უნდა გავრეცხოთ თუ არა ქათამი მომზადებამდე? - ის, რაც ბევრმა დიასახლისმა არ იცის
ბევრი დიასახლისი თუ მზარეული მომზადებამდე ქათმის ხორცს დღემდე რეცხავს. თუმცა, როგორც შეფ-მზარეულმა ხოსე კასტილიომ გამოცემა El Español-თან საუბრისას აღნიშნა, ამან, პირიქით, შესაძლოა დაბინძურების რისკი გაზარდოს.
შეფ-მზარეულმა გააფრთხილა მკითხველები, რომ წყალი უმ ქათამზე არსებულ ბაქტერიებს არ ანადგურებს. მეტიც, ის ხელს უწყობს მათ გავრცელებას ნიჟარაზე, სამზარეულოს მაგიდასა და ჭურჭელზე.
„ამას აზრი არ აქვს, უბრალოდ ბაქტერიებს აფრქვევთ ირგვლივ და სუფთა ჭურჭელს აბინძურებთ“, - აღნიშნავს ის.
ავტორების თქმით, ეს რეკომენდაცია ჯანდაცვის უწყებების მითითებებსაც ემთხვევა. მაგალითად, კატალონიის სურსათის უვნებლობის სააგენტო უმი ქათმის ხორცის გარეცხვას არ გირჩევთ, რადგან წყლის წვეთებმა შესაძლოა ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა კამპილობაქტერი (Campylobacter), სხვა პროდუქტებზე, ზედაპირებსა და ჭურჭელზე გაავრცელოს. ამასთანავე, ხელებსა და ტანსაცმელზეც.
ამ პროცესს ჯვარედინ დაბინძურებას უწოდებენ. ის მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც ბაქტერიები იმ პროდუქტებში ხვდება, რომლებსაც უმი სახით მივირთმევთ (მაგალითად, სალათაში) ან იმ ჭურჭელში, რომელიც მომავალში მსგავსი კერძების მოსამზადებლად გამოიყენება.
ძირითადი ჰიგიენური წესები ქათმის მომზადებისას:
- უმი ქათამი სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით შეინახეთ. მნიშვნელოვანია, რომ მისი წვენი არ მოხვდეს იმ ინგრედიენტებზე, რომლებსაც უმი სახით მიირთმევთ;
- გამოიყენეთ სუფთა სამზარეულოს დაფები და ინვენტარი. სანამ უმ ქათამთან ნამუშევარ ნივთებს მზა პროდუქტებისთვის გამოიყენებთ, ისინი საგულდაგულოდ გარეცხეთ;
- უმ ქათამთან ან მის შეფუთვასთან შეხების შემდეგ ხელები საპნით დაიბანეთ;
- გაასუფთავეთ ზედაპირები. მაგიდა, ნიჟარა და ის ჭურჭელი, რომელსაც ხორცი შეეხო, საფუძვლიანად უნდა გარეცხოთ.
სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქათამი ჭამამდე კარგად მოიხარშოს ან შეიწვას. მაღალი ტემპერატურა ანადგურებს ყველანაირ ბაქტერიას, რომელიც შესაძლოა პროდუქტში იყოს. თუმცა, ხორცი კარგად უნდა გაცხელდეს არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ შიგნითაც.