რა საფრთხეებს შეიცავს სწრაფი კვება - Gemrielia.ge

რა საფრთხეებს შეიცავს სწრაფი კვება


უპირველეს ყოვლისა, ის მაღალკალორიულია, ასეთი საკვების მუდმივი მიღება კი სიმსუქნეს იწვევს. ჯანმრთელობისთვის მავნე კიდევ ერთი ფაქტორია ტრანსცხიმები, რომლებსაც ფასტფუდის მომზადებისას იყენებენ. ეს ცხიმები იწვევს სიმსუქნეს, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემის და ონკოლოგიურ დაავადებებს. ფასტფუდი უხვად შეიცავს კონსერვანტებს, საკვებ დანამატებს, არომატიზატორებს. ცხადია, ამ ყველაფერს ორგანიზმისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. გარდა ამისა, ასეთ საკვებში ბევრია მარილი და შაქარი, რაც ასევე მავნებელია, განსაკუთრებით - ქრონიკული დაავადების არსებობისას. დადგენილია, რომ ფასტფუდის რეგულარული მოხმარება იწვევს მასში შემავალ ტრანსცხიმებზე, საკვებ დანამატებზე, არომატიზატორებზე დამოკიდებულებას. საეჭვოა ასეთი საკვების ხარისხიც. არასათანადო სანიტარიულ პირობებში მომზადებულმა ფასტფუდმა შესაძლოა მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომ, თუ ნებისყოფა არ გყოფნით და ამ მავნე საკვებზე უარს ვერ ამბობთ, ცნობილი ბრენდების ნაწარმი მაინც მიირთვით. კიდევ ერთი: ფასტფუდი მოუცლელთა საკვებია, რომლებიც ხშირად გზადაგზა წაიხემსებენ ხოლმე. ასეთ დროს ადამიანი სათანადოდ არ ღეჭავს ლუკმას, ეს კი დამატებითი პირობაა კუჭ-ნაწლავის დაავადების განვითარებისთვის.

რატომ არის ფასტფუდი პოპულარული, თუ ყველამ იცის მისი მავნებლობის შესახებ?
სწრაფი კვება ნა­კარნახევია თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპით. სრულფასოვანი საუზმისთვის, სადილისა და ვახშმისთვის ადამიანი უბრალოდ ვეღარ იცლის. პოპულარობის მეორე მიზეზია გემო, რაც საკვები დანამატებისა და არომატიზატორების დამსახურებაა. ფასტფუდის პოპულარობას კარგი მარკეტინგიც ზრდის. მარკეტოლოგები შესანიშნავად იცნობენ ადამიანის სისუსტეებს და წარმატებით მანიპულირებენ მისით. მაგალითად, სწრაფი კვების ობიექტებს წარმოაჩენენ გასართობ ცენტრებად მრავალრიცხოვანი საჩუქრებითა და საინტერესო კონკურსებით.

შაურმა

შაურმაც ფასტფუდია, რო­მლის მოსამზადებლად საჭიროა მაქსიმუმ 10 წუთი. ის მართლაც ძალიან გემრიელია, მაგრამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის აშლილობით, ინფექციური დაავადებით და სხვა "სიკეთეებით" დაგვასაჩუქროს. ერთი ულუფა შაურმა საშუალოდ 120 გ ცხიმს შეიცავს, ადამიანისთვის კი დღიური ნორმა 70-80 გრამია. მისი რეგულარული ჭამა, გარდა იმისა, რომ ასუქებს, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკსაც ზრდის.

მრავალ ქვეყანაში ფასტფუდის მოხმარებით გამოწვეული სიმსუქნე ნაციონალურ საფრთხედ არის მიჩნეული. მის მავნებლობაზე ბევრი იწერება, გამუდმებით გვაფრთხილებენ სპეციალისტები, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, თუ ადამიანი თავად არ იტყვის უარს ფასტფუდზე და ჯანსაღ კვებას არ დაუბრუნდება.