"ეს არ არის უბრალოდ წვნიანი, ეს არის ანთების საწინააღმდეგო წამალი, ენერგიის წყარო და თქვენი კანის ახალგაზრდობის საიდუმლო..." - რას წერს ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი?
შეიძლება თუ არა საკვები წამლად იქცეს? თანამედროვე ნუტრიციოლოგია ადასტურებს, რომ სწორად შერჩეულ ინგრედიენტებს ორგანიზმში ანთებითი პროცესების ჩახშობა და ენერგიის აღდგენა შეუძლია. ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვიზიარებს სპეციალურ რეცეპტს - ანთების საწინააღმდეგო წვნიანს, რომელიც არა მხოლოდ გასტრონომიული სიამოვნებაა, არამედ ნამდვილი ბიოაქტიური თერაპიაა თქვენი კანის, ჰორმონალური ბალანსისა და იმუნიტეტისთვის:
როცა საკვები ხდება თერაპია: ანთების საწინააღმდეგო წვნიანი
ხშირად მეკითხებიან: „არსებობს კერძი, რომელიც ერთდროულად წამალიცაა და გასტრონომიული შედევრიც?“ პასუხი დადებითია.
ეს არ არის უბრალოდ წვნიანი, ეს არის ბიოაქტიური კომპოზიცია ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, ენერგიის წყარო და თქვენი კანის ახალგაზრდობის საიდუმლო.
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი (მოსათუშად): 2 ს.კ.
- ხახვი: 2 საშუალო თავი
- ნიორი: 4 კბილი
- ჯანჯაფილი (იმბირი): 25 გ (გახეხილი, დაახლოებით ცერა თითის ხელა)
- კურკუმა (ფხვნილი): 1 ჩ.კ.
- შავი პილპილი: მწიკვი — პილპილის გარეშე კურკუმას სასარგებლო თვისებები სრულად არ აქტიურდება!
- სტაფილო: 2 საშუალო ცალი — ანიჭებს სიტკბოს და ფერს.
- ტკბილი კარტოფილი (ბატატი): 2 საშუალო ცალი — უზრუნველყოფს კრემოვან ტექსტურას.
- წითელი ოსპი: 200 გ — მცენარეული ცილა, რომელიც წვნიანს ნოყიერს ხდის.
- წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი: 1500 მლ (1.5 ლიტრი).
- ქოქოსის რძე (ცხიმიანი): 200 მლ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნაღებით).
- ისპანახი: 70 გ (ერთი დიდი მუჭა)
- მარილი: გემოვნებით.
მომზადება (ნაბიჯ-ნაბიჯ):
- ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. დაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და გახეხილი ჯანჯაფილი. თუშეთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. (არ დაწვათ! მიეცით საშუალება, რომ კარგად დარბილდნენ და თავიანთი სიტკბო და არომატი გამოუშვან).
- დაამატეთ კურკუმა და შავი პილპილი. ურიეთ დაახლოებით 1 წუთი. სურნელი, რომელიც ამ დროს სამზარეულოში დატრიალდება, უკვე თერაპიაა.
- ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, ბატატი და კარგად გარეცხილი ოსპი. დაასხით5 ლიტრი წყალი ან ბულიონი.
- ადუღების შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ ოსპი და ბოსტნეული სრულად არ მოიხარშება და დარბილდება.
- როცა ყველაფერი მზად იქნება, დაამატეთ ქოქოსის რძე და მარილი. სურვილის შემთხვევაში, დააბლენდერეთ ერთგვაროვანი კრემ-სუპის კონსისტენციის მიღებამდე (ან დატოვეთ ისე, ტექსტურის შესანარჩუნებლად).
- გამორთეთ ცეცხლი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ ისპანახი. სუპის სიმხურვალეში ის თავისით მოიწალება და სასარგებლო თვისებებს არ დაკარგავს.
რატომ იმუშავებს ეს თქვენს ჯანმრთელობაზე?
- ჰორმონალური ბალანსი: ჯანსაღი ცხიმები და ბოჭკოვანი უჯრედისი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
- ანტი-ეიჯ ეფექტი: ამ წვნიანში იმდენი ანტიოქსიდანტია, რომ თქვენი კანი მადლობას გეტყვით.
- ენერგია: მძიმე, ძნელად მოსანელებელი ხორცის ნაცვლად, ვიღებთ სუფთა ენერგიას ოსპიდან.
რჩევა: თეფშზე დასხმისას, მოასხით ცოტაოდენი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. მჟავიანობა „გააღვიძებს“ ყველა ინგრედიენტს და გემოს ახალ “სიმაღლეზე აიყვანს”!
თუ გაქვთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები ან გასტრიტი, ჯანჯაფილისა და კურკუმას რაოდენობა ინდივიდუალურად შეათანხმეთ.