დაგეგმეთ ოჯახური უიქენდი - ბევრი წიგნით და ბევრი ნაყინით
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ნატურალური და ხარისხიანი, თანაც, თუ ზომიერი სიხშირით მიიღებთ, ნაყინი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ნაყინი საკმაოდ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: 20-მდე სახეობის ამინომჟავას; 20-მდე ვიტამინს და მინერალურ მარილებს; ნაყინის შემადგენლობაშია ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტები, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის. ამ ნუგბარის მიღება ენერგიითაც აგვავსებს და შიმშილსაც აცხრობს. თურმე, ასევე ამშვიდებს; ბავშვებს კარგი ნაყინი კალციუმით ამარაგებს; ამერიკელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ნაყინის ზომიერი მიღება (მით უმეტეს, თუ ის არ არის დატვირთული კალორიული დანამატებით) არც წონის მატებას იწვევს, პირიქითაც კი – კალციუმი ცხიმების წვას უწყობს ხელს, ასევე ამაგრებს ძვლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას. დადგენილი ფაქტია, რომ ნაყინის ჭამის დროს, ორგანიზმი გამოიმუშავებს სეროტონინს - ბედნიერების ჰორმონს. გამოდის, რომ ნაყინის ჭავა ბედნიერებას გვანიჭებს.
ასე რომ, ნაყინს კი ნუ ამოიღებთ რაციონიდან, არამედ კარგად შეარჩიეთ, რომ იყოს სანდო, ნატურალური და ხარისხიანი. თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ, ასეთ შემთხვევაში ნაყინი მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
ეს სასარგებლო ინფორმაცია კი განსაკუთრებულად ახლა გამოგადგებათ, რადგან ნაყინის სეზონი საზეიმოდ იხსნება. გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება 16 მაისს ვაკეში, მრგვალ ბაღში. ღია ცის ქვეშ მშობლებსა და ბავშვებს ორი საყვარელი და სასარგებლო რამ ელით - ნაყინი და წიგნები. ზეიმს ყველასთვის საყვარელი ”ბიბლუსი” და იტალიური კაფე-სანაყინე "ჩი გუსტა" აწყობენ. 13:00 საათიდან მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე დაგხვდებათ DJ. გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიური ნაყინის ნაირსახეობები, ასევე ისარგებლოთ უფასო ბიბლიოთეკით და დატკბეთ თქვენ მიერ შერჩეული წიგნის კითხვით.
14:00 საათიდან მშობლებს და მათ პატარებს ელოდებათ დაუვიწყარი გასართობი პროგრამა უამრავ საინტერესო პერსონაჟთან ერთად ხოლო 14:30 მოეწყობა შეხვედრა ყველასათვის საყვარელ საბავშვო მწერალთან გურამ პეტრიაშვილთან. სპეციალურად სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ნაყინზე დაგხვდებათ განსაკუთრებული ფასები, განსაკუთრებულ ფასებს გამომცემლობა "პალიტრა L"-იც გვპირდება საბავშვო წიგნებზე. ეს იქნება გემრიელი და წიგნიერი უიქენდი, გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით. აქ ნებისმიერი ასაკის თუ სქესის სტუმარი გაერთობა, თუმცა, ღონისძიების მთავარი სტუმბრები მაინც ”ბიბლუსის” პატარა მეგობრები იქნებიან.