როგორ მოვრთოთ ტორტი ფონდანტით - Gemrielia.ge

როგორ მოვრთოთ ტორტი ფონდანტით



ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სასარგებლო რჩევებს ფონდანტთან მუშაობისა და ტორტების გაფორმების შესახებ.

ფონდანტი მგრძნობიარეა ტენის მიმართ. ამიტომ თუ მას იყენებთ, ბისკვიტის დანამვა მეტისმეტი არ მოგივიდეთ. ასევე ნუ გამოიყენებთ უშუალოდ მის ქვეშ ნაღების ან არაჟნის კრემს. ტორტი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.

ფონდანტან მუშაობისას, გაითვალისწინეთ, რომ ის ძალიან არ უნდა გააბრტყელოთ. 3 მმ სისქე იდეალურია. თანაც ტორტის დაფარვის დროს ძალიან თხლად გაბრტყელებული ფონდანტი შესაძლოა გაიხეს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მეტისმეტად თხელი საფარის ქვეში ყველა უსწორმასწორობა მკვეთრად შესამჩნევი იქნება.

როგორ გავაბრტყელოთ ფონდანტი?

არსებობს 2 მეთოდი:

1. შაქრის პუდრა ან სახამებელი მოაყარეთ მაგიდას და ისე გააბრტყელეთ.
2. გააბრტყელეთ ზეთწასმული პოლიეთილენის სქელი (!) პარკის 2 ფენას შორის. მეორე მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ პარკის დახმარებით უფრო ადვილად გადაიტანთ ტორტზე და გადააკრავთ. მაგრამ თუ ცელოფანი თხელია, ნაოჭებს გაიკეთებს და არაერთგვაროვან ზედაპირს მიიღებთ. თუ ასეთი ზედაპირი გჭირდებათ და მოგწონთ - გამოიყენეთ ეს მეთოდი.

რა უნდა ვქნათ, რომ ფონდანტის ზედაპირი პრიალებდეს?

მას შემდეგ რაც დაამთავრებთ ტორტზე გადაკვრას და მორთვას, ფუნჯის დახმარებით გადაუსვით თაფლისა და არყის ნარევი (1:1). რამდენიმე წუთში არაყი აორთქლდება და ტორტის ზედაპირი პრიალს დაიწყებს.

როგორ და რამდენ ხანს შევინახოთ ფონდანტი?

ნებისმიერი ფონდანტის შენახვა შეიძლება  პლასტმასის კონტეინერში ან პოლიეთილენის პაკეტში. მთავარია ის დაიცათ გამოშრობისგან ან დასველებისგან. შესაბამის პირობებში, მისი შენახვა მტელი თვეც შეიძლება.

შაქრის ფონდანტის ერთ-ერთი ინგრედიენტია მარშმელოუ. ის შესაძლოა სხვა სახელითაც იყიდებოდეს, მთავარია სახელში ჰქონდეს დაბოლოება mallows ან   mallow. მაგალითად: fruitmallow, mallow-mix  და ა.შ.

  • შაქრის პუდრა, რომელსაც ფონდანტის მოსამზადებლად იყენებთ, კარგად დაფქული უნდა იყოს, შაქრის კრისტალების გარეშე. შესაძლოა უფრო მეტი დაგჭირდეთ, ვიდრე რეცეპტშია მითითებული, ამიტომ მოიმარაგეთ ზედმეტი. 
  • კრემის წასმის შემდეგ, სანამ ფონდანტს გადააკრავთ, ტორტი აუცილებლად უნდა გააჩეროთ მაცივარში, რათა კრემი კარგად გამაგრდეს და გაცივდეს.
  • სხვადასხვა ფიგურების მისაწებებლად, საჭირო ადგილი ოდნავ დაასველეთ.
  • ფიგურები სჯობს წინასწარ მოამზადოთ და ჰაერზე კარგად გააშროთ. ასეთი ფიგურების შენახვა თვეობითაც შეიძლება, პლასტიკის კონტეინერში.
  • ფიგურები შეგიძლიათ გარედან შეღებოთ კულინარიული საღებავი ფხვნილებით, ფუნჯის დახმარებით.
  • გამოუყენებელი ფონდანტი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, ცელოფანში გახვეული, ან საყინულეში. თუ გამოშრა, მცირე ხნით შეათბეთ მიკროტალღურში. 
  • უშუალოდ ფონდანტის ქვეშ აუცილებლად გამოიყენეთ კარაქიანი კრემი, სქელი განაში ან მარციპანის ფენა

რა ვქნათ, თუ მუშაობის დროს ფონდანტი გაიხა და დაზიანდა?

ფართო ფუნჯი წყლით დაასველეთ და მისი დახმარებით "გადალესეთ" დაზიანებული ადგილი, სანამ ნაპრალი არ გაქრება.


ტორტების მოსართავი შაქრის ფონდანტი შესქელებული რძით

ფონდანტი (მასტიკა) და მისგან დამზადებული ვარდები