რა პროდუქტები შეგვიძლია ვიყიდოთ ახალ წლამდე წინასწარ
მიუხედავად ეპიდსიტუაციისა, ახალი წელი მოდის და მას შესაბამისი დახვედრაც უნდა. ყველა ისე ემზადება, როგორც შეუძლია. რადგან არ ვიცით, არსებულ შეზღუდვებს კიდევ დაემატება თუ არა რამე, ცხადია, აჯობებს, ახალი წლისთვის აუცილებელი პროდუქტები უკვე შევიძინოთ. გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებიც წინასწარ შეგიძლიათ შეიძინოთ და მოიმარაგოთ.
პირველ რიგში, დაგეგმეთ საახალწლო სუფრის მენიუ. მოიფიქრეთ რის გაკეთებას გეგმავთ და შესაბამისად რა ინგრედიენტები დაგჭირდებათ. შემდეგ გაანაწილეთ პროდუქტები შენახვის ვადის მიხედვით. არამალფუჭებადი პროდუქტები შეგიძლიათ მთელი თვით ადრეც იყიდოთ. ასევე წინასწარ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც გაყინვას კარგად იტანს და საყინულეში შეინახავთ. გთავაზობთ მიახლოებით სიას, თუ რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ წინასწარ, საახალწლო სამზადისის გასაიოლებლად. ბუნებრივია , ყველაფერი ეტაპობრივად და არა ახლავე ერთბაშად.
თაფლი და ნიგოზი გოზინაყისთვის. ორივე მათგანი მშვენივრად ინახებება, ამიტომ მათი წინასწარ მომარაგება სრულიად გონივრულია.
თუ ნამცხვრების გამოცხობას თავად აპირებთ, კარგი იქნება წინასწარ მოიმარაგოთ ყველა საჭირო ინგრედიენტი: ფქვილი, შაქარი, კარაქი, შესქელებული რძე, კაკაო, ნაღები...
სანელებლები - წინასაახალწლოდ სანელებლების სექციებთან ყოველთვის დიდი რიგია. შეიძინეთ წინასწარ დარიჩინი, ჯანჯაფილი, ცუკატები, ვანილი, უცხო სუნელი და ხმელი ქინძი, აფრანა და წიწაკა...
ქათამი, თევზი, ზღვის პროდუქტი, ხორცი შეგიძლიათ ადრევე შეიძინოთ და საყინულეში შეინახოთ.
სასმელი - ალკოჰოლურიც და უალკოჰოლოც, ღვინო, კონიაკი, ვისკი, შამპანური, წვენი, ლიმონათი - ყველაფერი რის დალევასაც აპირებთ.
შოკოლადი და კანფეტები - შეიძინეთ წინასწარ და სახლის ყველაზე გრილ კუნჭულში გადაინახეთ.
მწნილი, მურაბა, კონსერვირებული ბოსტნეული, მაიონეზი - თუ კი მათ გამოყენებას გეგმავთ.
ბოლო კვირისთვის შეგიძლიათ გადადოთ ხილისა და ბოსტნეულის შეძენა. გამოყენებამდე კი გრილ ადგილას შეინახეთ.
თქვენ როდის იწყებთ საახალწლო სამზადისს?