რა აზიანებს გულს და როგორ ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე - Gemrielia.ge

რა აზიანებს გულს და როგორ ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე

გული ადამიანის ორგანიზმის მთავარი ორგანოა, მის სწორ მუშაობაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ორგანოების და მთელი ორგანიზმის მდგომარეობა, ასევე - ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

გულის დაავადებებს ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

 

მემკვიდრეობითი ფაქტორი;

სქესის ფაქტორი (მამაკაცები უფრო არიან მიდრეკილი გულის დაავადებებისკენ);

ასაკობრივი ფაქტორი (ასაკთან ერთად, რისკი მატულობს);

ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის დარღვევა, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მაღალი დონე);

ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი;

არტერიული ჰიპერტენზია;

ფსიქოემოციური დატვირთვები, სტრესი;

არასწორი კვება, სიმსუქნე;

უმოძრაობა (ჰიპოდინამია)

 

პირველი 3 ფაქტორზე ჩვენ ვერავითარ გავლენას ვერ ვახდენთ, ეს ობიექტური მიზეზებია. დანარჩენი 7 კი სუბიექტური ფაქტორებია და მათი რეგულირება ჩვენს ხელშია.

რა აზიანებს გულს?

ზედმეტი წონა
ცხიმოვანი ქსოვილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება გულის შეკუმშვების რიცხვი. ასეთ დროს გული იძულებულია სისხლით მოამარაგოს არა მარტო სასიცოცხლო ორგანოები, არამედ ცხიმის ჭარბი მარაგებიც. დამტკიცებულია, რომ სიმსუქნისას ჰიპერტონიის განვითარების რისკი 6-ჯერ მატულობს. ასე რომ, თუ გსურთ გქონდეთ ჯანმრთელი გული, შეეცადეთ წონა ნორმაში გქონდეთ.

ქოლესტერინი
ქოლესტერინის მაღალი დონე. ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვების კედელზე ილექება, რასაც მათი შევიწროვება და სისხლის ნაკადის მოძრაობის გართულება ახლავს. სისხლის შევიწროვებულ ძარღვებში სამოძრაოდ ორგანიზმი იძულებულია აამაღლოს წნევა, რაც გულისთვის დამატებით დატვირთვას ქმნის.

ალკოჰოლი და სიგარეტი
ყოველდღიურად სპირტიანი სასმელების მოხმარება ზრდის წნევას წელიწადში 5-6 მმ. ერთეულით, ხოლო სიგარეტის კვამლის კომპონენტები სისხლში მოხვედრისას იწვევენ სისხლძარღვების სპაზმს.

უძრავი ცხოვრების წესი
ისინი, ვინც ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, 20-50%-ით მაღალი რისკი აქვთ ჰიპერტონიით დაავადების განვითარების, ვიდრე ისინი, ვინც აქტიურადაა დაკავებული სპორტით და ფიზიკური შრომით . რეგულარული ფიზიკური დატვირთვები 5-10მმ.-ით ამცირებს წნევას.

მარილის ჭარბი მოხმარება
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ყოველდღიურად არ მოიხმაროთ 5გრ.-ზე მეტი მარილი, როგორც სუფთა სახით, ისე პროდუქტების შემადგენობაში. თუმცა რეალურად ცივილიზებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოში 2-3-ჯერ მეტ მარილს იღებენ, რაც იწვევს ორგნიზმში ჭარბი სითხის შეკავებას, არტერიული წნევის ზრდას, შემდეგ კი გულის დაავადებას.

არასწორი კვება
რაციონში ჭარბი ცხოველური ცხიმები, რაც ნიშნავს მეტ ქოლესტერინს, ასევე ტკბილეული, რომელიც წონის მატებას უწყობს ხელს, ნაკლები ბოსტნეული – ეს ყველაფერი ზიანს აყენებს გულის ჯანმრთელობას.

როგორ გავუფრთხილდეთ გულის ჯანმრთელობას
თევზის გამოყენება კვებაში კვირაში 2-ჯერ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს 30%-ით. თევზის მთავარი ფასეულობაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობა, რომელიც არეგულირებს სისხლში ლიპიდების და ქოლესტერინის დონეს, რაც აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას.

ყველაზე სასარგებლო თევზის სახეობაა – ზღვის და ცხიმიანი სახეობის თევზები: სკუმბრია, თინუსი, პალტუსი, ქაშაყი. იმისათვის რომ თქვენმა გულ-სისხლძარღვთა სისტემამ კარგად შეძლოს ფუნქციონირება, ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით უნდა უზრუნველყოთ.

კოენზიმი Q10 – ის პასუხისმგებელია უჯრედული ენერგიის გამომუშავებაზე და წარმოადგენს მძლავრს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედს დაზიანებისაგან. კოენზიმ Q10-ის კონცენტრაცია შედარებით მაღალია გულის კუნთში, თუმცა ასაკთან ერთად მისი შემცველობა მცირდება. ორმოცი წლის ასაკში კოენზიმ Q10 მიოკარდში 30%-ით, ხოლო სამოცი წლისათვის 50%-ით ნაკლებია, ვიდრე 20 წლის ასაკში.

ლიზინი – წარმოადგენს შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც აფერხებს სისხლძარღვების კედელზე ქოლესტერინის დალექვას, ასევე შეუძლია მოახდინოს უკვე წარმოქმნილის ნაწილობრივი დაშლა. თუ ორგანიზმში საკმარისი ლიზინია, მცირდება ათეროსკლეროზის და მასთან ასოცირებული დაავადებების რისკი.

ვიტამინი C – საჭიროა, რათა სისხლძარღვების კედლები იყოს ელასტიური და მტკიცე. მისი დეფიციტისას იზრდება დაზიანების და ათეროსკლეროზის განვითარების რისკი.

კვერცეტინი – იცავს გულის კედლებს, ინარჩუნებს სისხლძარღვების ჯანმრთელ ტონუსს და ამგვარად ინარჩუნებს არტერიულ წნევას ნორმაში, დადებით გავლენას ახდენს სისხლის სიბლანტეზე.

ყველა ეს ნივთიერება მოიპოვება საკვებში. კოენზიმ Q10 – სკუმბრიაში, ფსტაში. ლიზინი – კვერცხის გულში, ქათმის ხორცში, ლობიოში, ზოგიერთი სახეობის ყველში, კვერცეტინი – მუქ ალუბალში, წითელ ყურძენში, ბროკოლში, წიწიბურაში. ვიტამინი С – კენკრაში, ხილსა და ბოსტნეულში.

გულის მუშაობისათვის ასევე სასარგებლოა:

კალიუმი – რომელსაც შეიცავს გარგარი, კარტოფილი, ყურძენი, ქიშმიში, ბანანი, ლობიო, გოგრა.

მაგნიუმი – მოიპოვება წიწიბურაში, ბრინჯში, ჰერკულესში, თხილეულში, გოგრის და მზესუმზირის მარცვლებში, ასევე რძე, ზეთისხილი, ხორბლის ქატო, ზღვის კომბოსტო, ხიზილალა.

ვარჯიში და მოძრაობა
მეცნიერების კვლევით, თანამედროვე ადამიანს საშუალოდ 8 საათი სძინავს, ხოლო ზის 9 საათი და 15 წუთი. როგორ გამოდის? ანუ ჩვენ ვზივართ უფრო მეტი, ვიდრე გვძინავს. იმ დროს, როცა ის ვინც დღეში 6 საათზე მეტი მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს დღეს, მათი სიკვდილიანობის რისკი აქტიურ ადამიანებთან შედარებით 40%-ით მაღალია. ისევ სტატისტიკური მონაცემებით, ტელევიზორის წინ 2 საათის წინ ჯდომის შემთხვევაში "კარგი" ქოლესტერინის დონე 20%-ით მცირდება, ხოლო ინსულინის დონე კი 24%-ით, რაც სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს.

ჰიპოდინამიასთან (მოძრაობის ნაკლებობა) ბრძოლა არც ისე რთულია, საკმარისია ამისათვის სულ მინიმუმ დღეში 2-3 კილომეტრი მაინც გაიაროთ ფეხით.