რა უნდა ვიცოდეთ მარმელადის შესახებ - Gemrielia.ge

რა უნდა ვიცოდეთ მარმელადის შესახებ

მარმელადი განსაკუთრებული ნუგბარია. მიიღება ხილის წვენისა და რბილობისგან შემასქელებლების (ჟელატინის, პექტინის ან აგარ-აგარის) დამატებით. მარმელადს ცალკეც მიირთმევენ და სხვა დესერტებსაც აფორმებენ მისით - კექსს, ნაყინს, ტორტს...

 

არსებობს რამდენიმე სახის მარმელადი - ჟელესი, ხილისა, ჟელე-ხილისა და საღეჭი, წარმოების თვალსაზრისით კი ის ორ კატეგორიად იყოფა: ნატურალურ მარმელადად, რომელიც ტრადიციული ტექნოლოგიით - ხილის მასის ეტაპობრივი აორთქლებით მზადდება და მეორე, შედარებით იაფფასიან პროდუქტად, რომელიც ხელოვნურ საღებავებსა და სხვა დანამატებს შეიცავს.


ნატურალურ მარმელადს ხილის პიურესა და შაქრისგან ამზადებენ. თუ ხილი ტკბილია, - მაგალითად, ვაშლი, ფორთოხალი, - შაქრის დამატება აღარც კია საჭირო. იდეალურად მიიჩნევა მარმელადი, რომელსაც შესასქელებლად პექტინს ამატებენ. პექტინი ნატურალური ნივთიერებაა, რომელსაც ხილი ბუნებრივად შეიცავს. ცხადია, ნატურალური მარმელადი ძვირად ღირებული ჩაროზია.
შედარებით იაფფასიან პროდუქტს კი ჟელატინი აქვს დამატებული. ჟელატინს, ჩვეულებრივ, ცხოველთა ძვლებიდან და ხრტილებიდან იღებენ. ის გაცილებით იაფია, ამიტომ იაფია მისგან წარმოებული მარმელადიც.
სამწუხაროდ, ჩვენი ბაზარი გაჯერებულია ხელოვნური მარმელადით, რომელიც ნატურალური ხილის წვენისა და პიურესაგან კი არ არის მომზადებული, არამედ ხელოვნური საღებავებისა და დანამატებისაგან, ამიტომ ჯანმრთელობისათვის არათუ სასარგებლო არ არის, მავნეც კია.

მარმელადის წინაპრად მიიჩნევენ აღმოსავლურ ნუგბარს - რაქათ-ლუქუმს, რომელსაც წინათ ხილისგან, თაფლისა და ვარდის წყლისგან ამზადებდნენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ჩაროზის მომზადების წესმა შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაახლოებით ათასი წლის წინ შემოაღწია ევროპაში. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღესაც ფართოდ არის გავრცელებული ტკბილეული, მომზადებული ხილის წვენის ხანგრძლივი ხარშვა-აორთქლების გზით.

სიტყვა "მარმელადის" წარმოშობის თაობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, სიტყვა "მარმელადი" გერმანული წარმოშობისაა და ნიშნავს პროდუქტის შესქელების განსაკუთრებულ ტექნოლოგიას. შესაძლოა, ამ სიტყვას ესპანური ფესვებიც ჰქონდეს - "მარმელადა" კომშის მურაბას აღნიშნავს. ინგლისურ ენაში კი მარმელადს ციტრუსებისგან მომზადებულ მურაბას უწოდებენ. ნატურალური მარმელადი, რომელიც პექტინის გამოყენებით მზადდება, სხვა დანამატებს აღარ მოითხოვს, რადგან პექტინი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს - ასქელებს პროდუქტს, უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას, წარმოქმნის გელს და იმავდროულად სტაბილიზატორადაც გვევლინება.
ცნობილია, რომ ორგანიზმში მოხვედრილი პექტინი ანადგურებს ბაქტერიებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, ბოჭავს ტოქსინებს და გამოაქვს ისინი ორგანიზმიდან, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას. პექტინი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან მისი გავლენით ქვეითდება სისხლში შაქრის დონე. ამრიგად, ნატურალური მარმელადი მეტად სასარგებლოა და შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ.

mkurnali.ge