10 პროდუქტი, რომელიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მაცივარი პროდუქტების შენახვის უნივერსალური საშუალებაა. ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების შემთხვევაში ეს წესი ნამდვილად მუშაობს. +2-დან +6 გრადუსამდე ტემპერატურაზე მიკროორგანიზმების განვითარება ფერხდება და შენახვის ვადა იზრდება.
თუმცა, ბოსტნეულის, ხილისა და სხვა მცენარეული პროდუქტების შემთხვევაში სიტუაცია უფრო რთულია. ბევრი მათგანი მოკრეფის შემდეგაც აგრძელებს „სიცოცხლეს“: მათში არ წყდება სუნთქვის, ფერმენტული მომწიფებისა და არომატული ნაერთების სინთეზის პროცესები. ზედმეტად დაბალი ტემპერატურა არღვევს ამ პროცესებს, რის შედეგადაც იკარგება გემო, იცვლება ტექსტურა და პროდუქტი უფრო სწრაფად ფუჭდება.
10 პროდუქტი, რომელიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ
1. პომიდორი

პომიდვრის დამახასიათებელ არომატსა და გემოს ათობით მფრინავი ნაერთი ქმნის. 10–12 გრადუსზე დაბლა ფერმენტული აქტივობა ეცემა, რის გამოც პომიდორი ხდება უგემური და „პლასტმასისებრი“. გარდა ამისა, სიცივე აზიანებს რბილობის უჯრედულ მემბრანას, რაც ნაყოფს წყლიანს ხდის.
- როგორ შევინახოთ სწორად: აუცილებლად გამოიღეთ ცელოფნიდან. დააწყვეთ ერთ ფენად ქაღალდდაფენილ ლანგარზე, ყუნწით ქვემოთ, ეს ნაყოფის ყველაზე სუსტი ადგილია და ასე ნაკლებად აორთქლდება წვენი. მწიფე პომიდორი ასე 3–5 დღე გაძლებს, მკვახე კი - დაახლოებით 7 დღე.
2. კარტოფილი

დაბალ ტემპერატურაზე (6–7°C-ზე ქვემოთ) კარტოფილში იწყება ე.წ. „ცივი დაშაქრება“: სახამებელი გარდაიქმნება გლუკოზად და მალტოზად. შედეგად, შეწვისას კარტოფილი უსიამოვნოდ ტკბება და ტაფაზე მუქდება (შავდება). თუ კარტოფილი გაიყინა, ის წყლიანი ხდება და უსიამოვნო სუნს იძენს.
- როგორ შევინახოთ სწორად: შეინახეთ ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას (7–12°C იდეალურია). გამოიყენეთ ჰაერგამტარი ყუთები (ხის ან დახვრეტილი პლასტმასის). მზეზე ნუ დატოვებთ, თორემ გამწვანდება და მასში მომწამვლელი ნივთიერება, სოლანინი დაგროვდება.
3. ხახვი

მაცივარში არსებული მაღალი ტენიანობა ხახვის ქერქში არსებულ მიკროორგანიზმებს ააქტიურებს, რაც ლპობის პროცესს იწვევს. გარდა ამისა, ხახვის სპეციფიკური სუნი მაცივარში სხვა პროდუქტებსაც გადაეცემა.
-
როგორ შევინახოთ სწორად: იდეალური ტემპერატურაა 15–20°C. ხახვი საუკეთესოდ ინახება დაკიდებულ მდგომარეობაში. არ შეინახოთ კარტოფილთან ერთად, რადგან ერთად ყოფნისას ორივე პროდუქტი გაცილებით სწრაფად ფუჭდება.
4. ნიორი

ნიორი ვერ იტანს მაღალ ტენიანობას, მაცივარში ის სწრაფად რბილდება და გაღივებას იწყებს. ტემპერატურის ცვალებადობაც ცუდად მოქმედებს მასზე. ნივრის გაყინვა კი საერთოდ არ შეიძლება, რადგან მისი არომატი სრულიად იცვლება.
-
როგორ შევინახოთ სწორად: მოათავსეთ ქაღალდის პაკეტში ან დახვრეტილ კერამიკულ ჭურჭელში. ოთახის ტემპერატურაზე ის 3 თვემდე ძლებს. გარჩეული კბილები კი შეგიძლიათ ქილაში ჩააწყოთ, ზეთი დაასხათ და ისე შეინახოთ (ასე ერთ კვირამდე გაძლებს).
5. ბანანი

ბანანი ტროპიკული ხილია. 12 გრადუსზე დაბლა მისი კანი „ცივი დამწვრობისგან“ შავდება, ნივთიერებათა ცვლა კი ირღვევა. სიცივე აჩერებს სახამებლის შაქრად გარდაქმნას, ამიტომ ბანანი რჩება მაგარი და გემოს ეცვლება.
-
როგორ შევინახოთ სწორად: მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას. ნუ შეინახავთ პოლიეთილენის პარკში. მაცივარში მხოლოდ სრულად დამწიფებული ბანანის შედება შეიძლება 1-2 დღით, რათა გაფუჭება ოდნავ შეფერხდეს (თუმცა კანი მაინც გაშავდება).
6. ავოკადო

თუ მკვახე ავოკადოს მაცივარში შეინახავთ, ის აღარ დამწიფდება. კრემისებრი ტექსტურის ნაცვლად მიიღებთ მაგარ ნაყოფს, რომელიც შიგნიდან შესაძლოა გაშავდეს კიდეც.
-
როგორ შევინახოთ სწორად: მკვახე ავოკადო დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე ქაღალდის პაკეტში (დააჩქარეთ პროცესი მასთან ერთად ვაშლის ან ბანანის მოთავსებით). გაჭრილ ავოკადოს კი მოასხით ლიმონი, დაუტოვეთ კურკა და შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.
7. პური

მაცივარში პური უფრო სწრაფად ხმება, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე. დაბალ ტემპერატურაზე სახამებლის კრისტალიზაცია ხდება და სამჯერ უფრო მალე კარგავს სირბილეს. ასევე, ის ღრუბელივით იწოვს მაცივრის ყველა სუნს.
-
როგორ შევინახოთ სწორად: თუ პურის დიდხანს შენახვა გსურთ, სჯობს გაყინოთ. საყინულე თვეობით აჩერებს გახმობის პროცესს, შემდეგ კი შეგიძლიათ ღუმელში გადაიტანოთ დასარბილებლად.
8. თაფლი

თაფლი ბუნებრივი კონსერვანტია და ოთახის ტემპერატურაზე თითქმის სამუდამოდ ინახება. მაცივარში კი შაქრების მაღალი კონცენტრაციის გამო ის ძალიან სწრაფად შაქრდება (კრისტალიზდება) და მაგრდება. ეს მის თვისებებს არ აფუჭებს, მაგრამ ტექსტურას ცვლის.
-
როგორ შევინახოთ სწორად: მჭიდროდ დახურული ქილით, ბნელ კარადაში. თუ დაშაქრდა, შეგიძლიათ ორთქლის აბაზანაზე შეათბოთ (არაუმეტეს 40 გრადუსისა, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს).
9. ყავა

ყავის მარცვლები მაცივარში არსებულ ტენიანობასა და სუნებს მომენტალურად იწოვს. ეს კატასტროფულად მოქმედებს ყავის არომატსა და გემოზე.
-
როგორ შევინახოთ სწორად: გახსნის შემდეგ ყავა გადაიტანეთ ჰერმეტულ ქილაში და შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას. ეცადეთ გახსნილი პაკეტი ერთ თვეში გამოიყენოთ.
10. ზეითუნის ზეთი

8–10 გრადუსზე დაბლა ზეითუნის ზეთი იწყებს კრისტალიზაციას, იმღვრევა და სქელდება. მიუხედავად იმისა, რომ სითბოში ის ისევ გამჭვირვალე ხდება, ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა აჩქარებს მის დაჟანგვას.
-
როგორ შევინახოთ სწორად: მშრალ და ბნელ კარადაში, სასურველია მუქი ფერის შუშის ბოთლში.
არასწორი შენახვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გემოზე, არამედ პროდუქტის კვებით ღირებულებაზეც. მთავარი წესი მარტივია: მაცივარში შეინახეთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებშიც მიკრობების გამრავლების მაღალი რისკია (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი). ბოსტნეულისა და ხილის უმეტესობა კი გემოსა და ვიტამინებს ოთახის ტემპერატურაზე, კარგი ვენტილაციის პირობებში უკეთ ინარჩუნებს.