ყველის ფესტივალი ჟურნალ "გემრიელთან" ერთად - Gemrielia.ge

ყველის ფესტივალი ჟურნალ "გემრიელთან" ერთად

ყველის ფესტივალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით მოეწყო.


იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ გახსნეს.

წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის ყველი, მათ შორის: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველი და სხვა. ასევე უძველესი რეცეპტების მიხედვით აღდგენილი ორი სახეობის ახალი ყველი - აჭარული "შუშველა" და ციკნის ფაშვში დავარგებული მესხური ყველი.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული ბრენდირებული ყველის ანალოგები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსიც, სადაც 8 კატეგორიაში 12 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.


გემრიელი პროდუქციის მომხმარებლებელი უყურადღებოდ არ დატოვა ჟურნალმა "გემრიელმა". გამოცემის მიერ საგანგებოდ მოწვეული შეფ-მზარეული, ლუკა ნაჭყებია ფესტივალის სტუმრებს გლინტვეინითა და საგანგებოდ მომზადებული კანაპეთი გაუმასპინძლდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ჯანჯაფილით შეზავევბული ყველი ფეტა, პროშუტო და დაკონსერვებული გარგარი მისსავე ჯემთან ერთად.

შეფ-მზარეულმა ტკბილი და მლაშე გემოების საინტერესო შეხამება შესთავაზა სტუმრებს. ისინი ჟურნალ "გემრიელის" ნომრებით დასაჩუქრდნენ. დამთვალიერებლებს გამომცემლობა "პალიტრა L "-ის მიერ გამოცემული კულინარიული წიგნების შეძენის შესაძლებლობაც მიეცათ.

დასაგემოვნებელი ნაწარმის გარდა, ყველის ფესტივალზე რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო აპარატურის გამოფენაც მოეწყო. მათ შორის იყო ლაქტოსკანი და საწველი აპარატი.