რატომ ვერ ვიკლებთ წონაში მხოლოდ ნებისყოფის ხარჯზე? – ნატა გაგუას განმარტება, რომელიც კვების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის
ხშირად წონის მართვას საკუთარ თავთან ომად აღვიქვამთ, სადაც მთავარი იარაღი ნებისყოფა და მკაცრი შეზღუდვებია. თუმცა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ეს მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში თითქმის არასდროს მუშაობს.
ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რატომ არის წონის კლების პროცესში ბიოლოგიური ფაქტორები უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი ხასიათის სიმტკიცე.
მისი თქმით, პრობლემა არა ადამიანის სისუსტეში, არამედ ორგანიზმის გადარჩენის ინსტინქტშია.
რატომ ვერ იკლებთ წონაში ნებისყოფის ხარჯზე?
ბევრს ჰგონია, რომ წონის მართვა ომია: მეტი შეზღუდვა + ნაკლები კალორია = შედეგი. ეს მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს. თქვენი სხეული არ არის პროექტი - ის ცოცხალი სისტემაა. როდესაც მას აშიმშილებთ, ტვინი ამას აღიქვამს არა როგორც „დიეტას“, არამედ როგორც საფრთხეს.
რა ხდება ამ დროს?
- ჰიპოთალამუსი რეაგირებს ენერგეტიკულ დეფიციტზე;
- აქტიურდება გადარჩენის რეჟიმი;
- მცირდება ენერგიის ხარჯვა;
- ჩნდება აკვიატებული ფიქრები „აკრძალულ“ პროდუქტებზე;
- ხშირია გადაჭარბებული კვების ეპიზოდები.
და შემდეგ ისევ საკუთარ თავს ადანაშაულებთ სისუსტეში. პრობლემა არა თქვენს ნებისყოფაში, არამედ თქვენს ბიოლოგიაშია. ორგანიზმი ყოველთვის ირჩევს გადარჩენას და არა წონის კლებას.
დაიმახსოვრეთ: კვებითი ქცევა ხასიათის სისუსტე არ არის.
ეს ნერვული სისტემის ადაპტაციური პასუხია ქრონიკულ დისტრესზე. ჯანმრთელობა იწყება იქ, სადაც სრულდება ბრძოლა საკუთარ თავთან. წონა მაშინ სტაბილურდება, როცა ნერვული სისტემა აღარ აღიქვამს ენერგეტიკულ დეფიციტს საფრთხედ. პირველი ნაბიჯი - ერთი დღის განმავლობაში არ გამოიყენოთ სიტყვები „კარგი“ და „ცუდი“ საკვების მიმართ", - წერს ნატა გაგუა.