რა უნდა გავითვალისწინოთ თაფლის ყიდვისა და შენახვის დროს - Gemrielia.ge

რა უნდა გავითვალისწინოთ თაფლის ყიდვისა და შენახვის დროს



მისი უნიკალური თვისებები იძლევა არტერიული წნევისა და სუნთქვის სიხშირის დარეგულირების საშუალებას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, აახალგაზრდავებს კანს და ა.შ. თუმცა იმისათვის, რომ თაფლმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი სამკურნალო თვისებები, ის უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური, მისი სწორად შენახვის წესები კი - უზრუნველყოფილი.

თაფლის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს, კონსისტენციას, გემოს, არომატს და ა.შ. ნატურალურ თაფლს უნდა ჰქონდეს:

კონსისტენცია: ნაზი. თუ თითებს შორის მისი გასრესის შემთხვევაში მოხდა კანის მიერ შეწოვება ე.ი. თაფლი ნატურალურია, ხოლო თუ მას აღენიშნება უხეში კონსისტენცია და გასრესის შედეგად თითებს შორის დაგრჩათ კოშტების სახით, ამ შემთხვევაში საქმე ფალსიფიცირებულ თაფლთან გაქვთ.

ფერი: თაფლის ფერი მისი სახეობის მიხედვით განისაზღვრება. მაგ: ყვავილოვანი თაფლი - ღია ყვითელი შეფერილობისაა, წაბლის - ყავისფერი, ცაცხვის - ქარვისფერი, იონჯის თაფლი კი თითქმის უფერულია.

გამჭვირვალობა: მაქსიმალურად გამჭვირვალე. თუ შეატყობთ, რომ თაფლი მღვრიეა ან შეიმჩნევა ფსკერზე ნალექი, უარი თქვით მის შეძენაზე. მსგავსი თაფლი აუცილებლად შეიცავს მინარევებს (შაქარი, სახამებელი და ა.შ.)

წონა: ერთი ლიტრი თაფლი არ უნდა იწონიდეს 1,4 კგ-ზე ნაკლებს.

კრისტალურობა: თაფლის დაკრისტალება მის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. როგორც წესი, დაკრისტალების პროცესი შემოდგომაზე ხდება, თუმცა არსებობს თაფლის რამდენიმე სახეობა (სალბის და აკაციის), რომელიც არ კრისტალდება. თუ შემოდგომაზე თაფლი არ დაკრისტალდა, იგი ფალსიფიცირებულია.

სისქე: თაფლი ნატურალურია, თუ ხელისგულზე მისი დაწვეთების შემთხვევაში შეინარჩუნებს ფორმას და არ გაიშლება.

არომატი: ნატურალური თაფლი განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. იგი არც ძალიან მძაფრი და არც ზედმეტად სუსტი უნდა იყოს. თუ თაფლი ფალსიფიცირებულია, მისი არომატი თითქმის არ იგრძნობა, გემო კი შაქრიანი წყლისას მიუგავს.

გემო: ტკბილი და ოდნავ მომწარო.

იმისათვის, რომ ამოიცნოთ, არსებობს თუ არა თაფლში რაიმე სახის დანამატი, გთავაზობთ კიდევ რამდენიმე მარტივ რჩევას:

• აიღეთ უბრალო ქაღალდის ფურცელი და დააწვეთეთ თაფლი. თუ ქაღალდი დასველდა, ე.ი. თაფლი შეიცავს წყლის დანამატს.

• წაუსვით ფურცელს თაფლი ისე, რომ ფურცლის ბოლოები თავისუფალი დარჩეს. მოუკიდეთ ცეცხლი და დააკვირდით. თუ ცეცხლი მალევე ჩაქრა და ფურცლის მხოლოდ თაფლწაუსმელი ადგილები დაიწვა, თაფლი ნატურალურია, ხოლო თუ ფურცელი ბოლომდე დაიწვა, ფალსიფიცირებულია.

• მოათავსეთ თაფლში პურის ნაჭერი და დატოვეთ დაახლოებით 10 წთ. თუ პური გამაგრდა, ეს თაფლის ნატურალობაზე მეტყველებს, დარბილებული პური კი თაფლში შაქრის მინარევს უსვამს ხაზს.

• ჩაუშვით ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში ერთი ჩაის კოვზი თაფლი. ნატურალური თაფლი ცხელ წყალში მოხვედრისას მთლიანად უნდა გაიხსნას და არ წარმოქმნას ნალექი.

• თაფლის სისქის მოსამატებლად ფალსიფიკატორები ხშირად იყენებენ ცარცს. ამიტომ მის ამოსაცნობად დაასხით თაფლს ცოტაოდენი ძმარი. აშიშინების შემთხვევაში დარწმუნდებით, რომ იგი ნამდვილად შეიცავს ცარცის დანამატს.

• თუ თაფლი ნატურალურია, კოვზით ამოღების დროს უნდა წარმოიქმნას გრძელი, ხანგრძლივად უწყვეტი "ძაფი" (10-12 სმ).

თაფლის შენახვის წესები: ნატურალური თაფლის სწორად შენახვის შემთხვევაში მისი შენახვის ვადა შეუზღუდავია, მაგრამ თუ იგი შეიცავს, მაგალითად, შაქრის დანამატს, ამ შემთხვევაში მისი ხანგრძლივი დროით შენახვა შეუძლებელია.

• შეინახეთ თაფლი ხის, მინის, კერამიკის ან მომინანქრებულ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.

• კატეგორიულად იკრძალება თაფლის მეტალის ჭურჭელში შენახვა, ვინაიდან მეტალში არსებული მჟავა შედის თაფლთან რეაქციაში, რის შედეგადაც თაფლში მცირდება სასარგებლო თვისებები და იზრდება მძიმე მეტალის შემცველობა. მსგავსი პროდუქტი კი ცხადია, გამოიწვევს ორგანიზმის მოწამვლას.

• ასევე არ არის რეკომენდებული თაფლის შენახვა პლასტმასის ჭურჭელში, არა უმეტეს ერთი კვირისა.

• თაფლის შესანახად საუკეთესო ჭურჭელს მაინც მინის ქილა წარმოადგენს, რადგან ასეთ ჭურჭელში ნაკლებად არსებობს ბაქტერიის გამრავლების საფრთხე. თუმცა ამ შემთხვევაშიც მკაცრი მოთხოვნაა, რომ ქილა იყოს ჰერმეტულად დახურული.

• მოარიდეთ თაფლი მზის სხივებს. მზის პირდაპირი სხივების ქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი თაფლის გაჩერების შემთხვევაში იშლება ფერმენტების საკმაოდ დიდი ნაწილი.

• ასევე არ არის რეკომენდებული თაფლის მაცივარში შენახვა.

• საუკეთესო ადგილს თაფლის შესანახად ბნელი სათავსო წარმოადგენს, სადაც ტემპერატურა არ იქნება 20-25 გრადუსზე მეტი.

• თუ გსურთ, დაკრისტალებულ თაფლს დაუბრუნოთ საწყისი კონსისტენცია, შეგიძლიათ იგი წყლის აბაზანაზე გაადნოთ. ჩადგით თაფლის ქილა არა უმეტეს 40 გრად. ტემპერატურის წყალში და დაელოდეთ გადნობას. გახსოვდეთ, რომ თერმული დამუშავების შედეგად თაფლი კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამიტომ გადნობის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მოხდეს თაფლის გადახურება.

• ამავე მიზეზით არ არის რეკომენდებული თაფლის მდუღარე წყალთან ან ჩაისთან შერევა. უმჯობესია, ჩაის თაფლი გაგრილების შემდეგ დაუმატოთ.