მსგავი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ: ბროწეულის ბაჟე - მარიკა დარჩიას "მოგონებების გემო" - Gemrielia.ge

მსგავი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ: ბროწეულის ბაჟე - მარიკა დარჩიას "მოგონებების გემო"


გვეგონა, დიდები ვიყავით, გვეგონა, ბევრი რამ ვიცოდით, გვეგონა, მაშინ რასაც განვიცდიდით, სულ იქნებოდა და ვიყავით ასე რომანტიზმით და ლექსებით გაბერილები... ამ ძველ, გაცრეცილ ფურცლებს რომ გადავეყრები ხოლმე, ახლა ღიმილით ვკითხულობ და მაშინ? თუმცა, არც ასე იყო საქმე, სხვანაირებიც მაქვს შენახული. ერთმანეთს რომ ვწერდით, ზოგჯერ ერთადაც და სიცილით ვიგუდებოდით...

"კედელზე კიდია ლამაზი, ხისგან შექმნილი ფარდა. ასეთი ფარდა აქვს ყველას ქალაქში, ჩვენს გარდა".... - ვიცინოდით სულელებივით, მერე ერთმანეთს ვაწოდებდით ამ რვეულს და გრძელდებოდა ხალისი ....

"ავიღე ვარდი, ვუსუნე მაგრა. რა გვინდა თბილისში? ახლა კარგია გაგ-რა" ან "მიყვარდა ბიჭი, ის კი ვერ ამჩნევდა. მე ამის მერე კანკალი დამჩემდა"... - მეტი სისულელე რა გინდა, მაგრამ ბევრს კი ვიცინოდით... თან სიყვარულით სავსე და დარდიანი, ვითომ ნამდვილი ლექსების მერე... რას გვიმ-ზადებდა ბედი, მართლა არ ვიცოდით, სახლში გველოდებოდნენ ჩვენი მშობლები, ახლა რომ ჩვენ ვართ, იმაზე ახალგაზრდები... რას იფიქრებდნენ, ასეთ სისულეელბას რომ ვთხზავდით, ისე მადლობა მათ, რომ მართლა პოეტებად არ წარმოვიდგინეთ თავი... ეტყობა, იუმორიც გვქონდა და ლიტერატურის ცოდნაც გვაკავებდა... თან ისეთები იყვნენ...

"ბროწოულები იღიმებიან" რომ დაწერა, იმ პატარა მაკა ბოცვაძეს დიდი მშობლები ყავდა, მამა იოსებ ბოცვაძე - ჟურნალისტიკის მამა იყო, წიგნებით სავსე ოთახში მახსოვს და რატომღაც სერიოზული და გაბრაზებული სულაც არა... ბავშვობას მაინც ხალისიანი მოგონებები მოყვება, თუ მე მჭირს მათი მონატრებით ასე?

ამ ძებნაში ერთ ცალკე ფურცელსაც გადავაწყდი - "სამფერად ისმის თეთრი მუსიკა, ბნელში ირევა ცისფერი კვამლი - is it she lo­vely?" – ამ სტოფის ავტორი აქვეა და ჩვენი აღარ არის... ან ამას ვინ წარმოიდგენდა მაშინ?.. მოკლედ ამ ბროწეულებმა, შემოდგომის მიწურულმა, ახლახან მომხდარმა პარიზის ამბებმა - სადღაც შორს მახეტიალა და მართლა დამაფიქრა... უცნაური რამაა ბედი... რამდენი რამე შეიცვალა და ამას ზოგჯერ დიდი დროც არ სჭირდება, ერთი წამი და სულ, სულ იცვლება ყველაფერი...
ბროწეულებს გემოც შორიდან გამოყვა, ჩვენი ძველი სახლების გემო...

ბროწეულის ბაჟე


გაწურეთ 3 ან 4 ბროწეული, აიღეთ 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი და 2 თავი ნიორი - ყველაფერი კარგად აურიეთ... მე ახლა ბლენდერს ვიყენებ, ასე ადვილია... მასა სქელი უნდა იყოს, გემოვნებით დაუმატეთ მარილი და გასინჯეთ, როგორ უხდება ხორცს და თევზს...

ხვალ რა იქნება, ზოგადად ძნელი სათქმელია, ამიტომ უნდა გავუფ-რთხილდეთ ერთმანეთს.... ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ახალი წელი გვიახლოვდება და აუცილებლად მოვა...

არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ეს ბროწეულის საკმაზი ძალიან გემრიელია.

მე კი მინდა კარგი წელი გისურვოთ, ისეთი, კარგ გემოს და კარგ მოგონებებს რომ ტოვებს...


ჟურნალი ”და ქალი” (დეკემბრის ნომერი)