როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა და როგორ გავფილტროთ იგი? - Gemrielia.ge

როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა და როგორ გავფილტროთ იგი?

 


სასმელი წყალი სიცოცხლის ერთერთი აუცილებელი პირობაა. მის გარეშე დედამიწა მკვდარი პლანეტა იქნებოდა. დედამიწაზე სასმელი წყლის საერთო რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია:

ამჟამად წლის განმავლობაში მთელ დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ საშუალოდ 12,5-დან 14 მილიარდ კუბურ მეტრამდე სასმელი წყლის გამოყენება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ერთ სულზე სასმელად ვარგისი წყლის რაოდენობა მცირდება.

ასე, მაგალითად:

1989 წელს დედამიწის ერთ მაცხოვრებელზე საშუალოდ 9000 მ3 სასმელი წყალი დაიხარჯა.
2000 წლისათვის ეს მაჩვენებელი 7800 მ3-მდე შემცირდა.
2025 წლისათვის კი ვარაუდობენ, რომ ეს რაოდენობა შემცირდება 5100 მ3-მდე წელიწადში.

ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა. პარადოქსია, მაგრამ ეს პრობლემა წყლით მდიდარ საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. ეს იმით აიხსნება, რომ წყლის დეფიციტს განსაზღვრავს არა მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი, არამედ მისი ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების დონეც.
ამ მიზეზების გამო დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სასმელად ვარგისი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის და იძულებულია ეს დეფიციტი არასასმელი წყლით შეავსოს.

სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ამ დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონს აჭარბებს.

როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა?

შესაძლოა წყალი გარეგნულად საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს: არ ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი ან გემო, მაგრამ რეალურად დაბინძურებული იყოს და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება.

წყლის სისუფთავეს და სასმელად ვარგისიანობას ადგენენ სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. სასმელი წყლის ანალიზი უნდა კეთდებოდეს რეგულარულად, შესაბამისი წესის მიხედვით. სასმელი წყლის დაბინძურებას უხშირესად თვითონ ადამიანები და მათი ნამოქმედარი (მრეწველობა, მიწათმოქმედება, ომები და სხვა) იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება წყალში ცხოველების გამონაყოფების ან მიწის ქანებში არსებული მომწამლავი არაორგანული ნივთიერებების მოხვედრაც გახდეს.

გამომდინარე იქიდან, თუ რითია დაბინძურებული წყალი, მან შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება გამოიწვიოს. სასმელი წყლით გამოწვეულ დაავადებათა შორის სიხშირითაც და სიმძიმითაც პირველ ადგილზე ინფექციური დაავადებებია. სასმელი წყლის ინფიცირება ძირითადად ადამიანთა და ცხოველთა განავლოვანი მასებით დაბინძურების შედეგია. ადამიანებისა და ცხოველების განავლოვანი მასებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები საკმაოდ ბევრია და მრავალფეროვანი. შესაბამისად, მრავალფეროვანია დაავადების კლინიკური სურათიც, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადება ნაწლავური ინფექციის ნიშნებით ვლინდება.
სასმელი წყლის საშუალებით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, უმარტივესებით, ჰელმინთებით (ჭიებით) და სხვა.

როგორ ავიცილოთ სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები?

სასმელი წყლის დაბინძურებისგან დაცვა იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ წყალს ვიყენებთ სასმელად.

არსებობს წყალმომარაგების ხელოვნური და ბუნებრივი სისტემა.

ხელოვნური წყალმომარაგება უმრავლეს შემთხვევაში ცენტრალიზებულია და მისი ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მოვალეობაა.

გარდა ცენტრალიზებულისა, არსებობს ხელოვნური ინდივიდუალური წყალ-მომარაგება, მაგალითად ჭა.

ჭის სისუფთავისათვის აუცილებელია შემდეგი ობიექტების/ნაგებობების ჭისაგან არანაკლებ 50 მეტრით დაშორება:

ტუალეტი
ცხოველთა ნაკელსაყრელი
ბოსელი და საქათმე
სასუქისა და პესტიციდების შესანახი სათავსო
ნავთობპროდუქტების შესანახი სათავსო
ამასთანავე:
ჭას უნდა ჰქონდეს საიმედო სახურავი
ჭა, სასურველია, პერიოდულად დაიქლოროს უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით.


სასმელი წყლის მომარაგების ბუნებრივი საშუალებებიდან ძირითადად გავრცელებულია წყაროსა და მდინარის წყლის გამოყენება.
წყაროს წყლის სათავე სასურველია 50 მეტრის რადიუსით შემოზღუდული და დაცული იყოს ადამიანებისა და ცხოველების მიერ დაბინძურებისგან.
მდინარის წყლის დაცვა დაბინძურებისგან გაცილებით რთულია, ამიტომ ასეთი წყლის სასმელად გამოყენების შემთხვევაში სასურველია წყლის ადუღება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ადუღებაც არ იძლევა წყლის უსაფრთხოების სრულ გარანტიას.


არ გამოიყენოთ სასმელად თოვლის და წვიმის ნაჟური წყალი, რადგან ის განსა-კუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიებს.


თუ სანიტარულ წესებს სათანადოდ ვერ იცავთ ან იყენებთ ბუნებრივ (წყაროს, მდინარის, ჭის ან ჭაბურღილის) შეუმოწმებელ წყალს, მოხმარებამდე გააუვნებელყავით ის შემდეგი მარტივი მეთოდებით:

ადუღეთ წყალი სუფთა ჭურჭელში მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში;
ჩაუმატეთ იოდის ნაყენის 2 წვეთი 1 ლიტრ წყალს, გააჩერეთ 30 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ.
გაყინეთ წყალი, გაალღვეთ და ისე დალიეთ
გაუვნებელყოფილი წყლის მარაგი შეინახეთ სუფთა, თავდახურულ ჭურჭელში.


როგორ უნდა მოიქცეთ სასმელი წყლით გამოწვეული დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში?

აუცილებლად შეწყვიტეთ საეჭვო წყლის მოხმარება.
დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.
ამ შემთხვევის შესახებ შეატყობინეთ სხვებსაც (მეზობლებს, თანასოფლელებს), ვინც ამავე წყლით სარგებლობს.
სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობეთ შესაბამის სტრუქტურებს: სანიტარულ ინსპექციას, ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს.