რატომ არ უნდა დავლიოთ ლიმონათი - Gemrielia.ge

რატომ არ უნდა დავლიოთ ლიმონათი

კლასიკური ლიმონათი ნატურალური ხილის წვენისგან, ნაყენისა და ვაჟინისგან მზადდება. ასე მომზადებულ ლიმონათს ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედი ქიმიური შემადგენლობა აქვს: მასში უხვადაა ორგანული მჟავები, მინერალური ნაერთები, ვიტამინები, არომატული ნივთიერებები, ნახშირწყლები და სხვა, რომლებიც არეგულირებს ორგანიზმის წყლის რეჟიმსა და ნივთიერებათა ცვლას. ასეთ ლიმონათებს მატონიზებელი (ტონუსის ამწევი) თვისებებიც ახასიათებს.

სამწუხაროდ, ნატურალური ლიმონათი დღესდღეობით იშვიათობაა. ამჟამად მისი წარმოებისას ხშირად იყენებენ ხელოვნურ საღებავებს, შაქრის შემცვლელ დამატკბობლებსა და არომატიზატორებს, რომელთა უმეტესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა. ამ გზით მიღებული სასმელები ნატურალურ ლიმონათზე გაცილებით იაფია და, ბუნებრივია, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე სწორედ მათ უკავიათ უდიდესი ადგილი. შაქრის შემცვლელი დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული სასმელები რეკომენდებულია მხოლოდ დიაბეტიანებისთვის, ჯანმრთელი ადამიანისთვის კი ასეთი დამატკბობლების ხშირი მიღება საზიანოა, ვინაიდან კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციას და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას იწვევს. განსაკუთრებით არასასურველია დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული ლიმონათის მოხმარება ზაფხულში, ვინაიდან ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი, ასპარტამი, 30 გრადუსსა და მეტ ტემპერატურაზე იშლება და ტოქსიკურ ნივთიერებას - მეთანოლს წარმოქმნის. რაც შეეხება ხელოვნურ საღებავებს, დადასტურებულია, რომ ისინი ბავშვებში იწვევს ყურადღების დეფიციტს, ჰიპერაქტიურობას, ნევროზებს და ტვინის დისფუნქციასაც კი. თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას რომ არ ავნოთ, ლიმონათის შეძენისას ეცადეთ აირჩიოთ ისეთი ბრენდი, რომელშიც ხელოვნური საღებავები და დამატკბობლები მინიმალურად არის გამოყენებული. ამაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:
ერიდეთ ხასხასა, არაბუნებრივი, მკვეთრი "ქიმიური" ფერის სასმელებს. ასეთი ფერები მხოლოდ ხელოვნური საღებავებით მიიღება. ნატურალურ სასმელს არასოდეს ექნება ღაჟღაჟა და მყვირალა ფერი.

ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა ეტიკეტზე. თუ აღმოაჩენთ, რომ პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს: ასპარტამს, ქსილიტს, საქარინს, ან მასზე მითითებულია დამატკბობელი საკვებდანამატის კოდი (E950-დან E970-მდე), არ შეიძინოთ.

სამწუხაროდ, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ხშირად შემადგენლობა არ აწერია. თუ რომელიმე ბრენდის ლიმონათს რეგულარულად სვამთ, გირჩევთ გაარკვიოთ, შაქარს შეიცავს იგი თუ დამატკბობლებს. ამისთვის ცოტაოდენი ლიმონათი ჭიქაში გადმოასხით და რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. თუ პროდუქტი ნამდვილ შაქარზეა დამზადებული, იგი "დუღილს" დაიწყებს, ამჟავდება, ხელოვნური დამატკბობლები კი ასეთ ეფექტს არ იძლევა.

mkurnali.ge