რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება? - რას ამბობს სურსათის უვნებლობის ექსპერტი - Gemrielia.ge

რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება? - რას ამბობს სურსათის უვნებლობის ექსპერტი

შინ მომზადებული კონსერვები ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათ უსაფრთხოებას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე საშიში სურსათისმიერი დაავადებაა, რომლის ამოცნობა პროდუქტის სუნით ან ვიზუალით შეუძლებელია.

იმისათვის, რომ თქვენი კულინარიული ექსპერიმენტები ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი არ გახდეს, გაგიზიარებთ სურსათის უვნებლობის ექსპერტის, ირაკლი არაბულის მნიშვნელოვან გაფრთხილებასა და რჩევებს ბოტულიზმის პრევენციის შესახებ:

"ბოტულიზმი - სურსათით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ნეიროტოქსინი.

ტოქსინი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების პარალიზს, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

როგორ ხდება დაბინძურება?

ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ნიადაგსა და წყალში, საიდანაც მარტივად გადადის საკვებზე, განსაკუთრებით:

  • არასათანადოდ გარეცხილ ბოსტნეულზე
  • არასწორ ტემპერატურაზე დამუშავებულ პროდუქტებზე

Clostridium botulinum არის ანაერობი - ანუ უჟანგბადო გარემოში (მაგ. კონსერვებში) იწყებს აქტიურ გამრავლებას და ტოქსინის გამოყოფას.

ბაქტერია თავად არაა საშიში, მაგრამ უჟანგბადო პირობებში წარმოქმნილი ტოქსინი - უკიდურესად მავნებელია.

მაღალი რისკის საკვები პროდუქტები:

  • სახლის პირობებში კონსერვირებული ბოსტნეული
  • შებოლილი ან ნედლი თევზი
  • თაფლი (განსაკუთრებით ჩვილებისთვის!)
  • კონსერვირებული ღორის ხორცი, ლორი
  • სიმინდის სიროფი
  • ალუმინის ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი
  • სტაფილოს წვენი

სიმპტომები იწყება მიღებიდან 12–72 საათში:

  • გაორებული ან ბუნდოვანი მხედველობა
  • ყლაპვის გაძნელება
  • ქუთუთოების მოდუნება
  • სუნთქვის გაძნელება
  • ზოგადი სისუსტე

დაბინძურებულ საკვებს არც გემო ეცვლება და არც სუნი აქვს, ამიტომ იდენტიფიცირება შეუძლებელია ვიზუალური ან სენსორული გზით!" - წერს სურსათის უვნებლობის ექსპერტი.