ხურმა - შემოდგომის ნუგბარი - Gemrielia.ge

ხურმა - შემოდგომის ნუგბარი



იაპონიაში ამბობენ, ხურმა რომ მწიფდება, ექიმები უმუშევრად რჩებიანო. ამ შესანიშნავ ხილს ძველი ბერძნებიც აფასებდნენ.

განსაკუთრებით სასარგებლოა ეს ხილი მათთვის, ვისაც სტრესული და დაძაბული ცხოვრების რიტმი აქვს. ის აუმჯობესებს მადას, ამაღლებს განწყობას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას.
ხურმა სასარგებლოა მხედველობისთვის, გულ-სისხლძაღვთა სისტემისთვის, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ორგანიზმიდან გამოდევნის ნატრიუმის მარილებს და ეწინააღმდეგება კენჭების გაჩენას.

დიდი რაოდენობით მიკროელემენტების შემცველობის გამო, ხურმის ფოთლების ჩაი ანემიის დროს რეკომენდებულია.

ხურმას მსუბუქი შარდმდენი ეფექტი აქვს. ამის გამო, მას ხშირად მიირთმევენ ჰიპერტონიის დროს. დღეში 3-4 ხურმა წამლების გარეშე მოგიგვარებთ წნევასთან დაკავშირებულ პრობლემას.

ახალი ხურმის ყიდვისას, დააკვირდით მის კანს - რაც უფრო მეტი შავი ხაზები აქვს, მით უფრო გემრიელია, ნაკლებ ტანინს შეიცავს და არც პირს შაბავს. თუ არ გაგიმართლათ და ნაყიდი ხურმა ენას სუსხავს, ნუ გადაყრით - უბრალოდ დაალაგეთ 7-10 დღე. ხურმა დამწიფდება და დატკბება. არსებობს მეორე, უფრო სწრაფი მეთოდიც - შედეთ ხურმა 1 ღამით საყინულეში. გალღვობის შემდეგ სიმწკლარტე გაქრება, თუმცა ხურმა დარბილდება და ტექსტურას შეიცვლის.

უგემრიელესია ხურმის ჩირიც, ამასთან ერთად მასში შენარჩუნებულია სასარგებლო თვისებები.
ჩირის მოსამზადებლად არჩევენ მაგარ, დაუმწიფებელ ნაყოფს, რომელსაც თლიან და მზეზე აშრობენ.
კარგი ჩირი თეთრად უნდა იყოს დაფიფქული, ეს შრობისას გამოყოფილი შაქარია. თუმცა ზოგჯერ გამყიდველები იტყუებიან და ჩირს სახამებელს, ფქვილს ან პუდრას აყრიან. ამის შემოწმება ხელის დასმითაც შეიძლება - თეთრი ფენა არ უნდა მოშორდეს. თავად ჩირი უნდა იყოს დრეკადი, რეზინის მსგავსი, რბილი.

ხურმის მიღება სასურველი არ არის შაქრიანი დიაბეტის დროს, რადგან შაქრის მაღალი შემცველობა აქვს. ხურმა ამძაფრებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსაც.