გონივრული კვება - რას გულისხმობს და როგორ ვაქციოთ რეალობად? - Gemrielia.ge

გონივრული კვება - რას გულისხმობს და როგორ ვაქციოთ რეალობად?



სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია. არასწორი კვება უამრავ დაავადებას იწვევს. თუ დიდხანს მივირთმევთ მხოლოდ ფუნთუშებს, ნამცხვრებს, შემწვარ ხორცს, ტკბილეულს, დავაყოლებთ გაზიან სასმელებს, შესაძლოა, ზედმეტ კილოგრამებთან ერთად მივიღოთ გასტრიტი, ქოლეცისტიტი და კარიესიც კი.
დაბალანსებული კვებითი რაციონი არა მარტო თავიდან აგვაცილებს ამ პრობლემებს, არამედ უკვე არსებულთა გადალახვაშიც დაგვეხმარება.

მაინც რას მივაღწევთ სწორი კვებით?

საკუთარი რაციონის კორეგირებით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუშალოთ მრავალი ქრონიკული დაავადების გამწვავებასა და გართულებას. მაგალითად, წიწაკის შეზღუდვა თავიდან აგვაცილებს გულძმარვასა და გასტრიტს. ახალგაზრდას, რომელსაც კუჭ-ნაწლავი წესრიგში აქვს, შეუძლია, მიირთვას ნებისმიერი პროდუქტი, თუმცა ზომიერად, ხანში შესულთათვის კი ზოგი რამ სარისკოა. მაგალითად, ხანდაზმულები, სასურველია, ერიდონ მლაშე კერძებს, რომლებიც პროვოცირებას უწევს ჰიპერტონიულ კრიზს. 50 წელს გადაცილებულებმა, განსაკუთრებით - ქალებმა, უნდა მიირთვან მეტი კალციუმის შემცველი პროდუქტი - ეს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის არის აუცილებელი. კვებასთან უშუალო კავშირი აქვს კანის მდგომარეობასაც. მაგალითად, თუ საკვებად ნაკლებ ცხიმს გამოვიყენებთ, სახის კანზე გამონაყარი შემცირდება.

რაციონალური კვება არის ფიზიოლოგიური, სრულფასოვანი კვება ჯანმრთელი ადამიანისა, რომელიც ჭამს მრავალფეროვან და ყველა კომპონენტით დაბალანსებულ საკვებს. საკვებმა სარგებლობა რომ მოგვიტანოს, მასში ოპტიმალური უნდა იყოს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელთა გარეშეც ადამიანის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია.
ყველაზე კალორიული და გემრიელი პროდუქტები, ჩვეულებრივ, მდიდარია იოლად ასათვისებელი ნახშირწყლებითა და ცხიმებით, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის.
ნახშირწყლები გვაძლევს ენერგიას, გვეხმარება აქტიურ ცხოვრებაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ მიღებული ნახშირწყლებისა და დახარჯული ენერგიის ოდენობა უმეტესად არათანაბარია. ჩვენ უფრო მეტს ვჭამთ, ვიდრე ვხარჯავთ. ზედმეტ ენერგიას ორგანიზმი ცხიმად აქცევს და მარაგად ინახავს.
ჭარბი ნახშირწყლები რომ არ მიიღოთ, ერიდეთ გაფუებული ცომის ნაწარმს, მაკარონს, ტკბილეულს. თეთრი პური ჭვავის პურით შეცვალეთ.

ტკბილის მიღების დაუძლეველი სურვილი შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ტვინს გლუკოზა სჭირდება, - მაგრამ ეცადეთ, არ გიღალატოთ ზომიერების გრძნობამ, რათა თავი არ დაიავადოთ. ერთმა მომცრო ფილა მწარე შოკოლადმა შესაძლოა დაგიკმაყოფილოთ ტკბილეულის მიღების სურვილი და მოგცეთ ტვინისთვის აუცილებელი ენერგია.

ცხიმები ორნაირია - მცენარეული და ცხოველური. როგორც ერთი, ისე მეორე შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც. ძალიან მავნებელია ცხიმი, რომელიც რჩება ტაფაზე ხორცის შეწვის შემდეგ. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ის საკმაოდ ძლიერი კანცეროგენია.
მცენარეული ცხიმი სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ უმი და არარაფინირებული.

ცილები ჩვენი უჯრედების საშენ მასალას წარმოადგენს. მათი ნაკლებობა აფერხებს ახალი უჯრედების ზრდას, ზიანდება თმა, ფრჩხილები, კანი. ცილების ნაკლებობისას სასურველია მივირთვათ მჭლე ხორცი (კანგაცლილი ქათამი, ინდაური და კურდღელი), რძის პროდუქტები. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხილ-ბოსტნეულიც, რომელიც შეიცავს არა მარტო ცილებს, არამედ სხვა ძვირფას ნივთიერებებსაც - ვიტამინებს, უჯრედისს.
ამრიგად, სწორი, რაციონალური კვების საფუძველს წარმოადგენს საკვებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობა. რაც შეეხება მათ შემცველობას, ის თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა საქმიანობას ეწევა ადამიანი.
ის, ვინც გონებრივი შრომით არის დაკავებული, ნაკლებს მოძრაობს, მაგრამ მისი ტვინი ბევრ ენერგიას მოიხმარს, ამიტომ ასეთმა ადამიანებმა უნდა მიიღონ დღეში 100-110გ ცილა, 80-90გ ცხიმი და 300-350გ ნახშირწყლები. ფიზიკური შრომით დაკავებულ ადამიანს ენერგიის უდიდესი ნაწილი კუნთების მუშაობისას ეხარჯება, ამიტომ მისთვის აუცილებელია 115-120გ ცილა, 80-90გ ცხიმი და 400გ ნახშირწყლები. ამასთან ერთად, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოველდღე უნდა მივიღოთ ვიტამინები და უჯრედისი.