როგორ გამოვიყენოთ ფოლგა სწორად საჭმლის მომზადების დროს
რჩევები ფოლგის გამოყენებისთვის:
• ფოლგაში მომზადებული საქონლის ხორცი უფრო გემრიელი გამოვა, თუ წინასწარ რაიმე მარინადში ჩადებთ.
• ფოლგას ძალიან მჭიდროდ ნუ შემოახვევთ ხორცის ნაჭრებს, თორემ შესაძლოა ცუდად შეიწვას.
• ფოლგაში შეწვის წინ ბოსტნეულს მარილს ნუ მოაყრით, უმჯობესია უკვე შემწვარს მოაყაროთ.
• თევზი კი პირიქით, უშუალოდ შეწვის წინ დაამარილეთ, უმჯობესია მსხვილი მარილით.
• კარგ ღუმელში, რომელიც სწორად იჭერს მითითებულ ტემპერატურას, ფოლგაში გახვეული 1 კგ თევზი 20-30 წუთში მზადდება, 1 კგ ქათამი 40 წუთში, ხორცი კი 60-70 წუთში. ფოლგაში გახვეულ 1 კგ კარტოფილს შესაწვავად 20 წუთი სჭირდება.
• ძველი პურის "გასაცოცხლებლად" ფოლგა გამოგადგებათ - მოასხურეთ პურს წყალი, გაახვიეთ ფოლგაში და რამდენიმე წუთით შედგით ღუმელში.
• ფოლგით შეგიძლიათ დაფაროთ ბისკვიტების და ნამცხვრების ზედაპირი, რათა ზემოდან ზედმეტად არ მოიბრაწოს.
• ბევრი დიასახლისი მზა პროდუქტებს ფოლგაში გახვეულს ინახავს. ამგვარად ისინი დიდხანს ინარჩუნებენ თავდაპირველ გემოს.
• თუ ჩაის, ყავას, სუნელებს ფოლგაში გახვეულს შეინახავთ, ისინი დიდხანს შეინარჩუნებენ არომატს.