როგორ გავაქროთ მაცივრიდან უსიამოვნო სუნი? - მარტივი და ეფექტური მეთოდი
მაცივრიდან წამოსული უსიამოვნო სუნი ნამდვილი დისკომფორტია, თუმცა მის მოსაშორებლად ძვირადღირებული, ქიმიური არომატიზატორების ყიდვა სულაც არ არის საჭირო. გამოსავალი, შესაძლოა, უკვე თქვენი სამზარეულოს კარადაში იდოს.
საუბარია დაფქულ ყავაზე - ბუნებრივ საშუალებაზე, რომელიც უსიამოვნო სუნს მხოლოდ კი არ ნიღბავს, არამედ რეალურად შთანთქავს მას.
რატომ მოქმედებს ყავა?

დაფქულ ყავას აქვს ფოროვანი სტრუქტურა. ამის წყალობით ის ღრუბელივით მოქმედებს: იწოვს ჰაერში არსებულ იმ მოლეკულებს, რომლებიც ცუდ სუნს წარმოქმნიან, და სანაცვლოდ სასიამოვნო, მსუბუქ არომატს ტოვებს.
როგორ გამოვიყენოთ დაფქული ყავა?
- ჩაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი ახლად დაფქული ყავა პატარა ჯამში ან თეფშზე.
- დადეთ იგი მაცივრის ერთ-ერთ თაროზე.
- დატოვეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით. თუ სუნი ძლიერია, შეგიძლიათ უფრო დიდხანსაც გაჩეროთ.
- როდის შევცვალოთ? როგორც კი ყავა დაინესტება (ნესტს აიღებს) ან სურნელს დაკარგავს, შეცვალეთ ახალი პორციით.
გამოდგება თუ არა ყავის ნალექი?

დიახ, შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე მოხარშული ყავის ნალექიც, თუმცა მთავარი პირობაა, რომ იგი იყოს სრულიად მშრალი. ნესტიანი ნალექი მაცივარში ობის გაჩენას შეუწყობს ხელს.
ეფექტური ლაიფჰაკი ყავის ნალექით:
- აურიეთ 2 სუფრის კოვზი მშრალი ნალექი და 2 სუფრის კოვზი საჭმლის მარილი.
- ნარევი შეახვიეთ ალუმინის ფოლგაში და ჩანგლით გაუკეთეთ რამდენიმე წვრილი ხვრელი.
- მარილი შეიწოვს მაცივარში არსებულ ზედმეტ ტენიანობას, ხოლო ყავა – უსიამოვნო სუნს.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
ყავა მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. თუ სუნის გამომწვევ მიზეზს არ აღმოფხვრით, ის ხელახლა გამოჩნდება. სანამ ყავას შედგამთ, აუცილებლად შეამოწმეთ:
- ხომ არ არის მაცივარში ვადაგასული ან გაფუჭებული ბოსტნეული, ხილი, ყველი და ხორცპროდუქტები;
- ხომ არ დევს საჭმელი ღია, დაუხურავ ჭურჭელში;
- ხომ არ არის რამე დაღვრილი თაროებზე ან მაცივრის უკანა კედელთან.
ალტერნატივა: რა ვქნათ, თუ ყავის სუნი არ გვიყვარს?

თუ არ გსურთ, რომ მაცივარს ყავის სუნი ასდიოდეს, გამოიყენეთ საჭმლის სოდა. სოდა კლასიკური ნეიტრალიზატორია - ის სრულიად უსუნოა, თუმცა იდეალურად იწოვს ყველა სხვა უსიამოვნო სუნს.