ბრი ვან დე კამპის ლეგენდარული ლიმონის ნამცხვარი - რეცეპტი სერიალიდან „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ - Gemrielia.ge

ბრი ვან დე კამპის ლეგენდარული ლიმონის ნამცხვარი - რეცეპტი სერიალიდან „სასოწარკვეთილი დიასახლისები“

ნაზი ლიმონის შიგთავსი, ხრაშუნა ფხვიერი ძირი და ჰაეროვანი მერენგა - ეს ნამცხვარი საოცრად გამოიყურება და კიდევ უფრო გემრიელია.

თუ ტკბილისა და ციტრუსის მსუბუქი მჟავიანობის კომბინაცია გიყვართ, ეს ლიმონის ნამცხვარი მერენგით თქვენი ფავორიტი გახდება. მისი საიდუმლო კონტრასტშია: ფხვიერი ცომი, კრემისებრი ლიმონის შიგთავსი და ნაზი მერენგა, რომელიც გამოცხობის შემდეგ ოქროსფერ ქერქს იკეთებს.

ინგრედიენტები:

ცომისათვის (ძირი):

  • ფქვილი — 250 გ
  • შაქარი — 1 სუფრის კოვზი
  • მარილი — ¼ ჩაის კოვზი
  • ცივი კარაქი — 150 გ
  • ყინულივით ცივი წყალი — 6 სუფრის კოვზი

ლიმონის შიგთავსისათვის:

  • შაქარი — 300 გ
  • სიმინდის სახამებელი — 60 გ
  • ცივი წყალი — 360 მლ
  • კვერცხის გული — 3 ცალი
  • ახლად დაწურული ლიმონის წვენი — 120 მლ
  • ლიმონის ცედრა (გახეხილი კანი) — 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი — 30 გ

მერენგისათვის:

  • კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის) — 3 ცალი
  • ლიმონის წვენი — ½ ჩაის კოვზი
  • შაქარი — 100 გ

მომზადების წესი:

1. ძირის მომზადება:

  1. ჯამში აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. დაამატეთ ცივი კარაქი და თითებით ან ჩანგლით დასრისეთ ფხვიერი მასის (ფხვნილის) მიღებამდე.
  2. დაასხით ყინულივით ცივი წყალი და ცომი სწრაფად შეკარით გუნდად.
  3. შეახვიეთ საკვებ ფირში და შედგით მაცივარში 1 საათით.
  4. გაციებული ცომი გააბრტყელეთ, ჩაფინეთ საცხობ ფორმაში და გაუკეთეთ გვერდები.
  5. დააფარეთ საცხობი ქაღალდი (პერგამენტი) და ზემოდან დაადეთ სიმძიმე (მაგალითად, ცერცვი ან ლობიო).
  6. გამოაცხვეთ 200 °C-ზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაშორეთ სიმძიმე და ქაღალდი, და კიდევ 10 წუთი აცხეთ.

2. ლიმონის შიგთავსის მომზადება:

  1. ქვაბში აურიეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და ცივი წყალი.
  2. დადგით ცეცხლზე, ურიეთ უწყვეტად, სანამ არ გასქელდება. ადუღების შემდეგ ადუღეთ კიდევ 1–2 წუთი.
  3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულები. ნელ-ნელა, უწყვეტი მორევის პარალელურად, ჩაასხით მათში ცხელი სახამებლიანი მასის 2 სუფრის კოვზი (რომ კვერცხი არ აიჭრას).
  4. ეს მასა ისევ დააბრუნეთ ქვაბში, აურიეთ და კვლავ დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ხარშეთ კიდევ 2–3 წუთი.
  5. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კარაქი, ლიმონის წვენი და ცედრა. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. მერენგის მომზადება და აწყობა:

  1. ჯამში შეურიეთ კვერცხის ცილა და შაქარი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ უწყვეტად, სანამ შაქარი სრულად არ დადნება.
  2. გადმოდგით ორთქლიდან, დაიწყეთ ათქვეფა. როცა მასა ოდნავ გამყარდება, დაამატეთ ლიმონის წვენი და განაგრძეთ მაღალი სიჩქარით ათქვეფა მყარი, პრიალა ღრუბლისებრი მასის მიღებამდე.
  3. გამომცხვარ, ცხელ ძირზე დაასხით ცხელი ლიმონის შიგთავსი.
  4. ზემოდან გადაანაწილეთ მერენგა ისე, რომ ნამცხვრის ნაპირები სრულად დაფაროს.
  5. გამოაცხვეთ 175 °C-ზე 10–12 წუთის განმავლობაში, სანამ მერენგა ზემოდან ოდნავ არ ოქროსფერდება.

გამომცხვარი ლიმონის ნამცხვარი ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ, შემდეგ კი მთელი ღამით შედგით მაცივარში. მეორე დღეს შიგთავსი იდეალურად სქელი და ნაზი ხდება, მერენგა - ჰაეროვანი, ფხვიერი ცომი კი ამ ლიმონის „ღრუბლისებრ“ მასას საოცრად იჭერს.