საიდუმლო, რომელმაც პედიატრია შეცვალა - რატომ ურჩევდა გერმანელი ექიმი ჩვილებს სტაფილოს წვნიანს? - Gemrielia.ge

საიდუმლო, რომელმაც პედიატრია შეცვალა - რატომ ურჩევდა გერმანელი ექიმი ჩვილებს სტაფილოს წვნიანს?

ცნობილი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში საინტერესო სამედიცინო ისტორიას გვიზიარებს და გერმანელი პედიატრის, ერნსტ მოროს მიერ 1908 აღმოჩენილ სტაფილოს წვნიანზე, მის მოქმედების მექანიზმსა და თანამედროვე მედიცინის მიდგომებზე წერს.

"სტაფილოს წვნიანი, რომელმაც პედიატრიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

იცოდით, რომ 1908 წელს გერმანელმა პედიატრმა ერნსტ მორომ ბავშვებში დიარეის სამკურნალოდ სტაფილოს წვნიანის გამოყენება აღწერა?

ეს ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ძველმა სამედიცინო დაკვირვებამ თანამედროვე მედიცინის ყურადღება მიიპყროს.

ernest-moro-1793007112.jpg

ერნსტ მორო (Ernst Moro) გერმანელი პედიატრი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პედიატრიის განვითარებაში. იმ დროს ბავშვთა დიარეა, განსაკუთრებით ჩვილებში, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენდა. მორო სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობდა.

რატომ დაინტერესდა მეცნიერება ამ წვნიანით?

stafilos-wvniani2-1793007093.jpg

სტაფილოს ხანგრძლივი ხარშვისას პექტინის სტრუქტურა იცვლება და წარმოიქმნება მისი დაშლის პროდუქტები, მათ შორის მჟავე ოლიგოსაქარიდები (pAOS).

ლაბორატორიულ კვლევებში ამ ნაერთებმა აჩვენა E. coli-ს ზოგიერთი შტამის ნაწლავის ეპითელიუმზე მიმაგრების შეფერხების პოტენციალი.

წვნიანის მოქმედების მექანიზმი მეცნიერულად საინტერესოა, თუმცა მოროს სტაფილოს წვნიანი დიარეის თანამედროვე სტანდარტულ მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს.

მოროს სტაფილოს წვნიანის რეცეპტი

stafilos-wvniani-1793007018.jpg

ინგრედიენტები:

  • 500 გ სტაფილო
  • 1 ლ წყალი
  • 3 გ მარილი

მომზადების წესი:

  1. სტაფილო გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  2. დაასხით 1 ლ წყალი და დაბალ ცეცხლზე 60–90 წუთის განმავლობაში ხარშეთ, სანამ სტაფილო ძალიან კარგად არ დარბილდება.
  3. მოხარშული სტაფილო ნახარშთან ერთად დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. დაამატეთ ანადუღარი წყალი, რათა წვნიანის საბოლოო მოცულობა დაახლოებით 1 ლიტრი იყოს.
  5. დაამატეთ მარილი და კარგად აურიეთ.
  6. მიიღებთ ერთგვაროვანი კონსისტენციის წვნიანს.

ბავშვებში მწვავე დიარეის დროს მთავარი ამოცანაა დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების შევსება. ამ მიზნით ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი (ORS) გამოიყენება.

მოროს სტაფილოს წვნიანი ORS-ს ვერ ჩაანაცვლებს. ის ასევე ცილით ღარიბია და სრულფასოვან კვებას ვერ შეცვლის.

ბავშვებში დიარეის დროს მნიშვნელოვანია გაუწყლოების დროული ამოცნობა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიღება", - წერს ნატა გაგუა.