ბავშვის კვება პურით, კარტოფილითა და მაკარონით - რა რისკებს შეიცავს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში და რას ურჩევენ გასტროენტეროლოგები მშობლებს?
ჩვენს ირგვლივ ბევრი ბავშვია, რომელსაც ყველაზე მეტად კარტიფილი და მაკარონი უყვარს. ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ მათი შვილების ძირითადი და საყვარელი საკვები პური, შემწვარი კარტოფილი და სხვადასხვა ტიპის მაკარონია. კვების ეს მოდელი რომ იდეალური არაა, ყველა მშობელი ხვდება, მაგრამ მაინც რა რისკებს ქმნის ასეთი მენიუ.
კარტოფილი, მაკარონი და პური, არსებითად, მხოლოდ მარცვლეულსა და სახამებელს წარმოადგენს, ენერგიის წყაროა, მაგრამ ვერ უზრუნველყოფენ ორგანიზმს ყველა საჭირო „სამშენებლო მასალით“. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცილები და რთული ნახშირწყლებიც, თუმცა ბავშვის სრულად მხოლოდ ბოსტნეულზე, ან მხოლოდ ხორცზე, ან სხვა ერთგვაროვან რაციონზე გადაყვანაც არ არის სასარგებლო. არ შეიძლება რაციონიდან საერთოდ ამოვიღოთ მაკარონი, კარტოფილი და პური და ბავშვს მხოლოდ ბოსტნეული და ხილი დავუტოვოთ.
თუ ბავშვი ძირითადად პურით, კარტოფილით და მაკარონით იკვებება, ამას ხანმოკლე პერიოდში შეიძლება აშკარა პრობლემა არ მოჰყვეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული რისკები ჩნდება.
რა შეიძლება მოხდეს:
- ცილების დეფიციტი – ასეთი რაციონი ღარიბია ცილებით, რომლებიც აუცილებელია ზრდისთვის, კუნთების, იმუნური სისტემისა და ჰორმონების სწორად მუშაობისთვის.
- ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა – განსაკუთრებით რკინის, თუთიის, B12-ის, D ვიტამინის, კალციუმის. ეს შეიძლება გამოიხატოს დაღლილობით, ხშირი ავადობით, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებით.
- ზრდისა და განვითარების შეფერხება – ერთფეროვანი კვება შეიძლება აისახოს სიმაღლესა და საერთო ფიზიკურ განვითარებაზე.
- შაქრის მერყეობა სისხლში – სწრაფი ნახშირწყლები იწვევს ენერგიის მკვეთრ მატებას და შემდეგ სწრაფ დაცემას, რაც ბავშვს აღიზიანებს, ადვილად იღლება.
- მეტაბოლური პრობლემების რისკი – დროთა განმავლობაში იზრდება ჭარბი წონისა და ინსულინრეზისტენტობის რისკი.
- ნაწლავური პრობლემები – ბოჭკოს ნაკლებობის გამო შეიძლება განვითარდეს ყაბზობა და მიკროფლორის დარღვევა.