„ყველაფრის გასინჯვა შეიძლება, დიდი ულუფებით - არა“- ენდოკრინოლოგი ქართულ სუფრაზე წონის შენარჩუნების რეკომენდაციებზე საუბრობს
ენდოკრინოლოგ ეკა კუხიანიძესთან ინტერვიუში ვისაუბრეთ, რომელი ქართული კერძებია უფრო დაბალანსებული, რომელი მოითხოვს მეტ ზომიერებას, რა როლი აქვს ნიგოზს. რატომ არ არის ცხიმოვანი ღვიძლი უბრალოდ „ცხიმიანი საკვების ბრალი“, რამდენი ხინკალი შეიძლება იყოს გონივრული ულუფა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, ვჭამთ თუ არა ხაჭაპურს საღამოს 10 საათზე.
და მთავარი კითხვა - შეგვიძლია თუ არა ქართული სუფრა ისე შევინარჩუნოთ, რომ არც საყვარელ კერძებზე მოგვიწიოს უარის თქმა და არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ?
ქალბატონო ეკა, ქართული სამზარეულო მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა. რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ქართული სამზარეულო ზოგადად „მძიმეა“?
- მე არ ვიტყოდი, რომ ქართული სამზარეულო თავისთავად „მძიმეა“. პირიქით, ძალიან მრავალფეროვანია და მარტივად შეგვიძლია შევარჩიოთ ჯანსაღი კერძები: ბოსტნეული, მწვანილი, ლობიო და სხვა პარკოსნები, ნიგოზი, მაწონი, ყველი, ხორცი. პრობლემა უფრო ხშირად ის არის, როგორ ვაწყობთ სუფრას და რა რაოდენობას ვიღებთ.მაგალითად, ლობიო, ფხალი, ჩაქაფული ან ბოსტნეულითა და მწვანილით მომზადებული კერძები სრულიად ჯდება დაბალანსებულ კვებაში.
ქართული სუფრა „მძიმე“ ხდება მაშინ, როდესაც ერთ კვებაზე ერთმანეთს ემატება რამდენიმე მაღალკალორიული კერძი - ხაჭაპური, პური, ხინკალი, ცხიმიანი ხორცი, ნიგვზიანი კერძები, ნამცხვარი და ტკბილი ან ალკოჰოლური სასმელი.
ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების კალორიულობა, არამედ ცხიმების რაოდენობა, ბოჭკოს შემცველობა, ცილის ხარისხი, მარილი და დამატებული შაქარი. თანამედროვე რეკომენდაციებიც სწორედ მრავალფეროვნებას, ბოსტნეულს, პარკოსნებს, თხილეულს და ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას.
რამდენად სწორია პროდუქტების „ჯანმრთელად“ და „არაჯანმრთელად“ დაყოფა?
- ასეთი შავ-თეთრი დაყოფა კვებაში ხშირად შეცდომაში შეგვიყვანს. ერთი ხაჭაპური ადამიანს არც „აჯანსაღებს“ და არც „აუარესებს ჯანმრთელობას“ - ისევე, როგორც ერთი სალათა ვერ დააბალანსებს მთლიანად არა ბალანსირებულ რაციონს.
მნიშვნელოვანი კითხვაა: რა რაოდენობით ვჭამ? რამდენად ხშირად? რას ვაყოლებ? და როგორ არის კერძი მომზადებული? ხაჭაპური, ხინკალი, საცივი და ელარჯიც შეიძლება იყოს ჯანსაღი კვების ნაწილი, თუ მათ ზომიერი ულუფით და შესაბამისი სიხშირით მივირთმევთ. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც მაღალკალორიული კერძები ყოველდღიური კვების საფუძველი ხდება და ანაცვლებს ბოსტნეულს, ხილს, ცხოველურ ცილას და სხვა ნაკლებად დამუშავებულ საკვებს.
ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც სწორედ ბალანსი და ზომიერებაა და არა პროდუქტების სრული აკრძალვა. წაიკითხეთ ვრცლად