ეს არ არის უბრალოდ დესერტი – ნამდვილი "პავლოვას" რეცეპტი ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგისგან, რომელიც სხვა გემოს დაგავიწყებთ!
ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვთავაზობს „პავლოვას“ მომზადების იმგვარ ტექნიკას, სადაც ყოველი დეტალი გათვლილია იდეალური შედეგისთვის. ეს არ არის მხოლოდ რეცეპტი, ეს არის დესერტი, რომელიც პირველივე კოვზით გამახსოვრებს თავს.
აი, მისი პროფესიული რჩევები და მომზადების ინსტრუქცია უცვლელად:
ტორტი „პავლოვა“
თუ ერთხელ ამ რეცეპტით მოამზადებ, სხვანაირ “პავლოვას” ვეღარ შეჭამ. გარედან ხრაშუნა, შიგნით ღრუბელივით რბილი, ზემოდან აბრეშუმის კრემი და კენკრა - ეს არ არის უბრალოდ დესერტი. ეს არის გემოს რეცეპტორებისთვის დიდი სიურპრიზი.
ინგრედიენტები:
მერინგი
- კვერცხის ცილა: 150 გ (4–5 ცალი)
- საკონდიტრო (წვრილი) შაქარი: 250 გ
- სიმინდის სახამებელი: 10 გ
- თეთრი ღვინის ძმარი ან ლიმონის წვენი: 5 მლ
- ვანილის ექსტრაქტი: 3 მლ
- მარილი: მწიკვი
ჰაეროვანი კრემი
- 35% ნაღები: 400 მლ
- შაქრის პუდრა: 40 გ
- მასკარპონე: 150 გ
- ვანილის ექსტრაქტი: 3 მლ
- ლიმონის ცედრა: ½ ჩ/კ
მასკარპონე კრემს აძლევს სტრუქტურას და დახვეწილ გემოს. მხოლოდ ნაღები ლამაზია, მაგრამ ნაკლებად სტაბილური.
დეკორი
- მარწყვი (შეიძლება სხვა კენკრა): 350 გ
- პიტნა: 10 გრ.
მომზადების ტექნიკა:
ცილების ათქვეფა
- ცილა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- ათქვიფე დაბალ სიჩქარეზე 1–2 წუთი, შემდეგ თანდათან გაზარდე.
- შაქარი დაამატე ეტაპობრივად, 6–7 ნაწილად — არა ერთიანად.
ტესტი: მასა უნდა იყოს პრიალა, მკვრივი და ელასტიკური.
- თუ ჯამს გადააბრუნებ და არ ჩამოცურდება, ეს არის stiff glossy peaks.
- თუ თითებს შორის მარცვლოვანება იგრძნობა, შაქარი ბოლომდე არ გახსნილა.
სტაბილიზაცია
- ბოლოს ფრთხილად შეურიე სახამებელი + ძმარი (ან ლიმონის წვენი) + ვანილი.
- აურიე ნაზად, ერთი მიმართულებით.
მჟავა აძლიერებს ცილის სტრუქტურას, სახამებელი ინარჩუნებს ტენიანობას.
შედეგი: გარედან ხრაშუნა ქერქი, შიგნით „მარშმელოური“ ცენტრი.
ფორმირება
- საცხობ ქაღალდზე დახაზე წრედი.
- მასა დადე ცენტრში.
- სიმაღლე დაახლოებით 5 სმ.
- შუაში გააკეთე მსუბუქი ჩაღრმავება კრემისთვის.
- არ გააკეთო ძალიან სქელი დისკი.
გამოცხობა
- წინასწარ გახურებული ღუმელი - 110–120°C
- გამოცხობა - 90–110 წუთი
- შემდეგ გამორთე ღუმელი და კარი არ გააღო მინიმუმ 1 საათი.
- თუ სწრაფად გააგრილებ, ჩამოიშლება. პავლოვას არ უყვარს აჩქარება.
კრემი
- მასკარპონეში მოათავსე შაქრის პუდრა.
- ცალკე ათქვიფე ცივი ნაღები რბილ პიკებამდე.
- ფრთხილად შეურიე მასკარპონეს.
- დაამატე ვანილი და ლიმონის ცედრა. ტექსტურა უნდა იყოს კოვზზე ნაზად ჩამოცურებადი.
აწყობა
კრემი დადე მხოლოდ სერვირების წინ. თუ ადრე დაადებ, ტენიანობა დაარბილებს ქერქს.
გემო უნდა იყოს ბალანსში: ტკბილი მერინგი + მჟავე კენკრა + მსუბუქი, კრემოვანი ცხიმიანობა.
5 ხრიკი, რომ პავლოვა იდეალური გამოვიდეს
- გამოიყენე ოთახის ტემპერატურის ცილა.
- შაქარი დაამატე ეტაპობრივად და ბოლომდე გახსენი.
- არ გამოტოვო ძმარი და სახამებელი — ეს ტექსტურისთვის მნიშვნელოვანია.
- დაბალი ტემპერატურა + ნელი გაგრილება.
- კრემი დაამატე ბოლოს, არა წინასწარ.