ნამდვილი ვიტამინების ბომბი თქვენს თეფშზე - მარწყვისა და პომიდვრის გასპაჩოს რეცეპტი ნატა გაგუასგან - Gemrielia.ge

ნამდვილი ვიტამინების ბომბი თქვენს თეფშზე - მარწყვისა და პომიდვრის გასპაჩოს რეცეპტი ნატა გაგუასგან

ცნობილი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში ზაფხულის სეზონის გამორჩეულ, ფუნქციურ კერძს: მარწყვი-პომიდვრის გასპაჩოს აზიარებს. რეცეპტი არა მხოლოდ გემოთი, არამედ მომზადების ტექნოლოგიითაც გამორჩეულია, რაც მას ნამდვილ „ანტიოქსიდანტურ მატრიცად“ აქცევს.

ნატა გაგუას თქმით, კერძის მთავარი საიდუმლო ინგრედიენტების სტრუქტურის შენარჩუნებასა და სწორ ბლენდირებაშია.

ინგრედიენტები

  • მწიფე პომიდორი: 500 გ
  • მწიფე მარწყვი: 250 გ
  • კიტრი: 150 გ (გაფცქვნილი, თესლების გარეშე)
  • წითელი ბულგარული წიწაკა: 80 გ
  • წითელი ხახვი: 30 გ
  • ნიორი: 1 მცირე კბილი (აუცილებლად ამოღებული გულით, რათა არ მოხდეს გემოს გადატვირთვა)
  • ზეითუნის ზეთი: 3 ს/კ
  • ლაიმის წვენი: 1–1.5 ს/კ
  • ზღვის ან ვარდისფერი ჰიმალაის მარილი: გემოვნებით
  • ცივი წყალი: 50–100 მლ

ნუტრიციოლოგი კატეგორიულად არ გვირჩევს ბალზამიკოს გამოყენებას, რათა არ დაირღვეს კერძის მჟავა-მინიმალისტური პროფილი და ვიზუალი.

მომზადების წესი:

  1. დაჭრილ პომიდორს, მარწყვსა და კიტრს მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10-15 წუთი. ეს პროცესი ბუნებრივად გამოიყოფს წვენებს.
  2. ნატა გაგუა ხაზს უსმევს, რომ ხანგრძლივი ბლენდირება ზრდის ტემპერატურას და შლის არომატულ ნაერთებს. გამოიყენეთ მხოლოდ პულსური რეჟიმი. ზეითუნის ზეთი დაამატეთ ნელა, თხელი ნაკადით, მოკლე იმპულსების ფონზე - ეს უზრუნველყოფს სტაბილურ და გლუვ ემულსიას.
  3. მზა კერძი აუცილებლად დააყოვნეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი არომატების სრული სინერგიისთვის.

თეფშზე დასხმის შემდეგ, ზედაპირზე დაამატეთ მწვანე რეჰანის ან პიტნის ზეთის 3-4 წვეთი, ხოლო ცენტრში - ოდნავ მოხალული გოგრის თესლები ან მიკრომწვანილი.

როგორც ნუტრიციოლოგი აღნიშნავს, კერძში ხრაშუნა ტექსტურის არსებობა რთავს ღეჭვის მექანიზმს, რაც აჩქარებს ნაყროვანების სიგნალს ტვინში და ეხმიანება ჰარა ჰაჩი ბუს ფილოსოფიას - დანაყრდეთ გაცნობიერებულად.

ამ მეთოდით დამუშავებული პროდუქტი ინარჩუნებს მაქსიმალურ C ვიტამინს, ხოლო ზეითუნის ზეთში არსებული მონოუჯერი ცხიმები აუმჯობესებს ვიტამინების ათვისებას და დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ანთებით პასუხზე.