ყველაზე მხიარული მენიუ პატარებისთვის
მით უმეტეს, თუ ბავშვს ჭამა არ უყვარს. განსაკუთრებულად სახალისოა, ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც, როცა რაღაცას ერთად აკეთებენ. ასე პატარები საქმეს ეჩვევიან, მშობლის დახმარებას, ივითარებენ ფანტაზიას და სასარგებლო და მხიარულ დროს ატარებენ დედიკოსა და მამიკოსთან ერთად, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
მოდით, ერთად გავალამაზოთ ბავშვების საყვარელი ბუტერბროდები და სენდვიჩები. "ნიკორა" და mshoblebi.ge წარმოგიდგენთ სახალისო მენიუებს. გვინდა თუ არ გვინდა, ეს პროდუქტები ბავშვებს მაინც ძალიან უყვართ და არც ისე იშვიათად არის მათ მენიუში. ვცდილობთ, ჯანსაღი და ხარისხიანი შევიძინოთ და ისე მივართვათ ჩვენს პატარებს. მათგან ბევრი მხიარული და ლამაზი ბუტერბროდის მომზადება შეიძლება, რაც ჩვენს პატარას აღაფრთოვანებს და ხალისიან წუთებს აჩუქებს. მაშ ასე, აი, რამდენიმე მხიარული რეცეპტი:
ძირითადი ინგრედიენტები:
მოხარშული ძეხვი, სოსისი
შებოლილი ძეხვი, მდნარი ყველი
ბუტერბროდის პური, სალათის ფოთლები
ჭიამაია
ამ ბუტერბროდისთვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი, ბატონი პურის ნაჭერი, მდნარი ყველი, სალათის ფურცელი, ზეთისხილის ერთი მარცვალი და ორი სახის ძეხვი – მოხარშული და შებოლილი.
თეფშზე დააფინეთ სალათის ფურცელი, ზემოდან დადეთ პურის ნაჭერი, მდნარი ყველის ფურცელი. ზედ დაადეთ შუაზე არაბოლომდე გაჭრილი ერთი ნაჭერი მოხარშული ძეხვი. ძეხვს ექვს ადგილას პატარა, ასგრამუანუ ჭიქით ან პლასტმასის ბოთლის პირით გაუკეთეთ რგოლები (ამოჭერით ის ნაწილები და გვერდზე გადადეთ). რგოლებში მოათავსეთ შებოლილი ძეხვის ნაჭრები, ზეთისხილით კი ჭიამაიას ფეხები და თავი გაუკეთეთ. სულ ეს არის.
ბუ
ამ ბუს მოსამზადებლად, როგორც ხედავთ, მხოლოდ სხვადასხვა სახეობის ძეხვი, ორი ნაჭერი მდნარი ყველი და ორი ცალი ზეთისხილის მარცვალი დაგჭირდებათ. ძეხვის ნაჭრები ფენებად დაალაგეთ, მერე მდნარი ყველისგან "გამოჭერით" ბუს ფრთები, ფეხები და ყურები. თვალებადაც ძეხვის ან ყველის ნაჭრები გამოგადგებათ და ბოლო აკორდი ზეთისხილის მარცვლები იქნება.
ლომი
ამ ლომის შესაქმნელად დაგჭირდებათ ჰამბურგერის პური, სალათის ფურცელი, მოხარშული ძეხვი, ყველი, სოსისი, პომიდორი და მწვანე ხახვი.
ჰამბურგერის პურის ქვედა ნაჭერი ლომის ტანად გამოვიყენოთ, ზედა – თავად. ქვედა ნაჭერს ზემოდან დაადეთ ერთი ნაჭერი მდნარი ყველი და მოხარშული ძეხვის ნაჭერი. ფეხებად ჰამბურგერის პურის მონაჭრელები გამოგადგებათ, კუდად – ხახვის ღერო.
თავი – სალათის ფურცელს ზემოდან დაადეთ ყველის ნაჭერი, ჰამბურგერის პურის ზედა ნაწილი და შემდეგ სახის "მოხატვა" დაიწყეთ: პირისთვის პომიდვრის ნაჭერი გამოგადგებათ, ლოყები – ყველის ნაჭრები, ულვაშები და წარბები – მწვანე ხახვის ღეროები, ცხვირი – ყველის ნაჭერი ან "სუხარი", თვალებადაც ან სოსისის ნაჭრები გამოიყენეთ, ან შებოლილი ძეხვის და ზემოდან პატარა ყველის ნაკუწები დაალაგეთ.
პუტკუნა ძაღლუკა
ეს ძაღლუკა მართლაც ჩაპუტკუნებულია. მის მოსამზადებლად, როგორც ხედავთ, ასევე გამოიყენებთ სალათის ფურცელს, პურის ნაჭერს და ზემოდან დაალაგებთ ყველის ფურცელს, ორი სახის ძეხვს – მოხარშულსა და შებოლილს. სახეზეც ძეხვის პატარა ნაჭერი გამოგადგებათ, ყურებად – შებოლილი ძეხვი, დინგი – ყველის ნაჭერი+ზეთისხილი+პომიდორი, თვალების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის ნაჭერი ან სიმინდის მარცვლები+ზეთისხილი.
ბრაზიანი ჩიტები
ბევრისთვის საყვარელი გმირების მომზადებაც შეიძლება ბუტერბროდად. უბრალოდ, ჰამბურგერის პურის ერთ ნაჭერს უნდა გადაუსვათ ზემოდან მდნარი ყველი, დაადოთ ძეხვის ნაჭერი და ძეხვითა და ყველის ნაჭრებითვე მორთოთ. თვალებისა და წარბებისთვის კი შეგიძლიათ, ხაჭო ან მდნარი ყველი გამოიყენოთმ ასევე ზეთისხილი და წარბებად – რომელიმე გემრიელი ჩირი.
თაგუნია
ეს თაგუნია ჩვეულებრივი პურის, ძეხვის ნაჭრების, მდნარი ყველის ფურცლებისა და მწვანე და შავი ზეთისხილისგან არის შექმნილი. ფეხები და ხელები კი მარილიანი ჩხირებისგან შეგიძლიათ გაუკეთოთ.
კლოუნი
ეს კლოუნი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და საკმაოდ ნოყიერი საუზმეც. როგორც ხედავთ, მასში გამოყენებულია შემწვარი პურის ნაჭრები, სოსისი (პირი), შემწვარი ლორის ნაჭრები (ყურები), ზეთისხილი (წარბები), კვერცხის თვალუკები, პომიდვრის ნაჭერი (ცხვირი) და გასაფორმებლად შემწვარი ქამა სოკოც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კურდღელი
ეს კურდღელი დედიკოს მომზადებული ოლადებისგან შეგიძლიათ შექმნათ. ოლადებს ძეხვისა და მდნარი ყველის ნაჭრები შეგიძლიათ დაუმატოთ, გააფორმოთ და ნამდვილ კურდღელს მიიღებთ. თვალების ნაცვლად ზეთისხილის რგოლები გამოიყენეთ.
ცხელი ძაღლი
ეს მართლა ცხელი ძაღლია (ანუ ჰოთ დოგი). დედიკოს გამომცხვარ ლამაზი ფორმის პურის შუაში სალათის ფურცელი და შემწვარი სოსისია მოთავსებული, თვალებად კი შავი ქლიავის ჩირი ან ქიშმიში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ასეთ კრეატიულ და მხიარულ ბუტერბროდებს მართლა ვერც ერთი ბავშვი ვერ დაიწუნებს, საუზმეც მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გამოგივათ და ერთად გატარებული დროც ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი გახდება.