კომში, ხურმა და ფეიხოა - თუ რომელიმე მათგანი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

კომში, ხურმა და ფეიხოა - თუ რომელიმე მათგანი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

კომში, ხურმა და ფეიხოა ჩვენში შემოდგომის ხილად მიიჩნევა და ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია, მაგრამ ყველამ როდი იცის, მაინც რატომ არის აუცილებელი მისი მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის...


ფეიხოა
 

ამ საოცარი მწვანე ხილის - ფეიხოას - სახელის სწორად წარმოთქმა ბევრს ეშლება, მაგრამ როცა მის უნიკალურ თვისებებზე ჩამოვარდება საუბარი, სახუმაროდ სულაც აღარ არის საქმე! ბუნებამ იზრუნა, რომ მისი ნაყოფი სასარგებლო ნივთიერებებით სავსე ყოფილიყო.
 

ამ ხილს სახელი მისი პირველ აღმომჩენის - პორტუგალიელი ბოტანიკოსის, ჟოაო დე სილვა ფეიჟოს საპატივსაცემოდ დაარქვეს, რომელმაც ფეიხოა ბრაზილიაში მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინა. ეს არის მარადმწვანე ბუჩქი, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 4 მ-საც აღწევს. იგი მოჰყავთ არა მარტო სამხრეთ ამერიკაში, არამედ ავსტრალიაში, აზიასა და ახალ ზელანდიაში. ფეიხოა სამხრეთ კავკასიაშიც მშვენივრად გრძნობს თავს და ის სამივე რესპუბლიკაში იზრდება.
 

მაინც რით დაიმსახურა ფეიხოამ ასეთი პოპულარობა? - პირველ რიგში თავისი განუმეორებელი გემოთი. მისი გემო კენკრის კოქტეილს წააგავს და ამასთან, დაბალკალორიულია. რაც შეეხება ვიტამინებს, ფეიხოაში ვიტამინი C, რკინა და იოდი რეკორდული რაოდენობითაა. ამიტომ სასურველია ფეიხოა თერმულად კი არ დაამუშავოთ, არამედ გახეხოთ და დაშაქროთ. იგი სასარგებლოა გასტრიტების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ან და უბრალოდ, იმუნიტეტისა და საერთო სასიცოცხლო ტონუსის ასამაღლებლად.
 

ფეიხოას ნიღაბი სახის კანისთვისაც მნიშვნელოვანია. იგი ამშვიდებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ამბობენ, რომ ბრაზილიელი ქალების სილამაზისა და ეშხის საიდუმლოც სწორედ ფეიხოაში იმალება!

 



კომში
 

ეს ხილი ბებიების დროს ძალიან აქტუალური იყო და ახლაც თანდათან იბრუნებს პოპულარობას. იგი ახლოსაა ვაშლთან და მსხალთან, თუმცა, უფრო ძლიერი და მძაფრი არომატი აქვს. კომშის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მას უხდება როგორც თერმული დამუშავება, ასევე გაყინვა. უმი სახით კომშის ჭამა ბევრისთვის ძნელია, აი, გამომცხვარი, შემწვარი ან მოხარშული კი იძენს რბილ და ტკბილ გემოს, და რაც მთავარია, არ კარგავს თავის განუმეორებელ არომატს.
 

ძველი ბერძნები მას თაფლთან ერთად აცხობდნენ. კომშით სავსე კალათის ქალიშვილისთვის ჩუქება მის მიმართ დაუოკებელ ლტოლვას ნიშნავდა და ამ ჟესტს მამაკაცი "გულთამპყრობელები" ლამის მე-20 საუკუნემდე მიმართავდნენ მთელს ევროპაში.
 

კომშის მთავარი ღირსება - ეს არის მისი თვისება, მისცეს დახვეწილი არომატი ყველა იმ კერძს, რომელშიც ის გამოიყენება. ასევე მას ახასიათებს პექტინების მაღალი შემცველობა. ასე რომ, კომში არა მარტო საოჯახო ჯემებითა და მურაბებით პირის ჩასატკბარუნებლად გამოგადგებათ, არამედ მას გამოჰყავს მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან და სასიკეთოდ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

 


 


ხურმა
 

ეს წითური ლამაზმანი ჩვენთან ჩრდილოეთ ამერიკიდან მოხვდა. თავიდან მას კოლონიზატორები არ აფასებდნენ და უკვირდათ, რატომ ეძახდნენ ინდიელები "ღმერთების საჭმელს" . სინამდვილეში კი მიზეზი მდგომარეობდა შემდეგში: თეთრკანიანიები არ აცდიდნენ ხილს დამწიფებას. ამიტომ თუ თქვენც უკმაყოფილო ხართ ხურმის მწკლარტე გემოთი, დადეთ ის რამდენიმე დღით ფანჯრის რაფაზე და დაამწიფეთ.
 

სელექციონერებმა გამოიყვანეს ხურმის 2 პოპულარული ჯიში, რომელიც მალე მწიფდება და გემოც ცოტა განსხვავებული აქვს. ესენია შარონი და კარალიოკი.
 

რითაა სასარგებლო ხურმა? - პირველ რიგში სწორედ ის სიმწკლარტე, რომელიც ასე არ მოგვწონს, გამოწვეულია ტანინებით, რომელსაც ეს ხილი ბლომად შეიცავს და რომელიც იცავს ნაწლავებს მრავალი დაავადებისგან. დიდი რაოდენობით გლუკოზა და ფრუქტოზა, მართალია დიაბეტით დაავადებულებისთვის ამ ხილს სასურველს არ ხდის, სამაგიეროდ ჯანმრთელი ადამიანებისთვის 2-3 ცალი ხურმის მიღება სრულიად საკმარისია შიმშილის მოსაკლავად.
ამინომჟავებისა და ვიტამინების შემადგენლობის გათვალისწინებით შესაძლებელია ერთი დღე ხურმის "დიეტას" მიმართოთ, რათა განტვირთოთ და გაიწმინდოთ ორგანიზმი, ოღონდ გახსოვდეთ, რომ დაუშვებელია ამით ბოროტად და ზომაზე მეტად სარგებლობა. ხურმა მდიდარია კალიუმით, რაც გულ-სისხლძაღვთა სისტემისთვის პირდაპირ მისწრებაა - ის ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობას.
 

ხურმას მხოლოდ უმად მიირთმევენ, ის კულინარიში არ გამოიყენება. გამონაკლისია ჩირი, რომელსაც კავკასიასა და შუა აზიაში ამზადებენ და რომელიც განსაკუთრებულად გემრიელი, კალორიული, ტკბილი და სასარგებლო დესერტია.