როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ
როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ


ნუ იჩქარებთ
დღესასწაულებზე მომატებული რამდენიმე კილოგრამის მოცილებას ყველა რატომღაც სასწაულმოქმედი დიეტის დახმარებით ცდილობს. დიეტის დაწყებისას გაიხსენეთ, ჭარბი კილოგრამები მხოლოდ ტვირთი როდია - რამდენიმე დღის განმავლობაში მწირი კვებისას ორგანიზმი ანელებს ნივთიერებათა ცვლას და დიეტის დასრულების შემდეგ მყისიერად მოიმატებთ დაკარგულ კილოგრამებს, შესაძლოა, ცოტა მეტსაც.


არ გამოტოვოთ საუზმე
ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ საუზმეზე უარის თქმით დღის განმავლობაში მიღებულ კალორიათა რაოდენობას შეამცირებს. ეს სულაც არ არის ასე. საუზმეს ჩვეულ ადამიანს უამისოდ მთელი დღე შიმშილი აწუხებს, შესაბამისად, შესვენებაზე უფრო მეტ ღვეზელსა თუ ხაჭაპურს მიირთმევს, შინ დაბრუნებულიც გაცილებით მაძღრისად ვახშმობს, ამიტომ ეცადეთ, დილით ცილებით მდიდარი საუზმე მიირთვათ, რათა მთელი დღე აღარ მოგშივდეთ და ჭარბი კალორიების მიღებაც თავიდან აიცილოთ.

არ დაივიწყოთ "თხევადი" კალორიები
დღიური ენერგეტიკული რაციონის გამოთვლისას ბევრი ივიწყებს იმ კალორიათა შესახებ, რომელთაც სასმელების სახით იღებს. მაგალითად, ერთი ჭიქა ხილის წვენი 65-120 კკალორიას შეიცავს, საყვარელი ლიქიორი - 200 კკალ-ს, კაპუჩინო - 140-180 კკალ-ს. ამასთან, ისინი არათუ არ აქრობს შიმშილის გრძნობას, მადის გაძლიერებასაც კი უწყობს ხელს.

სწრაფი კვება
ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ის, ვინც კვირაში 2-ჯერ გეახლებათ მშრალ პროდუქტებს, წელიწადში 4-5 კგ-ით მეტს იმატებს, ვიდრე ის, ვინც ასეთ საკვებს შედარებით იშვიათად მიირთმევს.

იყავით რეალისტი
წონის დაკლებისას რეალური მიზანია კვირაში 1 კგ. დიდი ტანჯვა-წამებით შეიძლება 4-5 კგ-იც დაიკლოთ, მაგრამ ასე, გარდა იმისა, რომ გაიუარესებთ კანს, წონის ხელახლა მატების შანსსაც გაზრდით, ამიტომ იყავით რეალისტი და დაისახეთ მიზნად კვირაში 1 კგ-ის დაკლება.

ააჩქარეთ ნივთიერებათა ცვლა
ნივთიერებათა ცვლის აჩქარება შესაძლებელია ვარჯიშით. ფიზიკური დატვირთვისას ნივთიერებათა ცვლის ტემპი იზრდება ინტენსიური ვარჯიშიდან 24 საათის შემდეგ. რაც უფრო დიდია კუნთური მასა, მით მეტი კალორია იხარჯება, მაგალითად, კუნთოვანი ქსოვილი განსაზღვრული დატვირთვისას წვავს 12 კკალ-ს. იმავე დატვირთვის პირობებში ცხიმოვანი ქსოვილი მხოლოდ 4 კკალს ხარჯავს.

რომელი საკვები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას
ჩემპიონია მწვანე ჩაი, განსაკუთრებით - მისი ერთ-ერთი სახეობა ოოლონგი, რომლშიც ოპტიმალური რაოდენობითაა კოფეინი და კატექინები. კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ დღეში 2-4 ფინჯანს დალევთ, ნივთიერებათა ცვლა 17%-ით უფრო სწრაფად წარიმართება. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს კოჭა, იგივე ჯანჯაფილიც. საუკეთესო შედეგს მიიღებთ, თუ მიირთმევთ მწვანე ჩაის შიგ ჩახეხილი ცოტაოდენი კოჭათი. ნივთიერებათა ცვლის აჩქარებას ხელს უწყობს ზოგიერთი სანელებელიც, მათ შორის - შავი, თეთრი და წითელი წიწაკა. ოღონდ გაითვალისწინეთ - ეს სანელებლები მადას აძლიერებს, ამიტომ უმჯობესია, ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად მიიღოთ - ის კუჭს სწრაფად "ავსებს", რაც ჭარბი კალორიებისგან დაგიცავთ.

 

დღესასწაულებმა ჩაიარა, ტკბილეულის მარაგი ამოიწურა - დროა საკუთარ ფორმებსა და ჯანმრთელობაზე ფიქრი დაიწყოთ!აი, რამდენიმე ოქროს წესი, რომელიც ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017
ნანახია: 9231