არასოდეს შეინახოთ პომიდორი მაცივარში, სანამ ამ სტატიას არ წაიკითხავთ!
პომიდორი თავის საოცარ გემოს დელიკატური არომატული ნაერთების წყალობით ინარჩუნებს. ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, რომ მისი მაცივარში შენახვა არ ღირს, რათა გემო არ გაუფუჭდეს. მართლა ასეა თუ არა, გამოცემა Simply Recipes-მა ბოსტნეულის ექსპერტებსა და შეფ-მზარეულებს ჰკითხა.
რატომ არ უნდა შევინახოთ პომიდორი მაცივარში?

- „ზოგადად, პომიდვრის მაცივარში შენახვას არავის ვურჩევ დაბალი ტემპერატურა ანგრევს უჯრედულ სტრუქტურას და აზიანებს კედლებს. შედეგად, პომიდორი კარგავს გემოს, ხდება რბილი, ფქვილისებრი და ჭამის პროცესიც სიამოვნებას აღარ გვანიჭებს“, - ამბობს მარკეტის მფლობელი ჯოშ ალსბერგი.
- შეფ-მზარეული მარი ვინსონი გვირჩევს, პომიდორს უფრო ხილად მოვექცეთ, ვიდრე ბოსტნეულად. „სიცივე ახშობს იმ ნაზ არომატულ ნაერთებს, რომლებიც პომიდორს გემოს აძლევს. ცივი პომიდორი შეიძლება იდეალურად მწიფე გამოიყურებოდეს, მაგრამ პირში უგემური და წყალწყალა აღმოჩნდეს“.
- „მთლიანი პომიდვრის 10°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვა აზიანებს უჯრედულ მემბრანებს და აჩერებს მომწიფების პროცესს. ის მყარი და წვნიანიდან მარცვლოვან, ფქვილისებრ და ფაფისებრ მასად იქცევა“, - განმარტავს შეფ-მზარეული დანუშკა ლისეკი.
როდის არის მაცივარი გამოსავალი?

რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია, იყიდოთ იმდენი პომიდორი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ. თუმცა, კულინარიული ჟურნალისტი დევან გრიმსრუდი გვირჩევს, ზოგჯერ გამონაკლისი დავუშვათ:
„თუ ბაზრიდან ან ბაღიდან დიდი რაოდენობით პომიდორი მოიტანეთ, ან სამზარეულოში ძალიან ცხელა, მაცივარი მათ შენახვაში დაგეხმარებათ. მით უმეტეს, თუ ისინი უკვე მწიფე ან გადამწიფებულია და ფიზიკურად ვერ მოასწრებთ ერთიანად ჭამას“.
მართალია, მაცივარი შენახვისთვის იდეალური ადგილი არ არის, მაგრამ მაინც სჯობს, მწიფე პომიდორი მაცივარში შეინახოთ, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე უბრალოდ გაფუჭდეს. ხანმოკლე დროით სიცივე მათ გემოს ვერაფერს დააკლებს.

მთავარი წესი: სანამ პომიდორს მიირთმევთ (მაგალითად, უმად ჭამთ ან სალათში ამატებთ), აუცილებლად გამოიღეთ მაცივრიდან და აცადეთ, რომ ოთახის ტემპერატურას დაუბრუნდეს (თუკი მათ თერმული დამუშავებას - მოთუშვას ან შეწვას - არ აპირებთ). ყველაზე გემრიელი პომიდორი, ისევე როგორც ყველი, სწორედ ოთახის ტემპერატურისაა.