აშშ-ის საელჩო საქართველოში საკულტო ამერიკული ორცხობილების ისტორიულ რეცეპტს აქვეყნებს
კულინარიული სამყარო ხშირად შემთხვევით აღმოჩენებზე დგას, თუმცა ზოგიერთი მათგანი ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთი ისტორია აქვს ყველასთვის საყვარელ შოკოლადის ნატეხებიან ორცხობილას.
ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. საელჩომ საზოგადოებას გაუზიარა რუთ უეიკფილდის - იმ ქალბატონის ორიგინალი რეცეპტი, რომელმაც 1938 წელს მასაჩუსეტსის შტატში, საკუთარ რესტორანში, პირველად შექმნა ეს საკულტო დესერტი.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
რთულად თუ წარმოიდგენდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უიტმენის რესტორნის მფლობელი, რომ მის მიერ შემუშავებული ორცხობილას რეცეპტი საკულტო ამერიკული დესერტი გახდებოდა და თანაბრად ეყვარებოდათ ბავშვებსა და ზრდასრულებს. რუთ უეიკფილდის შოკოლადის ნატეხებიანმა ორცხობილამ მრავალმილიონიან ინდუსტრიებს ჩაუყარა სათავე, მათ შორის მასობრივ წარმოებასა და ორცხობილას მზა ცომის გაყიდვებს.
დღეს შოკოლადის ნატეხებიანი ორცხობილას უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა, ამბობენ, რომ რუთ უეიკფილდის ორიგინალი მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა. აშშ-ის დაარსების 250 წლისთავზე გიზიარებთ რუთის ორიგინალ რეცეპტს და დავამატებთ თანამედროვე მზარეულების რჩევას: თუ გინდათ, რომ განსაკუთრებით კარგი ორცხობილა გამოგივიდეთ, ცომი 36 საათი მაცივარში დააყოვნეთ.

ინგრედიენტები:
- 280 გრ ფქვილი
- 227 გრ კარაქი
- 340 გრ შოკოლადის ნატეხები
- 1 ჩ/კ სოდა
- 150 გრ შაქარი
- 120 გრ დაჭრილი თხილი
- 1 ჩ/კ მარილი
- 165 გრ ყავისფერი შაქარი
- 2 დიდი კვერცხი
- 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადების წესი:
- ტემპერატურა: თავდაპირველად გააცხელეთ ღუმელი 190°C-ზე.მშრალი
- მასა: პატარა ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი.
- კრემისებრი ბაზა: დიდ ჯამში კარგად ათქვიფეთ კარაქი, თეთრი და ყავისფერი შაქარი და ვანილი, სანამ ერთგვაროვან, კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
- გაერთიანება: მასას სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები და ყოველ ჯერზე კარგად ამოურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილის ნარევი და ბოლოს დაამატეთ შოკოლადის ნატეხები და დაჭრილი თხილი.
- გამოცხობა: საცხობ დაფაზე სუფრის კოვზით გადაანაწილეთ ცომის პატარა ბურთულები. აცხვეთ 9-11 წუთი, სანამ ორცხობილა ღია ყავისფერ ელფერს არ მიიღებს.
- დასკვნითი ეტაპი: ცხელი ორცხობილები დააყოვნეთ ლანგარზე 2 წუთით, შემდეგ კი სრულ გაგრილებამდე გადაიტანეთ ბადეზე.