შეიძლება თუ არა კვერცხის ყოველდღე მირთმევა? - დიეტოლოგების რეკომენდაციები
ომლეტი თუ შემწვარი კვერცხი - საუზმის ყველაზე მარტივი და უნივერსალური ვარიანტია. მიუხედავად ამისა, ბევრს აწუხებს კითხვა: უსაფრთხოა თუ არა მისი ყოველდღიურად ჭამა? მთავარი სადისკუსიო თემა კვერცხში შემავალი ქოლესტერინია, თუმცა მეორე მხრივ, ის ცილისა და სასარგებლო ნივთიერებების საუკეთესო წყაროა.
კვერცხის გავლენა ორგანიზმზე იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მისი სარგებელი თუ ზიანი დამოკიდებულია როგორც რაოდენობაზე, ისე მომზადების წესზე.
რა ხდება ორგანიზმში კვერცხის რეგულარული მიღებისას?

კვერცხის რეგულარული მოხმარება ორგანიზმს ადაპტაციაში ეხმარება:
- ღვიძლი ნაკლებ ქოლესტერინს გამოიმუშავებს, რადგან მას საკვებიდან იღებს;
- ცილა ეხმარება კუნთოვანი მასის მშენებლობასა და აღდგენაში;
- უზრუნველყოფს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას, რაც სისხლში შაქრის დონისა და ენერგიის სტაბილურობას უწყობს ხელს.
უსაფრთხო ნორმა: ჯანმრთელი ადამიანისთვის დღეში ერთი კვერცხი სრულიად უსაფრთხოა. თუმცა, დიაბეტის ან მაღალი ქოლესტერინის დროს სიფრთხილეა საჭირო.
კვერცხის მთავარი უპირატესობები

კვერცხი ნამდვილი „სუპერპროდუქტია“, რომელიც მდიდარია ვიტამინებით (A, D, E, B12), ფოლიუმის მჟავით, სელენითა და თუთიით. მისი დადებითი თვისებებია:
- ცილის მაღალი ბიოლოგიური ღირებულება და ყველა შეუცვლელი ამინომჟავა;
- ტვინის მუშაობის ხელშეწყობა მასში არსებული ქოლინის წყალობით;
- მხედველობის გაუმჯობესება (ლუტეინი და ზაქსანტინი);
- ძვლების ჯანმრთელობის მხარდაჭერა (D ვიტამინი).
ვისთვის არის კვერცხი „პრობლემური“?
ნაკლოვანებები ძირითადად მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ეხება. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ე.წ. ჰიპერ-რესპონდერებს - ადამიანებს, რომელთა ორგანიზმიც ვერ ახერხებს საკვებიდან მიღებული ქოლესტერინის დაბალანსებას. მათ შემთხვევაში, კვერცხის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონის მატება გამოიწვიოს. ასევე, ჭარბი მოხმარება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულთათვის. ხშირად პრობლემა თავად კვერცხი კი არა, მისი მომზადების წესი და არაჯანსაღი გარნირებია (მაგალითად, ბევრი ზეთი ან ცხიმიანი ბეკონი).
როგორ მოვამზადოთ კვერცხი სწორად?

მომზადების წესი პირდაპირ კავშირშია პროდუქტის სიჯანსაღესთან. ყველაზე სასარგებლო ვარიანტებია:
- მოხარშული კვერცხი (თოხლო ან მაგრად მოხარშული);
- ორთქლზე მომზადებული კვერცხი;
- მცირე ცხიმში მომზადებული ომლეტი.
ეცადეთ მოერიდოთ დიდი რაოდენობით კარაქსა და ზეთში შეწვას, რადგან ეს კვერცხის სასარგებლო თვისებებს მნიშვნელოვნად ამცირებს.