ეძიე და მოყევი ღვინოს
საქართველოში ღვინის კულტურა და ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან კი 500 ქართულია.
თუმცა, საქართველოში ცოტამ თუ იცის, რა გრძელ გზას გადის ღვინო ჭიქაში დასხმამდე, რა თვისებები უნდა გამოვყოთ ღვინის შეფასებისას, რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დაგემოვნების დროს, როგორ უნდა შევუხამოთ ღვინოს კერძი ...
ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ფილმები, რომელიც ღვინის ნებისმიერ მოყვარულს დაეხმარება, მეტი ინფორმაცია მიიღოს ვაზზე, მეღვინეობაზე, ღვინისა და კერძის შეხამებაზე, გახდეს ღვინის პროფესიონალი დამგემოვნებელი და მეტად ისიამოვნოს ღვინის დალევისგან.
ცხრა შემეცნებითი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კომპანია "თელიანი ველის" ინიციატივით შეიქმნა.
სწორად გაცნობიერებული, მომთხოვნი და მკაცრი მომხმარებელი, რომელიც მუდმივად ძიებაშია და ღვინოში თავისი გემოსა და არომატის აღმოჩენას ცდილობს, ღვინის მთავარი შემფასებელია.
ზუსტად ასეთი მომხმარებელი ცდილობს, "წაახალისოს" მეღვინე - აწარმოოს ხარისხიანი ღვინო.
"პროექტის ძირითადი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი ფილმი, რომელიც მომხმარებელს საჭირო და საინეტერესო ინფორმაციას მიაწვდიდა ღვინის შესახებ . პროდუქტის შეფასება უფრო სწორი კრიტერიუმებით ხდება, როცა მომხმარებლის ცოდნა იზრდება.
ასეთ დროს კომპანია უფრო მეტად არის მოტივირებული შექმნას ისეთი ახალი და საინტერესო პროდუქტი, რომელიც მცოდნე მომხმარებელს გააოცებს და აღაფრთოვანებს. ეს ზრდის საღ კონკურენციას პროდუქტის ხარისხის ხარჯზე, რაც საბოლოოდ ქმნის საერთაშორისო ბრენდს - "ქართულ ღვინოს", - აღნიშნავს კომპანია "თელიანი ველის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნუცა ავალიშვილი.
"თელიანი ველის" პროექტში პროფესიონალი მეღვინეები და ენოლოგები მონაწილეობდნენ, მათ შორის მეღვინეები - ლევან მეხუზლა და ანა გოდაბრელიძე, "ღვინის კლუბის პრეზიდენტი" მალხაზ ხარბედია, რომელთა რჩევები და რეკომენდაციები დაგეხმარებათ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ღვინის შესახებ.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მეღვინე ანა გოდაბრელიძე მიიჩნევს, რომ პროექტის ფარგლებში გადაღებული ცხრავე ფილმი სასიამოვნო მოსასმენია და პასუხს სცემს გარკვეულ კითხვებს.
"მიმაჩნია, რომ ეს ვიდეოები გარკვეულწილად დახმარებას გაუწევს მსმენელს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ჯიშებს.
საერთოდ მოყვარული განსაზღვრავს საკუთარი ქვეყნის ღვინის ხარისხს. როგორც ამბობენ, თუ მომხმარებელი ყიდულობს ამა თუ იმ ღვინოს, ესე იგი მეწარმეს ეყიდება ეს ღვინო და განაგრძობს წარმოებას. თუ არ ყიდულობს, ეს ნიშნავს იმას, რომ გონიერი მეწარმე ფიქრობს ხარისხის გაუმჯობესებას.
აქედან გამომდინარე, თუ მომხმარებელი უფრო მეტად იქნება გაცნობიერებული ღვინის დაგემოვნებაში, სავარაუდოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყნის ღვინის ხარისხზეც იმოქმედებს", - გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას საქართველოში ერთ-ერთი მეღვინე ქალი ანა გოდაბრელიძე.
სპეცისლისტთა განცხადებით, ღვინის შერჩევა არომატიდან იწყება. ღვინის არომატებს აქროლადი ნივთიერებები წარმოქმნის. მათივე თქმით, არსებობს 500-ზე მეტი არომატული სუბსტანცია, შესაბამისად ღვინოს საკმაოდ ბევრი არომატი ახასიათებს, მათ შორის ხილის, ყვავილების, ღვინის, მუსკატის, სანელებლების, მუხის, მცენარეული.
იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ ღვინის არომატი, სპეციალისტები მარტივი მეთოდიკის გამოყენებას გირჩევენ. თავდაპირველად საჭიროა ახალგახსნილი ღვინის ბოთლის სახურავს დასუნოთ და შეიგრძენოთ არომატი, ამის შემდეგ დაასხით ღვინო ჭიქაში და შორიდან გახედეთ მის ფერს. ფრანგები, როგორც ღვინის ერთ-ერთი გამოჩენილი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ კარგი არომატი ვერ ექნება ღვინოს, რომლის ფერიც არ მოგეწონებათ.
ყოველივე ამის შემდეგ კი ღრმად შეისუნთქეთ ჭიქაში დასხმული ღვინო და შეეცადეთ გაარკვიოთ, რას გაგონებთ - ხილს, ყვავილებს თუ სანელებლებს.
როგორც წესი, ღვინოს ეტიკეტის მიხედვით არჩევენ, რომელსაც მომხმარებლამდე კონკრეტული ღვინის შესახებ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მიაქვს.
არა მხოლოდ გემოს, არამედ ზოგადად ღვინის შეფასებაში დაგეხმარებათ ღვინის დეგუსტაცია. Degustary ლათინური სიტყვაა და "გემოს" ნიშნავს.
მეღვინე ანა გოდაბრელიძის თქმით, ღვინის დაგემოვნებისას მნიშვნელოვანია ღვინის ტემპერატურა, რადგან სხვადასხვა ღვინო სხვადასხვა ტემპერატურაზე უნდა დავაგემოვნოთ.
"დაგემოვნების დროს ვაფასებთ ღვინის მჟავიანობას, მის ალკოჰოლს, ტანინს, მის ჰარმონიულობას, ერთიანობას, ასევე დაგემოვნების შემდეგ რამდენად რჩება ღვინო, რამდენად გამოხატულია მისი გემოვნური თვისებები, ეს ყველაფერი ერთიანობაში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სრულფასოვნად შევაფასოთ ესა თუ ის ღვინო", - ამბობს ანა გოდაბრელიძე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე ღვინის კერძთან სწორად შეხამება. არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც აუცილებელია კონკრეტული კერძისა და ღვინის შეხამებისას.
მეღვინე ლევან მეხუზლას თქმით, ასეთ დროს უნდა ვეცადოთ, რომ ღვინომ არ დაჩაგროს საკვები და პირიქით, საკვებმა არ დაჩაგროს ღვინო.
"შედარებით მსუბუქ ხორცთან და თევზთან უნდა მივირთვათ შედარებით მსუბუქი, ანუ თეთრი ღვინო. ხოლო შედარებით მძიმე ხორცთან, როგორიც არის ღორის, თუნდაც საქონლის ხორცი, უნდა მივირთვათ შედარებით სხეულიანი ღვინო, ეს არის წითელი ტანინებით მდიდარი ღვინო.
რაც შეეხება მწარე საკვებას, ამ დროს სასურველია ტკბილის ღვინის მირთმევა, რათა მან გაანეიტრალოს ეს გემო. ერთ-ერთი კანონი არის ეთი და იმავე გემოს შეხამება. მაგალითად, მჟავე საკვებთან იგივე ინტენსივობის მჟავიანობის ღვინის მირთმევა, ტკბილთან და დესერტთან კი ტკბილი ღვინის მირთმევა", - ამბობს ლევან მეხუზლა.
"თელიანი ველის" პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმები ასევე უნიკალურ საშუალებას გაძლევთ შეიტყოთ, რა ტემპერატურაზე და როგორი ფორმის ჭიქით უნდა დააგემოვნოთ ღვინო, რა არომატები ახასიათებთ თეთრ და წითელ ღვინოს, რა წესები უნდა დაიცვათ ღვინის დაგემოვნების წინ, რომელ კერძთან რომელი ღვინო უნდა მიირთვათ.
თუ აკა მორჩილაძეს დავესესხებით, "ღვინო რომ არ იყოს, საქართველო არ იქნებოდა. თუკი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. ღვინოს კალიფორნიაშიც იწურება, მაგრამ იქ იმას არ ნიშნავს, რასაც აქ.
ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება..." ამიტომაც კარგ ღვინოს კარგი დამგემოვნებელი სჭირდება, ქართველებს კი ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ვიყოთ არა მარტო კარგი მსმელები, არამედ კარგი დამგემოვნებლებიც.
ფილმი იხილეთ
https://www.youtube.com/watch?v=ZH-7WcWmXog&list=PLrlgInYQ-_Vz-Cw_7B8VIzXW3WQnjCf0i&index=2
ამ ფილმების საფუძველზე შეიქმნა თამაში , თამაშის სანახავად მიყევით ბმულს
R