რატომ არ ამოდის ცომი და 5 ეშმაკობა, რომ არ ჩავარდეს - Gemrielia.ge

რატომ არ ამოდის ცომი და 5 ეშმაკობა, რომ არ ჩავარდეს

ბევრ ჩვენგანს უყვარს ცომეული: ნამცხვრები, ფუნთუშები, ტორტები, ღვეზელები და ა.შ. იმისთვის, რომ ყველაფერი ეს გემრიელი გამოვიდეს, ცომი სწორად უნდა მოიზილოს. სამწუხაროდ, ცომი ყოველთვის კარგად არ ამოდის მაშინაც კი, როცა ყველაფერს ზედმიწევნით რეცეპტის მიხედვით აკეთებ. ამ მხრივ პრობლემები გამოცდილ დიასახლისებსაც კი ექმნებათ. საქმე აქ არა კულინარიულ ოსტატობაში, არამედ ფიზიკაშია!

ბევრი იმედგაცრუებული დიასახლისი სვამს კითხვას: "რატომ არ ამოვიდა ჩემი ცომი?" - გეი-ლუკასის კანონის მიხედვით, მუდმივი წნევის პირობებში გაზის მუდმივი მასის მოცულობა აბსოლუტური ტემპერატურის პროპორციულია.

ანუ ტემპერატურის მატებასთან ერთად გაზის მოცულობაც იზრდება. როგორც კი ცომს გახურებულ ქურაში დგამთ, გაზი იწყებს გათბობას, გაფართოვებას, ცომი კი - ამოსვლას.

გაზი სულ სხვადასხვანაირია. ბისკვიტის ცომში ესაა ჰაერი, რომელიც თქვეფით მიიღება. საფუარიან ცომში ესაა ნახშირორჟანგი. სოდიან ცომშიც ნახშირორჟანგია, რომელიც წარმოიქმნება სოდისა და მჟავას ურთიერთქმედებისას. სველსა და კარაქიან ცომში ეს წყლის ორთქლია.

რეკომენდაციები:

1. ცომში უნდა იყოს საკმარისი გაზი. მაგალითად: ბისკვიტის ცომისთვის კვერცხი კარგად გათქვიფეთ, თავად ცომი კი აკურატულად მოზილეთ. ფენოვანი ცომი ცივ ზედაპირზე გააბრტყელეთ, რათა არ გადნეს კარაქი და ცომმა არ დაკარგოს ტენი.

2. კარგად გააცხელეთ ღუმელი, რომ გაზი სწრაფად გაფართოვდეს. ფაფუკი ცომის მისაღებად ცხობა მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს.

3. ცომი არ უნდა იყოს თხევადი და ცოტა ფქვილს არ უნდა შეიცავდეს. ასეთ შემთხვევაში ცომი დავარდება, როგორც კი მას ქურიდან გამოიღებთ, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასეც უნდა იყოს, თუ ეს რეცეპტის მიხედვითაა განსაზღვრული.

5 უბრალო წესი:

1. ზოგიერთი სახეობის ცომი კარგად უნდა თქვიფოთ და აკურატულად მოზილოთ. მაგალითად: ბისკვიტის ცომი.

2. გამოაცხეთ ცომი იმ ტემპერატურაზე, რომელიც რეცეპტშია მითითებული.

3. სანამ ცომი კარგად არ გამოცხვება, აირღუმელი არ გააღოთ.

4. როცა ცომი კარგად, თანაბრად ამოიწევს, მხოლოდ მაშინ შეიძლება შემოწმება, მზადაა ის თუ არა.

5. იმისათვის, რომ შეამოწმოთ ნამცხვარი მზადაა თუ არა, ასანთის ღერი უნდა ჩაურჭოთ ცომის შუაგულში და არა კიდეებში, რადგან ცომი ცენტრში უფრო ნელა ცხვება.

ხდება ისეც, რომ გაგრილების შემდეგ ნამცხვარი ზომაში საგრძნობლად იკლებს. სწორად გამომცხვარი ნამცხვარი ზომაში ოდნავ უნდა იკლებდეს, თუ საპირისპირო ხდება, ესე იგი ის ბოლომდე გამომცხვარი არაა.

თუ ჩვენს ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ნამცხვარი ყოველთვის იდეალური გამოვა.