშვნელოვანია. ის არა მხოლოდ გემოს მატებს, არამედ მჟავა ხელს უშლის ავოკადოს ფერმენტულ გაყავისფრებას (ოქსიდაციას) და უნარჩუნებს მას მწვანე ფერს.
ვეგანური ქეშიუს კრემი

რეცეპტი: 140 გ უმი ქეშიუ, 1/2 ჭიქა წყალი (ან მცენარეული რძე ), 1-2 კბილი ნიორი, 1 ს.კ ლიმონის ან ლაიმის წვენი, ჰიმალაის მარილი ზომიერად.
მომზადება: ქეშიუ დაალბეთ ან ცხელ წყალში 30 წუთით, ან ცივ წყალში მთელი ღამით. გადაწურეთ. 2. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ათქვიფეთ 5 წუთი, სანამ არ მიიღებთ აბსოლუტურად გლუვ, კრემოვან მასას.
რისთვისაა სასარგებლო: ეს არის რძის პროდუქტების და მაიონეზის ვეგანური ალტერნატივა. ქეშიუ მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, მაგნიუმით და სპილენძით.
რას უხდება: იდეალური ბაზაა ნებისმიერი კრემ-სოუსისთვის. გამოიყენეთ მაკარონისთვის, როგორც ვეგანური „არაჟანი“, ან დაამატეთ მწვანილი და გამოიყენეთ ვეგანურ კერძებში.
შენიშვნა: დალბობა აუცილებელია ორი მიზეზით. ნუტრიციოლოგიური: ის ამცირებს ფიტინის მჟავას, რომელიც ბლოკავს მინერალების შეწოვას. ტექნოლოგიური: ის არბილებს ქეშიუს უჯრედულ სტრუქტურას, რაც ბლენდერს საშუალებას აძლევს, შექმნას იდეალურად გლუვი ემულსია. დაულბობელი ქეშიუ დატოვებს „ქვიშის“ ტექსტურას.
იაპონური მისო-ჯინჯერის დრესინგი

რეცეპტი: 2 ს.კ თეთრი მისოს პასტა, 2 ს.კ ბრინჯის ძმარი, 1 ს.კ სეზამის ზეთი, 1 ს.კ თაფლი (ან ნეკერჩხლის სიროფი), 1 ს.კ დაფქული ჯინჯერი (კოჭა), 1 ს.კ ლაიმის წვენი.
მომზადება: ჯამში კარგად გახსენით მისოს პასტა ბრინჯის ძმარში, სანამ კოშტები არ გაქრება. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ათქვიფეთ.
რისთვისაა სასარგებლო: ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. მისოს პასტა არის ფერმენტირებული სოიო პასტა, პრობიოტიკების წყარო, რომელიც საჭიროა ჯანსაღი მიკროფლორასთვის. ჯინჯერი კარგია საჭმლის მონელებისთვის და ამცირებს ანთებით პროცესს.
რას უხდება: აზიური სტილის სალათებს , ცივ წიწიბურას, ნუდლებს, შემწვარ ტოფუს.
შენიშვნა: გამოიყენეთ თეთრი მისო, რადგან მას ნაზი და ნაკლებად მარილიანი გემო აქვს. შეინახეთ მაცივარში 4-5 დღე.