"ეს ვარდის მურაბა არა მხოლოდ გემრიელი ტკბილეულია, არამედ ქართული ტრადიციისა და ბავშვობის ტკბილი მოგონებების გამაერთიანებელია" - გურამ ბაღდოშვილი
ცნობილი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში (Chveni • ჩვენი - ის ფეისბუქ გვერდზე) ვარდის მურაბის მომზადების უნიკალურ მეთოდს გვიზიარებს. მისი თქმით, ეს მურაბა არა მხოლოდ გემრიელი ტკბილეულია, არამედ ქართული ტრადიციისა და ბავშვობის ტკბილი მოგონებების გამაერთიანებელია:
"როცა ვარდი მხოლოდ ყვავილი აღარ არის და დილის ჩაის ყველაზე ტკბილ თანამგზავრად იქცევა… ვარდის მურაბა, რომელიც ინახავს ქართული ტრადიციის გემოს, ზაფხულის სურნელსა და ხელით შექმნილ სითბოს თითოეულ კოვზში", - წერს შეფ-მზარეული.
ინგრედიენტები:
- ვარდის ფურცლები - 5 კგ
- შაქარი - 10 კგ
- წყალი - 10 ლიტრი
- ლიმონის ცედრა - 3 ცალი ლიმონისგან
- დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით 10 ლიტრი წყალი, დაამატეთ 10 კილოგრამი შაქარი, ლიმონის ცედრა და ერთი დარიჩინის ჩხირი.
- სიროფი დადგით ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
- ვარდის ფურცლებს შემოაცალეთ ქვედა ნაწილი (ე.წ. "კანები").
- როდესაც სიროფი მზად იქნება, დაამატეთ მას გასუფთავებული ვარდის ფურცლები. ყველაფერი კარგად აურიეთ და ადუღეთ, სანამ ვარდის ფურცლები არ დარბილდება და არ გაჯერდება სიროფით.
- მურაბა მზად არის, როცა ის სასურველ კონსისტენციას მიიღებს.