პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში - Gemrielia.ge

პროდუქციის განთავსების წესები სუპერმარკეტში



ამიტომ სწორად განთავსებული პროდუქცია მომხმარებლის მიზიდვის ერთ-ერთი მთავარი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომელსაც მერჩენდაიზინგი ეწოდება.

გარდა პროდუქციის სწორად განლაგებისა, მერჩენდაიზინგი მაღაზიაში მიმზიდველი ატმოსფეროს შექმნას, ფასების სწორად განთავსებას და ისეთი ასორტიმენტის შერჩევას გულისხმობს, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნებს. მერჩენდაიზინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მაღაზიაში პროდუქციის ისე გამოფენაა, რომ მომხმარებელი "აიძულოთ", რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს მაღაზიაში და დამოუკიდებლად, პრაქტიკულად, გამყიდველის გარეშე შეძლოს არჩევანის გაკეთება.

მარკეტოლოგების განცხადებით, ეფექტური მერჩენდაიზინგი ზრდის არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ კომპანიისა თუ კონკრეტული სავაჭრო ობიექტის იმიჯსაც.

"უმთავრესი კრიტერიუმი, რომლითაც პროდუქციის განლაგებისას ვხელმძღვანელობთ, მომხმარებლისთვის არჩევანის მაქსიმალურად გამარტივება და სუპერმარკეტში ორიენტაციაა.

აუცილებელია, სასაქონლო კატეგორიები ლოგიკურად იყოს დაჯგუფებული. თვისობრივად ერთნაირი პროდუქტების განლაგება ერთად უნდა ხდებოდეს და სასურველია, იქვე იყოს წარმოდგენილი მათი თანაპროდუქტებიც. მაგალითად: ლუდი და ჩიპსი, სნეკი; სოსისი და მდოგვი და სხვა", - აცხადებს ჩვენთან საუბარში "ნიკორას" წარმომადგენელი.

მერჩენდაიზინგის ისტორია სათავეს პირველი მოვაჭრეებისა და მაღაზიების გამოჩენისთანავე იღებს. თუმცა, ოფიციალურად მერჩენდაიზინგი პირველად გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაინერგა ამერიკაში. არსებობს რამდენიმე სახის მერჩენდაიზინგი - პრაქტიკული და ვიზუალური.

პრაქტიკულ მერჩენდაიზინგს, ძირითადად, სუპერმარკეტებში მიმართავენ, ვიზუალურს კი - ტანსაცმლის, სუვენირების, აქსესუარებისა და საიუველირო მაღაზიებში. ვიზუალური მერჩენდაიზინგის მთავარი ფუნქციაა, მიმზიდველი და სასიამოვნო პროცესი გახადოს ტანსაცმლისა და აქსესუარების შერჩევა მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ყველა მაღაზია არ იცავს მერჩენდაიზინგის წესებს და ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი, მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში, როცა პროდუქცია არათუ მიმზიდველად განლაგებული გვხვდება, არამედ საკვები და ქიმიის პროდუქტები ერთად იყიდება ან სულაც გვერდიგვერდ თაროებზეა განლაგებული, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ასევე მიზანშეწონილი არ არის თევზეულისა და ხორცპროდუქტების ერთად განთავსება. როგორც "ნიკორას" წარმომადგენლები გვირჩევენ, თუ მცირე ფორმატის მარკეტებში ამ კატეგორიის პროდუქტები გვერდიგვერდ მოხვდა, მაშინ უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ტიხრები, რაც თევზეულს გამოყოფს სხვა სახეობის პროდუქტებისგან.

მერჩენდაიზინგში პროდუქციის განთავსების უამრავი ნიუანსი არსებობს, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის თვისობრივად ერთი კატეგორიის პროდუქციის თანმიმდევრულად განლაგება. ამას გარდა, არსებობს თაროს კლასიფიკაციის ცნება და შესაბამისად, განთავსების ადგილი განსაზღვრავს პროდუქციის გაყიდვების ოდენობას.

როგორც "ნიკორას" წარმომადგენელი ამბობს, ქსელის სუპერმარკეტებში დადგენილია პროდუქციის განლაგების ერთიანი სტანდარტი, რაც მოიაზრებს თითოეული კატეგორიის პროდუქციისთვის შესაბამის განთავსების წესებს. "აღნიშნული სტანდარტი მოიცავს სასაქონლო კატეგორიების განთავსების ფოტომასალას, რაც სამუშაოს მნიშვნელოვნად აიოლებს და გვაძლევს შესაძლებლობას, სავაჭრო ობიექტების ინტერიერი ერთ საერთო სტანდარტში მოვაქციოთ.

სასურველია თანაპროდუქტების გვერდიგვერდ განთავსება. მაგალითად: ყველი - ძეხვი; სოუსი - მაკარონი - ბურღულეული; ზეთები და ბურღულეული; ძეხვი - კეტჩუპი - სოუსი, ლუდი, სნეკი, ჩიპსი; სარეცხი ფხვნილი და წყლის დამარბილებელი და სხვა", - აცხადებს "ნიკორას" წარმომადგენელი.

დაბოლოს, საუკეთესო მერჩენდაიზინგი სასარგებლო, მაგრამ უხილავი უნდა იყოს.