რატომ იმატებთ წონაში, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ძალიან ცოტას ჭამთ? - ნუტრიციოლოგის განმარტება
ცნობილი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში საღამოს კვებასთან დაკავშირებულ მცდარ წარმოდგენებს ეხმაურება და განმარტავს, თუ რატომ ვერ ვახერხებთ დღის ბოლოს მადის კონტროლს.
ნატა გაგუას თქმით, არ არსებობს ვახშამი, რომელიც საღამოს მომატებულ მადას ერთ ღამეში დაამშვიდებს, თუ დღის პირველი ნახევარი ნუტრიციულად ქაოსური იყო. მისი განმარტებით, სხეული ერთიანი სისტემაა, ხოლო საღამოს საკვებისკენ ლტოლვა ხშირად იმ მითების ლოგიკური ბიოლოგიური შედეგია, რომლებიც „სწორ კვებაზე" თავადვე შევქმენით.
ნატა გაგუა 3 მთავარ შეცდომას გამოყოფს, რომელსაც საღამოობით ყველაზე ხშირად ვუშვებთ:

- მითი 1: „ვახშმად მხოლოდ ვაშლი ან ჭიქა მაწონი საკმარისია"
ნუტრიციოლოგი ამას „მეტაბოლურ მახეს" უწოდებს. მისი თქმით, ასეთი კვებით შიმშილის გრძნობას მხოლოდ დროებით მიაძინებთ. ორგანიზმი აძლიერებს ნეიროენდოკრინულ სიგნალებს, იზრდება გრელინის დონე და ფიქრი საჭმელზე უფრო ინტენსიური ხდება. „ნებისყოფა აქ მხოლოდ ნაწილია - პროცესის უკან ძლიერი ბიოლოგიური მექანიზმები მუშაობს“, - წერს გაგუა.
- მითი 2: ხილის ასორტი ან თაფლიანი ჩაი ძილის წინ
საღამოს საათებში დიდი რაოდენობით მარტივი ნახშირწყლების მიღება სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ მერყეობას იწვევს. გლუკოზის დონის სწრაფმა ვარდნამ შეიძლება მალევე გამოიწვიოს შიმშილის გაძლიერება და დამატებითი საკვების მიღების სურვილი.
- მითი 3: მთელი დღის შიმშილის საღამოს ანაზღაურება
როცა დღე ქაოსურია, ვახშამი მთავარ რიტუალად გარდაიქმნება. ნატა გაგუა აფრთხილებს მკითხველს, რომ მძიმე და უხვმა ვახშამმა შესაძლოა გააუარესოს ძილის ხარისხი და გავლენა მოახდინოს ჰორმონალურ პროფილზე, მათ შორის ზრდის ჰორმონის ღამის სეკრეციაზე, რომელიც ლიპოლიზის (ცხიმების დაშლის) პროცესში მონაწილეობს.
გარდა ამისა, ნუტრიციოლოგი აღნიშნავს, რომ ეკრანის წინ ჭამის ჩვევა ხელს უშლის ტვინს, სრულფასოვნად აღიქვას დანაყრების სიგნალები.
რას უნდა შეიცავდეს სწორი ვახშამი?

საღამოს ჩვენს სხეულს სიმკაცრე კი არა, სტაბილურობა სჭირდება. ნატა გაგუას რეკომენდაციით, თეფშის შიგთავსი უნდა შედგებოდეს:
- სრულფასოვანი ცილისგან (თევზი, ფრინველი, კვერცხი ან ტოფუ) - რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს.
- ფერადი ბოსტნეულისგან - ბოჭკოს მნიშვნელოვანი წყარო.
- ჯანსაღი ცხიმებისგან (მცირე დოზით) - დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნებისთვის.
„სწორი ვახშამი ჯადოსნური ჯოხი არ არის - ეს სხეულთან დადებული ზავია. ხანგრძლივი, დამღლელი დღის ბოლოს თქვენი ორგანიზმი სიმშვიდეს იმსახურებს და არა საკუთარ ინსტინქტებთან მორიგ ბრძოლას. ხშირად პრობლემა ვახშამი კი არა - ის დღეა, რომელმაც ამ ვახშმამდე მიგვიყვანა“, - განმარტავს ნატა გაგუა.