„მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის“ - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

„მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის“ - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

 

მარწყვი მრავალწლოვანი ბალახია, ვარდისებრთა ოჯახიდან. ამ საოცარი კენკრის დაახლოებით 2000 სახეობა არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე ხშირად გვხვდება ბაღის და ტყის მარწყვი. როგორც წესი, ტყის მარწყვი

საბაღე ჯიშებისგან მცირე ზომით განსხვავდება, მას გაცილებით ძლიერი გემო და არომატი, ასევე ბიოლოგიური აქტივობა გააჩნია.
გარდა იმისა, რომ მარწყვს ცოცხალი სახით იყენებენ, მას აშრობენ, ყინავენ, ხარშავენ, მისგან ხილფაფებს, მურაბებს, ჟელეებს, ნახარშებს, კომპოტებს, წვენებს, ვაჟინებს, ნაყენებს ამზადებენ. მარწყვის ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი და მიწისქვეშა ღერები ხალხურ მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

მარწყვის შემადგენლობა


მარწყვის შემადგენლობა მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით. იგი შეიცავს Е, С, К, РР და В ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), შაქარს, უჯრედისს, პექტინებს, მთრიმლავ და აზოტურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს. ეს კენკრა მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით:
იოდით, კობალტით, კალიუმით, კალციუმით, სპილენძით, მაგნიუმით, მარგანეცით, ფოსფორით, რკინით, სილიკონით და სხვ. მარწყვში რკინა გაცილებით დიდი რაოდენობით მოიპოვება, ვიდრე ყურძენსა და ვაშლში.

მარწყვის კალორიულობა შეადგენს 100 გრამ პროდუქტზე, დაახლოებით, 40 კილოკალორიას.



მარწყვის სასარგებლო თვისებები


მარწყვის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას
და შრომისუნარიანობის ამაღლებას.
მარწყვი დადებითად მოწმედებს სასუნთქ სისტემაზე, იგი ბრონქებისა და ფილტვების სისტემის დაცვასა და დაავადებებთან გამკლავებაში გვეხმარება.
მას სიცხის დამწევი თვისებები გააჩნია და გრიპოზული დაავადებების საპროფილაქტიკოდ, ასთმისას იყენებენ. მისი ნახარში ჩინებულია ანგინისა და ფარინგიტის სამკურნალოდ, გამოსავლები სახით, ასევე პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად.
მარწყვს სარეაბილიტაციოდ ხშირად ურჩევენ ავადმყოფობაგადატანილ ადამიანებს.
მდიდარი მინერალურ-ვიტამინური შემადგენლობის წყალობით, მარწყვი სასარგებლოა ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის.
ასევე, მარწყვი ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის რისკს ამცირებს.
იგი გვეხმარება ისეთ მდგომარეობაში, როგორიცაა სიყვითლე, ძალაგამოცლილობა, ჰემოროი, რაქიტი, გინეკოლოგიური სისხლდენა.
სპეციალისტები დიაბეტის დროს მარწყვის კვების რაციონში ჩართვას გვირჩევენ.
იგი დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ანემიის (სისხნაკლებობის) დროს.
მარწყვი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობისთვისაც.
მარწყვი ხელს უწყობს მადის აღძვრას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს.
მარწყვი დადებითად მოქმედებს ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის მუშაობაზე.
იგი რეკომენდებულია ართრიტების, პოდაგრის (ნიკრისის ქარები), სახსრების ტკივილისას.
ასევე, მარწყვს კეთილმოქმედი გავლენა გააჩნია ნერვულ სისტემაზე, იგი კარგად უმკლავდება სტრესებს, გაღიზიანებადობას, უძილობას, აუმჯობესებს განწყობას.


მარწყვს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი თვისებებიც გააჩნია, იგი აფერხებს დაბერების პროცესს. ამიტომ, იგი აქტიურად გამოიყენება კოსმეტიკაში. იმის გამო, რომ იგი შეუცვლელია კანის საფარის გასახალისებლად, იგი არა მხოლოდ საკვები სახით გვეხმარება, არამედ სახისა და ტანის სხვადასხვა ნიღბებისა და ნელსაცხებლების შემადგენლობაშიც.

მარწყვის უკუჩვენებები


მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. პირველ რიგში, სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი, ანდა სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. მათ მარწყვით მკურნალობამდე ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია. დიეტოლოგებმა გამოთვალეს: მარწყვის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად რომ ვისარგებლოთ, მისი მწიფობისას 10 კილოგრამის შეჭმა უნდა მოვასწროთ. 100 გრამი კენკრა ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს. საზოგადოდ, მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვის კიდევ ერთი ღირსებაა ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. მინერალები - რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი - ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადმომამაგრებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების დაკრეფა მცენარის ყვავილობის პერიოდში ჯობს. ამ დროს მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ. ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვების ამპლიტუდას, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა აგრეთვე ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს. მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც - სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს.