გარგარი - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
გარგარის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ღვინის მჟავებს, შაქარს, სახამებელს, რკინას, ფოსფორს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მაგნიუმს, ვერცხლს, იოდის ნაერთებს, С, В, Р, Н, Е ვიტამინებს, პექტინებს.
გარგარი მნიშვნელოვნად ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს, არეგულირებს სისხლის წარმოების პროცესს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობასა და მეხსიერებას.
იგი ჩინებული საშუალებაა ყაბზობის წინააღმდეგ.
გააჩნია შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალების მარილებს.
მის შემადგენლობაში შემავალი მინერალური მარილები ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის დაშლას.გარგარის ჩირს ჰიპერტონიით და სისხლნაკლებობით დაავადებულებს დანიშნულებად უწერენ.
ზოგადად, გარგარის სიმწიფის პერიოდში მისი მიღება მაღალწნევიანი ადამიანებისთვის რაც შეიძლება დიდი რაოდენობითაა რეკომენდებული.
გარგარის ჩირი, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება, სასარგებლოა ორსულებისთვის, ბავშვებისთვის, ხნიერი ადამიანებისთვის.
სასურველია მისი გამოყენება დღეში 100-150 გრამის ოდენობითა.
გარგარის უკუჩვენებები:
მართალია, სასარგებლო თვისებების მხრივ გარგარი ნამდვილი განძია, მაგრამ მას უკუჩვენებებიც გააჩნია. მისი მიღება დაუშვებელია უზმოზე, ხორცის და ძნელად მოსანელებელი პროდუქტების მიღების შემდეგ - ამან შესაძლოა, საჭმლის მონელების პროცესი დაარღვიოს.
ცოცხალი გარგარის მიღება უკუნაჩვენებია მომატებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებების დროს.
გარგარის მიღება უნდა შეიზღუდოს პანკრეატიტისა და ღვიძლის პათოლოგიებისას.
განსაკუთრებით უკუნაჩვენებია გარგარის ნებისმიერი სახით მიღება დიაბეტის დროს - იგი ზედმეტად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.
კაროტინის ნაკლებობის პირობებში, შესაძლებელია გარგარის გამოყენება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვიტამინი არ აითვისება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას. მსგავს შემთხვევებში, სასურველია, ვიტამინი А სუფთა სახით მივიღოთ.
ასევე, დღეში 10-15-ზე მეტი ცალი გარგარის მირთმევის შემთხვევაში შესაძლოა, დიარეაც კი დაგვემართოს. არ ღირს არც გარგარის ჩირის ბოროტად გამოყენება: იშვიათ შემთხვევაში, იგი წნევის დავარდნას, სუნთქვის გაძნელებასა და თავბრუსხვევას იწვევს.