რატომ უნდა დავამატოთ არაყი ცომში და რა საიდუმლოს ინახავს ნახევარმთვარის ფორმა? – რას წერს ნატა გაგუა საშობაო გურულ ღვეზელზე?
„რატომ უნდა დავამატოთ არაყი ცომში და რა საიდუმლოს ინახავს ნახევარმთვარის ფორმა? ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გურული ღვეზელის უნიკალურ რეცეპტს აქვეყნებს და გვიხსნის, როგორ მოვამზადოთ ტრადიციული საშობაო ღვეზელი:
"გურული ღვეზელის საიდუმლო: რატომ ამატებდნენ ცომში არაყს და რატომ „ბოლავდნენ“ კვერცხს?
იცოდით, რომ მისი ნახევარმთვარის ფორმა ციურ სხეულებს და ბარაქას უკავშირდებოდა?
ეს არის ცომი, რომელიც არ ხმება და ღრუბელივით ფაფუკია!
მთავარი საიდუმლო:
- შებოლილი კვერცხის ეფექტი: თუ ბუხარი არ გაქვთ, მოხარშული კვერცხი შეწვით კარაქში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ეს კვერცხს ზედმეტ სისველეს აცლის და პიკანტურ გემოს აძლევს!
- არაყი ცომში: არაყი ცომს საოცარ სტრუქტურას აძლევს და სიფაფუკეს უნარჩუნებს.
ცომის ინგრედიენტები:
(ეს პროპორცია გათვლილია დაახლოებით 6 მოზრდილ ღვეზელზე)
- ფქვილი: 1 კგ (უმაღლესი ხარისხის, გაცრილი).
- თბილი რძე ან წყალი: 400 მლ (ფქვილის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ +/- 50 მლ).
- მაწონი: 250 გრ (ოთახის ტემპერატურის).
- მშრალი საფუარი: 12 გრ.
- შაქარი: 1 სუფრის კოვზი – საფუარის გასააქტიურებლად.
- მარილი: 1 ჩაის კოვზი.
- სოდა: 1/2 ჩაის კოვზი (უნდა გაიხსნას მაწონში).
- არაყი: 1 სავსე სუფრის კოვზი.
- ზეთი: 70 მლ (ხელის დასანამად და ცომში შესაზელად).
გულსართი (შიგთავსი):
- იმერული ყველი (ჭყინტი): 1.5 კგ (გურული წესით: "რამდენი ცომიც არის, იმდენივე ან მეტი ყველი").
- კარაქი: 100 გრ (ყველში გადასაზელად, რომ გული წვნიანი იყოს).
- კვერცხი (შიგნით ჩასადები): 6 ცალი (მოხარშული და შემდეგ ტაფაზე დაბრაწული).
- თავზე გადასასმელად:
- კვერცხის გული: 2 ცალი.
- მაწონი ან რძე: 1 სუფრის კოვზი (კვერცხის გულში გასახსნელად).
მომზადების წესი:
"ფქვილმა თქვა: გამაძღე ზელით და გაგაძღობ ჭამითო!" არ დაიზაროთ მოზელა!
- თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. მაწონში გახსენით სოდა (აფუვდება).
- თასში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, დაასხით საფუვრიანი მასა, მაწონი, არაყი და დაიწყეთ მოზელა.
- ბოლოს შეაზილეთ ზეთი. ცომი უნდა იყოს ძალიან რბილი, ხელზე ოდნავ რომ გეკრობათ, ისეთი.
- დადგით სითბოში 2 საათი. შუაში ერთხელ გადაზილეთ ზეთიანი ხელით.
- მიღებული ცომი დაახლოებით8 კგ იქნება. გაყავით 6 ნაწილად (თითო გუნდა 300 გრამი).
- ყველსაც ყოფთ 6 ნაწილად (თითო გუნდაში 250 გრამი ყველი).
- მიეცით ფორმა, გადაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ.
ტრადიცია, რომელიც გულს გაგითბობთ
იცოდით რა არის "მუცლის სალოცავი"? ეს იყო ღვეზელი, რომელსაც დედა შვილებს მუცელზე შემოატარებდა და ლოცავდა: "შენი მუცლის სატკივარი აღმა ქარს, დაბლა წყალსო".
ეს ღვეზელი ოჯახის ჯანმრთელობისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო, მისი გადაგდება არ შეიძლებოდა", - წერს ნატა გაგუა.