„ნებისყოფა არაფერ შუაშია!“ - რატომ ვერ ვწყვეტთ ჭამას მაშინაც კი, როცა აღარ გვსიამოვნებს? - Gemrielia.ge

„ნებისყოფა არაფერ შუაშია!“ - რატომ ვერ ვწყვეტთ ჭამას მაშინაც კი, როცა აღარ გვსიამოვნებს?

ნებისყოფის ნაკლებობა თუ ტვინის რთული მექანიზმი? ცნობილი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა განმარტავს, თუ რატომ გვიჭირს ხშირად ჭამის შეწყვეტა მაშინაც კი, როდესაც საკვები იმ სიამოვნებას აღარ გვანიჭებს, რასაც ველოდით.

„ნებისყოფა არ მყოფნის“ და „ვიცი, რომ აღარ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც მინდა“ - ეს ის ფრაზებია, რომლებიც კვების სპეციალისტებთან თუ ნუტრიციოლოგებთან კონსულტაციაზე ყველაზე ხშირად ისმის. ადამიანების უმეტესობა საკუთარ თავს სუსტ ხასიათსა და უნებისყოფობაში ადანაშაულებს, თუმცა რეალური მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა და ჩვენი ტვინის ნეირობიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება.

როგორ მუშაობს დოფამინი, რა განსხვავებაა ძლიერ სურვილსა და რეალურ სიამოვნებას შორის და რატომ ვაღებთ საღამოობით მაცივარს მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად არ გვშია?

აღნიშნულ თემაზე ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტვინის ამ საინტერესო მექანიზმებს განმარტავს:

„ვიცი, რომ აღარ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც მინდა“.

„ნებისყოფა არ მყოფნის.“

ეს ორი ფრაზა ჩემს კაბინეტში ხშირად მესმის. ამ გამოცდილების ახსნის ერთ-ერთი გასაღები ტვინის იმ მექანიზმების გაგებაშია, რომლებიც სურვილსა და სიამოვნებას უკავშირდება.

დოფამინს ხშირად „სიამოვნების ნივთიერებას“ უწოდებენ. სინამდვილეში, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოტივაციასა და ჯილდოსკენ სწრაფვაში. დოფამინის მოქმედება მოკლედ ასე ჟღერს: „მიდი, აიღე!“

ძლიერი სურვილი ძლიერ სიამოვნებას არ ნიშნავს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა კენტ ბერიჯმა (Kent Charles Berridge) ეს განსხვავება ექსპერიმენტულად შეისწავლა და გამიჯნა:

  1. Wanting — მოტივაციური ლტოლვა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
  2. Liking — სიამოვნება, რომელსაც თავად გამოცდილებისგან ვიღებთ.

ამ პროცესებში ტვინის ნაწილობრივ განსხვავებული ნერვული მექანიზმები მონაწილეობს.

დავუბრუნდეთ ყოველდღიურობას.

საღამოს მაცივარს აღებთ. შეიძლება ფიზიკურად გშიათ, შეიძლება დაღლილობა, უძილობა ან ჩვევა გიბიძგებთ, რაღაც შეჭამოთ. იღებთ საკვებს, ჭამთ, მაგრამ ის იმ სიამოვნებას აღარ გაძლევთ, რასაც ელოდით, შეწყვეტა კი მაინც არ გინდათ.

ეს თავისთავად არც დამოკიდებულებას ნიშნავს და არც იმას, რომ ადამიანს ნებისყოფა არ ჰყოფნის.

როცა პაციენტი მეუბნება, რომ „ნებისყოფა არ ჰყოფნის“, ჯერ მის ყოველდღიურ რეჟიმს ვაანალიზებ: რას ჭამს დღისით? როდის გრძნობს ლტოლვას? რა ხდება ჭამის წინ?

მარტივი ცდა სცადეთ:

შემდეგ ჯერზე, ჭამისას, პირველ და მესამე ლუკმაზე ცალ-ცალკე შეაფასეთ 0-დან 10-მდე:

  1. რამდენად მსიამოვნებს?
  2. რამდენად მინდა?

შეიძლება ქულები დაემთხვეს, შეიძლება არა. დაკვირვება უბრალოდ დაგეხმარებათ, სურვილი და სიამოვნება ერთმანეთისგან განასხვაოთ", - წერს ნატა გაგუა.