როგორ შევიძინოთ სახლისთვის პროდუქტების მარაგი მარტივად, სწრაფად, ხარისხიანად და ზედმეტი ხარჯის გარეშე - Gemrielia.ge

როგორ შევიძინოთ სახლისთვის პროდუქტების მარაგი მარტივად, სწრაფად, ხარისხიანად და ზედმეტი ხარჯის გარეშე



ფინანსების ეკონომია. წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით პროდუქტების შეძენისას, თქვენ აიცილებთ თავიდან სპონტანურ, ზედმეტ, უსარგებლო, ხშირად კი ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვების შეძენას;

დროის ეკონომია. თუ თქვენ წინასწარ უკვე შედგენილი გაქვთ მთელი კვირის მენიუ, სიაში შეიტანთ სწორედ იმ პროდუქტებს, რაც მთელი კვირის მანძილზე დაგჭირდებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეიძენთ ყველა პროდუქტს მაღაზიაში ერთ გასვლაზე და აღარ მოგიწევთ სხვა დროს სირბილი (თუ არ ჩავთვლით დაუგეგმავ სიტუაციებს).

ხარჯების ზუსტი განსაზღვრა. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ წინასწარ იცით იმ პროდუქტების ფასები, რომლებიც კვირის მანძილზე დაგჭირდებათ, მაღაზიაში წაიღებთ წინასწარ განსაზღვრულ თანხას და არაფერ ზედმეტს.

ბავშვების აღზრდა. შეადგინეთ ბავშვებთან ერთად საყიდელი პროდუქტების სია - ეს შესანიშნავი მეთოდია ასწავლოთ მათ დაგეგმვა და ფულის სწორად ხარჯვა. ბავშვებთან ერთად საყიდლებზე წასვლისას, თქვენ შეგიძლიათ მათ დააჭერინოთ სია, რათა თავად გიკარნახონ პროდუქტების დასახელებები. ეს დაგეხმარებათ, სწრაფად შეიძინოთ საჭირო პროდუქტები, ბავშვები კი გაართოთ.

ამასთან, ისინი ისწავლიან მაღაზიაში ორიენტირებას. ბავშვებთან ერთად საყიდლებზე სიარული ერთგვარ თამაშადაც შეგიძლიათ აქციოთ - "ვინ უფრო სწრაფად იპოვის საჭირო პროდუქტს".
მას შემდეგ, რაც მენიუ შედგენილი გაქვთ, ცალკე ამოწერეთ ის პროდუქტები, რომლებიც ამა თუ იმ წინასწარ დაგეგმილ რეცეპტში გხვდებათ.

შემდეგ დაათვალიერეთ სამზარეულო, ხომ არ გაქვთ მათგან რომელიმე სახლში. ხოლო, პროდუქტები, რომლებიც არ გაქვთ, შეიტანეთ საყიდლების სიაში.

თუ უწინ ამას არ აკეთებდით, მაშინ დაიწყეთ დღეიდან - შეინახეთ ჩეკები, შემდეგში, პროდუქტების სიის შედგენისას. იქვე მიუთითეთ მათი ფასები. დაითვალეთ მიღებული თანხა და მაღაზიაში სწორედ იმდენი (ან ყოველი შემთხვევისთვის, ცოტათი მეტი) თანხა წაიღეთ.

ნუ გამოიყენებთ პროდუქტების შეძენისას საკრედიტო ბარათს. ამ დროს თქვენ ვერ აკონტროლებთ დანახარჯს. საკრედიტო ბარათით ძნელია წინასწარ განსაზღვროთ ხარჯები.

ეცადეთ, შეიძინოთ შეფუთული პროდუქტები. ასე თავიდან აიცილებთ გამყიდველისგან წონის მოტყუების მცდელობას. ამას გარდა, შეფუთული პროდუქტები (განსაკუთრებით, მზა ხორცპროდუქტები: სოსისები, ძეხვეული) ასაწონთან შედარებით ინარჩუნებს გემოს, ხარისხსა და არომატს, დაცულია გამოშრობისა და მიკრობებისგან, რომელიც ყველგანაა - დახლზე, თაროზე, მაცივრებში და ა.შ.

გამოშვების და ვარგისიანობის ვადა ზედვე აწერია, თანაც, გადასაადგილებლადაც ადვილია, ფიზიკური ზემოქმედება ნაკლებია და არ დაისრისება.

დაბოლოს, საფულეში თვალსაჩინო ადგილას იქონიეთ ჩანაწერი მითითებებით:

"ნუ შეიძენ ზედმეტს!"
"გადადე ფული შენი ოცნებისთვის!"
"დაიცავი ზომა, თორემ ინანებ!"
"უპირატესობა მიანიჭეთ შეფუთულ პროდუქციას"

ჟურნალი "და ქალი"
(ნოემბრის ნომერი)