ქინძი - გემრიელი და სასარგებლო - Gemrielia.ge

ქინძი - გემრიელი და სასარგებლო

 

ქართული სამზარეულო ქინძის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია! გემრიელთან ერთად კი ეს სურნელოვანი მცენარე ძალიან სასარგებლოც გახლავთ.

ქინძს უმთავრესად საკაზმ-სანელებლად იყენებენ კულინარიაში, საკონდიტრო, საკონსერვო  წარმოებაში. ფართო გამოყენება აქვს პარფიუმერიაში ქინძის ეთერზეთებს. ქინძის მომწიფებული ნაყოფი საოცრად გემრიელი და არომატულია. ის მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა ძირითადი კომპონენტები ლინალოოლი (60-80%) და ტერპენებია. ნაყოფი შეიცავს აგრეთვე ცხიმებსა და ცილებს. მცენარის ღეროსა და ფოთლებში შემავალი ეთერზეთები უმთავრესად ალდეჰიდებისგან შედგება. ქინძის ეთერზეთებს ნაღველმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური (მიკრობების მომსპობი), მადის მომგვრელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას (გამომყოფ ფუნქციას).

ქინძის პრეპარატებს იყენებენ როგორც საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ და ნაღველმდენ საშუალებებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების, აგრეთვე მეტეორიზმის დროს. როგორც ამოსახველებელი საშუალებები, ეფექტიანია ფილტვისა და, საზოგადოდ, სასუნთქი სისტემის დაავადებების დროსაც. ქინძის ნაყენი როგორც გარეგანი საშუალება ფართოდ გამოიყენება ჭრილობათა მოსაშუშებლად და შესახორცებლად. ქინძს, როგორც არომატიზატორს (არომატისა და გემოს გასაუმჯობესებელ დანამატს), იყენებენ სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში. ქინძი შედის სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში. ინდურ მედიცინაში მას საპატიო ადგილი უკავია როგორც შარდმდენ, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო და მასტიმულირებელ საშუალებას. ძველ რომსა და საბერძნეთში ქინძით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან და ანთებით პათოლოგიებს მკურნალობდნენ. ხალხურ მედიცინაში ის ჭიების საწინააღმდეგო საშუალებადაც გამოიყენება. ქინძის დაშაქრული ნაყოფი კარგია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ჩასახშობად. ახალი ხორცი ზაფხულში უკეთ შეინახება, თუ ქინძის დანაყილი თესლით გაჯერებული ძმრით დანამავთ.


mkurnali.ge