არ შეიძლება ჩაის დალევა ჭამის პროცესში და ჭამის შემდეგ - 7 რამ, რაც ჭამის შემდეგ არ უნდა გააკეთოთ
1) პირველი და ალბათ ყველაზე საშინელი აკრძალვა მწეველთათვის არის ის, რომ ჭამის შემდეგ მოწევა კატეგორიულად დაუშვებელია, დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ექსპერტთა დასკვნით, საკვების მიღების შემდეგ ერთი ღერის მოწევა ჩვეულ რეჟიმში ათი ღერის ზედიზედ მოწევას უტოლდება. დასკვნა თავად გააკეთეთ!
2) არ შეიძლება ხილის მიღება უშუალოდ ჭამის შემდეგ. საკვების მიღებისთანავე ჩაროზად დაყოლებული ხილი არღვევს საჭმლის მონელების პროცესს, იწვევს შებერილობას. ხილი აუცილებლად ჭამამდე ერთი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ერთი-ორი საათის შემდეგ უნდა მიირთვათ.
3) არ შეიძლება ჩაის დალევა ჭამის პროცესში და ჭამის შემდეგ. ჩაის ნაყენში დიდი რაოდენობით არსებული მჟავები აფერხებენ საკვებით მიღებული ცილების მონელებას, ტანინი კი ხელს უშლის კალციუმისა და სხვა მინერალების შეწოვა-შეთვისებას. ამგვარად, ჩაის საჭმელს ნუ მიაყოლებთ.
4) თუ საკვები მოჭერილი ქამრით მიირთვით, მისი მოშვება არც კი იფიქროთ. ამით საჭმლის მონელების პროცესში უხეშად ჩაერევით. მიღებული საკვები ერთბაშად ქვასავით ჩაეშვება ქვემოთ და საჭმლის მონელება გარკვეული დროით სრულად დაიბლოკება. ამ ფაქტორზე ნუ გაგეცინებათ. მეტად მნიშვნელოვანია. თუ კი ვინმეს ერთხელ მაინც ჰქონია ქამრის მოშვების შემთხვევა, ალბათ არასოდეს დაავიწყდება მიღებული დისკომფორტი, სიმძიმისა და გაქვავების შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში მიუხედავად კარგი სადილობისა!
5) ჭამის შემდეგ შხაპისა თუ აბაზანის მიღება ასევე დაუშვებელია. წყლის პროცედურა, შხაპი იქნება ეს თუ აბაზანა, სისხლის ნაკადის გადანაწილებას იწვევს. სისხლის მოძრაობა ამ დროს ძლიერდება კიდურებისა (ხელებისა და ფეხების) და სხეულის ზედაპირისაკენ, კანისაკენ. შესაბამისად, შინაგანი ორგანოებისა და მათ შორის კუჭის არეში სისხლის ნაკადი მცირდება. ვფიქრობთ, გაგრძელება და დამატებითი განმარტება აღარ არის საჭირო, თავადაც მიხვდებით როგორი ზიანი ადგება საჭმლის მონელების პროცესს და ამ პროცესში ჩართულ, მობილიზებულ ორგანოებს.
6) ჭამის შემდეგ აკრძალულია მხარ-თეძოზე წამოწოლაც. თუმცა, ძველი შეხედულება, რომ ჭამის შემდეგ აქტიურად მოძრაობაა სასურველი საკვების უკეთ მონელებისთვის, ასევე უგულვებელყოფილია. თურმე აქტიური მოძრაობა უმოძრაობის მსგავსად მონელების პროცესსა და გარკვეული ნივთიერებების შეწოვას აფერხებს. ყველაზე კარგი ნელ-ნელა ჭამა და საკვების მიღების შემდეგ ერთხანს მაგიდასთან მშვიდად ჯდომაა. ამის შემდეგ შეგიძლიათ ამოძრავდეთ, თუნდაც მშვიდად გაიარ-გამოიაროთ ან სუფთა ჰაერზე ნელი ნაბიჯით გაისეირნოთ. არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ და არც საქმეს შეეჭიდოთ აჩქარებული წესით.
7) არ შეიძლება ჭამის შემდეგ დაძინება! მიუხედავად იმისა, რომ გემრიელად დანაყრების შემდეგ ადამიანს, წესისამებრ, ეძინება (ამას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს). ჭამის შემდეგ ძილის მოყვარულებს გასტრიტი, კუჭის ინფექციები და საჭმლის მონელების სხვადასხვაგვარი დარღვევა ემუქრებათ. რაც შეეხება ნეიროფიზიოლოგიურ საფუძველს: მოგრძო ტვინში განთავსებულია სტრუქტურა _ სოლიტარული ტრაქტის ბირთვი, რომელიც საკვების გემოსა და ვისცერული (შინაგანი ორგანოების) მგრძნობელობის შესახებ ინფორმაციას იღებს, იმავდროულად ჩართულია ნელტალღოვანი ძილის ნერვული მექანიზმების მოქმედებაში. სპეციალისტთა აზრით, შესაძლებელია დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ ძილისაკენ ლტოლვა ამ ბირთვის გააქტივებით იყოს გამოწვეული. მიუხედავად ამისა, გირჩევთ, საკვების მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის შემდეგ დაიძინოთ.