"ნიუ-იორკ თაიმსის" ლეგენდარული ქლიავის ნამცხვარი - 40 წელზე მეტია, რაც ნიუ-იორკელები ამ რეცეპტზე გიჟდებიან
ბევრი ნიუ-იორკელისთვის შემოდგომა გოგრის ან ალუბლის ნამცხვართან კი არა, სწორედ ქლიავის ღვეზელთან ასოცირდება. ყველაფერი კი 1983 წელს დაიწყო, როდესაც კულინარიულმა მიმომხილველმა, მარიან ბუროსმა (Marian Burros) The New York Times-ში ამ ნამცხვრის რეცეპტი გამოაქვეყნა. ტექსტი მყისიერად გახდა კულტურული ფენომენი და გაზეთში ყოველ სექტემბერს იბეჭდებოდა. 1989 წელს რედაქციამ გადაწყვიტა, რეცეპტი უკანასკნელად დაებეჭდა, თუმცა მკითხველის პროტესტმა ყველაფერი შეცვალა - ხალხს საყვარელი რეცეპტის დაკარგვა არ სურდა. ასე დაიბადა ტრადიცია, რომელიც უკვე 43 წელია გრძელდება.
მას შემდეგ ნამცხვრის მრავალი ვარიაცია შეიქმნა, თუმცა დღეს გთავაზობთ კლასიკურ, 1983 წლის ორიგინალ ინსტრუქციას. დარწმუნებულნი ვართ, ის თითოეულ თქვენგანს ისევე აღაფრთოვანებს, როგორც ყოველწლიურად ნიუ-იორკელებს აღაფრთოვანებს ხოლმე. მჟავე ქლიავისა და ტკბილი, ნაზი ცომის შერწყმაზე უკეთესს ხომ ვერაფერს მოიფიქრებთ!
The New York Times-ის ლეგენდარული ნამცხვარი

- მომზადების დრო: 1 საათი და 15 წუთი
- პორციების რაოდენობა: 8 პორცია
ინგრედიენტები:
- შაქარი: 1 ჭიქა (ცომისთვის) + ცოტა ზემოდან მოსაყრელად (გემოვნებით)
- კარაქი: 1/2 ჭიქა (დარბილებული)
- ფქვილი: 1 ჭიქა
- ცომის გამაფხვიერებელი: 1 ჩაის კოვზი
- კვერცხი: 2 ცალიმარილი: 1 მწიკვი
- ახალი შავი ქლიავი: 12 ცალი
- დარიჩინი: გემოვნებით
- ლიმონის წვენი: გემოვნებით
მომზადების წესი:

1. ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 180 გრადუსზე. პარალელურად შეუდექით ცომის მომზადებას: ჯამში ერთად ათქვიფეთ შაქარი და დარბილებული კარაქი. დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, კვერცხი და კარგად აურიეთ. ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს.

2. გადაიტანეთ ცომი 20-25 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში. გაჭერით ქლიავი შუაზე და გამოაცალეთ კურკები. ქლიავის ნახევრები ცომის ზედაპირზე ისე დაალაგეთ, რომ კანი ზემოთ იყოს მოქცეული. მოაყარეთ შაქარი გემოვნებით, მოასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი და, სურვილისამებრ, დაამატეთ ცოტა დარიჩინი.

3. აცხვეთ ნამცხვარი ღუმელში 1 საათის განმავლობაში. გამოღების შემდეგ კარგად გააგრილეთ. სუფრასთან მიტანა შეგიძლიათ ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად, ასევე შეგიძლიათ ზემოდან შაქრის პუდრი მოაყაროთ.