რისგან დაგვიცავს შეფუთული ხორცპროდუქტი? - Gemrielia.ge

რისგან დაგვიცავს შეფუთული ხორცპროდუქტი?


ზოგჯერ ეს პროდუქტები ძველი და ვადაგასულიცაა, რაც შესაძლოა, ვიზუალურად არ ჩანდეს, მაგრამ საბოლოოდ, მომხმარებელი არაკეთილსინდისიერი გამყიდველისაგან მოტყუებული და დაზარალებული რჩება. სპეციალურად დაყენებული სასწორების მეშვეობით წონის რეგულირება ხომ წლების განმავლობაში აღმოუფხვრელი პრობლემაა. ზოგან იმასაც კი კადრულობენ, რომ ძველ პროდუქტს ახლად დათარიღებულ ეტიკეტს აკრავენ.

არასწორ ტემპერატურაზე შეუფუთავი და შეუსაბამო პირობებში დადებული ხორცი თუ სხვა ხორცპროდუქტები - სოსისები, სარდელები, ძეხვები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ახალიც იყოს, გარემოში არსებული ბაქტერიებისა და ჭუჭყისაგან აბსოლუტურად დაუცველია. ეს პროდუქტები საწარმოდან ჩვენს სახლებში მოხვედრამდე დიდ გზას გადის და არაერთი დაბინძურებული ხელი ეხება, რაც, თავისთავად, გარდაუვალია. უკვე დახლზე მოხვედრილი პროდუქტის სისუფთავის უზრუნველყოფა კი ისევ და ისევ გამყიდველის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული - იყენებს თუ არა ის სუფთა ხელთათმანს, ასუფთავებს თუ არა მაცივარს, ამას რა ქიმიური საშუალებებით აკეთებს და ა.შ.

მართალია, ქართველი მომხმარებელი წლების განმავლობაში მიჩვეულია ხორცპროდუქტების ასაწონი სახით შეძენას, მაგრამ ალბათ არასდროს დაფიქრებულა იმ შესაძლო მინუსებზე, რაც მას შეფუთულთან შედარებით გააჩნია. მსოფლიოს წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა შეფუთული პროდუქციის უპირატესობა დიდი ხანია გააცნობიერეს და უფრო ცივილურ მეთოდზე გადავიდნენ. მათ ასაწონი პროდუქტი წარმოებიდან საერთოდ ამოიღეს. უცხოურ ბაზარზე ასეთ პროდუქტს, ოჯახური, ძალიან მცირე მასშტაბის წარმოების გარდა თითქმის ვერ მოვიძიებთ. დაფასოებულ პროდუქტზე თვითონ მომხმარებლის მხრიდანაა დიდი მოთხოვნა და ზოგან სალათებიც კი ამგვარი სახით გვხვდება.

GEMRIELIA
საქართველოში რძის პროდუქტები, თევზეული, ქათამი, ყველის არაერთი სახეობა უკვე შეფუთული სახითაა ბაზარზე წარმოდგენილი. ალბათ, სოსის-სარდელის კატეგორიაშიც, ასაწონ პროდუქციაზე უფრო მოსახერხებელი შეფუთული იქნებოდა, თუნდაც იმის გამო, რომ გამყიდველთან რიგში დგომა არ მოგვიწევდა და სასურველი რაოდენობის პროდუქტი ჩვენს კალათში რამდენიმე წამში მოხვდებოდა.

შევეცადეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია, თუ რა უპირატესობები გააჩნია მომხმარებლამდე მიტანილ პროდუქციას, როცა ის შესაბამისი პირობების დაცვით, სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული.
დაცული ატმოსფერული შეფუთვის დროს, პროდუქტის შენახვისთვის არსებული ატმოსფერო უზრუნველყოფს მისი საგემოვნო თვისებების, არომატისა და ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებას.

პროდუქტი არ საჭიროებს კონსერვანტების დამატებას, რადგან შეფუთვაში არსებული სპეციალური ატმოსფერო თავად უწყობს ხელს მის უსაფრთხოდ შენახვას, იცავს მიკრობებისგან, რომელიც ყველგანაა - დახლზე, თაროზე, მაცივრებში და ა.შ. დაცული ატმოსფერული შეფუთვით დაფასოებული პროდუქტი შემადგენლობას, ვიტამინებს, თავის სითხეს ინარჩუნებს, რომელშიც სასარგებლო ნივთიერებებია და გამოშრობისგან იცავს.

სხვათა შორის, ასე შეფუთული პროდუქტი პიკნიკზე ან აგარაკზე წასაღებადაც მოსახერხებელია, რადგან მათზე ფიზიკური ზემოქმედება ნაკლებია და არ დაისრისება.

სასურველი იქნებოდა, დროთა განმავლობაში, ქართულ ბაზარზეც დამკვიდრდეს პროდუქტის დაცული ატმოსფერული შეფუთვა, რადგან მომხმარებელი დარწმუნებული იქნება იმაში, რომ წარმოებიდან დახლამდე მისული პროდუქცია გარე ზემოქმედებებისაგან დაცულია. ამგვარმა შეფუთვამ, შესაძლოა, ფასის ოდნავი მომატება გამოიწვიოს, მაგრამ როგორც გავარკვიე, ეს დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული და მომხმარებელს სულ რამდენიმე თეთრით მეტის გადახდა მოუწევს, სამაგიეროდ, პროდუქტი დაცულია და წონაში მოტყუების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. მწარმოებელი კი, დამატებითი ხარჯის მიუხედავად, წაგებული მაინც არ დარჩება, რადგან მის პროდუქციას ამით სანდოობა მოემატება.

ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რამდენად ახალი და უსაფრთხოა ხორცპროდუქტები. დაფასოებულს გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა ზედვე აწერია (მაგალითად, სოსისის და სარდელის შემთხვევაში, არაუმეტეს ორი კვირის უნდა იყოს), ასაწონის ყიდვისას კი (მათი ვარგისიანობა სულ რამდენიმე დღეა), იმ მენეჯერებისა და მომსახურე პერსონალის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებული, სადაც მას შევიძენთ.

GEMRIELIA
რაც შეეხება შენახვის ტემპერატურას, ის მაქსიმუმ +6 გრადუსი უნდა იყოს. ბაზრებში, ძალიან ბევრ მარკეტში (სადაც ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ხშირად იყენებენ მაცივრის გათიშვის პრაქტიკას), ტემპერატურას არავინ აკონტროლებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცული ატმოსფერული გარემოთი შეფუთული პროდუქტი გახსნილ მდგომარეობაში ორ-სამ დღეზე მეტ ხანს არ გაძლებს.

დაცული ატმოსფერული შეფუთვისას გამოიყენება რამდენიმეშრიანი შესაფუთი მასალა. მაგალითად, სამი შრე პროდუქტს იცავს მექანიკური დაზიანებისაგან, გარემოში არსებული მავნე ქიმიური კომპონენტებისგან, გამონაბოლქვისაგან, ულტრაიისფერი სხივებისა და სინათლის შეღწევადობისგან. შეფუთული პროდუქტი სხვა პროდუქტის სუნსა და გემოს არ იღებს. მოკლედ, იმედია ქართველი მწარმოებლები და მომხმარებლები ამ საკითხით დაინტერესდებიან, მომხმარებლის ინტერესებს გაითვალისწინებენ და თვითონაც მოგებულები დარჩებიან.

თამთა დადეშელი
ჟურნალი "გემრიელი"
(ნოემბრის ნომერი)