"ეს არის პასკის ყველაზე მარტივი და სწრაფი რეცეპტი, რომლის მომზადებასაც ყველა შეძლებს!" - ნუცა ცისკარიშვილი - Gemrielia.ge

"ეს არის პასკის ყველაზე მარტივი და სწრაფი რეცეპტი, რომლის მომზადებასაც ყველა შეძლებს!" - ნუცა ცისკარიშვილი

ცნობილი კულინარი და ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი, თავის გამომწერებს პასკის მომზადების ვიდეორეცეპტს უზიარებს.

მისი თქმით, ეს არის პასკის ყველაზე მარტივი და სწრაფი რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. ფქვილი ( უმაღლესი ხარისხი)
  • 300 მლ. რძე (3,5 %)
  • 300 გ. კარაქი (სასურველია ნაღების)
  • 400 გ. შაქარი
  • 6 ც. კვერცხი + 1 ც. კვერცხის გული
  • 25 გ. საფუარი (2 ს/კ)
  • 30 გ. შაქარი ( 2 ს/კ)
  • 2 ც. ვანილი
  • დაფქული დარიჩინი
  • დაფქუკი მუსკატის კაკალი (ჯავზი)
  • ილი ( კარდამონი)

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში რძე შევათბოთ (არ ავადუღოთ)
  2. პატარა ჯამში ჩავყაროთ 2-2 ს/კ საფუარი და შაქარი. შემდეგ დავასხათ შემთბარი რძე და თავზე დავაფაროთ. 10-15 წუთის შემდეგ საფუარი მზად იქნება.
  3. ფქვილი გავცრათ თასში, დავუმატოთ 400 გ. შაქარი და ჩავატეხოთ კვერცხი, შემდეგ კვერცი და ფქვილის მასა კარგად გავხსნათ ხელით და დავამატოთ გამზადებული საფუარი, გადავზილოთ და დავასხათ წინასწარ გამლღვარი 300გ. კარაქი. მოვზილოთ ცომი.
  4. დავუმატოთ სუნელები და ვანილი, შევფუთოთ თასი და დაველოდოთ ნახევარი საათი.
  5. პირველი ამოფუების შემდეგ ცომს შევურევთ წინასწარ გარეცხილ, გამშრალებულ და ფქვილში ამოსვრილ ქიშმიშს ან გამხმარ ჩირს (ცუკატს), სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაუკეთოთ ორივე ან არც ერთი.
  6. ცომი გავაჩეროთ სითბოში 40-50 წუთი, დაველოდოთ მეორედ ამოფუებას, გადავზილოთ ნაზად და შემდეგ გადავიტანოთ ფორმებში.
  7. ფორმებში გადატანის შემდეგ დაველოდოთ ხელახლა ამოფუებას, შეგიძლიათ ღუმელში 30-40 გრადუსზე დააყოვნოთ 20-25 წუთი, ასე უფრო სწრაფად ამოფუვდება.
  8. შემდეგ ქვედა წვით დავიწყოთ პასკების ცხობა 150-170 გრადუსზე ( თქვენი ღუმელის მიხედვით) ... 25-30 წუთის შემდეგ ჩავურთოთ ზედა წვაც, შემდეგ გრძელი ჩხირით 20-25 წუთის გასვლისას რაც ზედა წვას ჩართავთ გასინჯეთ პასკა ( ჩაარჭეთ ვერტიკალურად ბოლომდე და ჯოხი შეამოწმეთ, თუ სისველე ამოჰყვა დაელოდეთ რამოდენიმე წუთი, თუ მშრალი იქნება პასკა უკვე მზად არის. გაითვალისწინეთ დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ პასკა ცხობის შემდეგ ღუმელში, თორემ გამოგვიშრება და ნოტიო აღარ იქნება.
  9. პასკის გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ, გავაციოთ და სასურველი მეთოდით გავაფორმოთ, შეგიძლიათ შაქრის პუდრის მოყრა, შოკოლადის მინანქრის გადასხმა, კვერცხის ცილის ბეზის გადასმა და ა.შ.

პირველ დღეს ისეთი გემრიელი არ არის, როგორც რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, გაითვალისწინეთ რომ პასკა 2-3 დღეში გახდება ის, რაც უნდა იყოს", ამბობს ნუცა ცისკარიშვილი.