"მუდმივი დაღლილობა? ეს რკინის დეფიციტის ჩუმი ნიშნებია..." - ნახეთ, რას გვირჩევს ნატა გაგუა ენერგიის აღსადგენად!
ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში აქტუალურ თემას ეხმიანება და გამომწერებს იმ ფარულ მიზეზებზე ესაუბრება, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ენერგიას "გვპარავს". ნატა გაგუა გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებსა და რეცეპტს, რომელიც ორგანიზმს რკინის მარაგის შევსებაში ეხმარება:
გრძნობთ მუდმივ დაღლილობას მაშინაც კი, როცა გამოიძინეთ? ხშირად ანემია „ჩუმად“ იწყება:
- ძილიანობა და სისუსტე;
- თავბრუსხვევა;
- კონცენტრაციის დაქვეითება.
თუ ეს სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, დიდი ალბათობით მარტო არ ხართ — რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. ბევრი ამ სიმპტომებს სტრესს მიაწერს, თუმცა მიზეზი ხშირად რკინის დეფიციტია. საკვები მხოლოდ კალორიები არ არის - ის ბიოქიმიური ინფორმაციაა ჩვენი სხეულისთვის.
მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია. გაიცანით ხავერდოვანი ჭარხლის ჰუმუსი - თქვენი ენერგიის წყარო!
ჭარხლის ჰუმუსი (3 პორცია)
ინგრედიენტები:
- შემწვარი ჭარხალი — 200 გ;
- მოხარშული წითელი ოსპი — 180 გ;
- ტაჰინი — 1 სუფრის კოვზი;
- ზეითუნის ზეთი (Extra Virgin) — 1 სუფრის კოვზი;
- ლიმონის წვენი — 2 სუფრის კოვზი;
- ნიორი — 1 კბილი;
- ზირა და შებოლილი პაპრიკა — ¼ ჩაის კოვზი;
- ზღვის ან ჰიმალაის მარილი — გემოვნებით.
მოსართავად: ტკბილი წითელი წიწაკა (C ვიტამინის საბადო!) 80 გ, ბროწეული 40 გ და ქინძი 15 გ.
მომზადების წესი:
- ჭარხალი დაჭერით კუბებად, მოასხით ცოტა ზეთი და გამოაცხვეთ 180°C-ზე 20–25 წუთის განმავლობაში.
- ბლენდერში მოათავსეთ ჭარხალი, ოსპი, ტაჰინი, ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი და სანელებლები.
- დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ოსპის ბულიონი ხავერდოვანი ტექსტურისთვის.
- ბოლოს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა.
მნიშვნელოვანი რჩევა: რკინის მაქსიმალური ათვისებისთვის, ამ კერძის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში არ დალიოთ ჩაი ან ყავა, რადგან მათში არსებული ტანინები ამცირებს რკინის აბსორბციას.