ტოპ-5 ყველაზე პოპულარული სამარხვო კერძი - Gemrielia.ge

ტოპ-5 ყველაზე პოპულარული სამარხვო კერძი

ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული უამრავი სამარხვო კერძიდან ტოპ-5 ყველაზე პოპულარული კერძი შევარჩიეთ და ერთად შევკრიბეთ.

ბოსტნეულის ჩანახი

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 500 გრ
  • კარტოფილი 500 გრ
  • ხახვი 3 თავი
  • პომიდორი 500 გრ
  • ზეთი 200 გრ
  • მწვანილი თითო კონა
  • ნიორი 3 კბილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე ოთხად, შემდეგ - შუაზე. მოაყარეთ მარილი და 1/2 საათის სემდეგ გაწურეთ ისე, რომ არ დაიჭყლიტოს.

2. ალყად დაჭრილი ხახვი, წმინდად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ წიწაკა.

3. ქვაბის ფსკერზე მოასხით ზეთი, პირველ ფენად დააწყვეთ სიგრძეზე დაჭრილი კართოფილი, შემდეგ - ბადრიჯანი, მოაფინეთ არეული მწვანილი და ხახვი, შემდეგ ისევ კარტოფილი, ბადრიჯანი და ა. შ. თან შიგადაშიგ მოაყარეთ მარილი.

4. ბოლოს დაალაგეთ მთელ-მთელი პომიდორი და დაუმატეთ ზეთი ან სამარხვო კარაქი. მოშუშეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე კარტოფილი არ მოიხარშება.

ბოსტნეულის კატლეტები

30078de91bbfd4d453b489707a6917e7.jpg

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 500 გ
  • ბრინჯი 1/2 ჭიქა
  • სტაფილო 2
  • ხახვი 1-2 თავი
  • მარილი და პილპილი
  • კამა

მომზადების წესი: კარტოფილი მოხარშეთ, დაჭყლიტეთ ან გახეხეთ. ცალკე მოხარშეთ ბრინჯი. ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა კატლეტები. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

კარტოფილის რულეტი სოკოთი

3_2ed63.jpg

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 10 ცალი
  • სოკო 500 გ
  • ხახვი 2 თავი
  • პამიდორი 3-5 ცალი (შეგიძლიათ მოაკლოთ)
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი

მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ, მოხარშეთ, გადაწურეთ და დაჭყლიტეთ. დაამატეთ მარილი. დაჭრილი სოკო და ხახვი მოშუშეთ, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და მაღალ ცეცხლზე ცოტა ხანს შუშეთ, სანამ სითხეს დაიშრობს. დაამატეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ სოკოთიც. კარტოფილის პიურე ცხიმწასმულ ქაღალდზე გაშალეთ, ზემოდან მოათავსეთ სოკო და ქაღალდის დახმარებით გადაახვიეთ რულეტივით. ზემოდან გადაუსვით სამარხვო მაიონეზი და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება. არასამარხვო ვარიანტში შეგიძლიათ ზემოდან ყველიც მოაყაროთ.

ოლადები ვაშლით

6sm7g0eq01s.jpg

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გ
  • ვანილი
  • ვაშლი 2 ცალი, საშუალო ზომის
  • სოდა 1/2 ჩ.კ
  • შაქარი 1 ს.კ ან გემოვნებით
  • ზეთი 1.5 ს.კ
  • ვაშლის წვენი (ან წყალი, წყალი+მურაბის წვენი) 250 მლ
  • ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა

მომზადების წესი: ვაშლი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ ან წვრილ კუბებად დაჭერით. დაამატეთ წვენი, ზეთი, მწიკვი მარილი, შაქარი, სოდა, ბოლოს კი ფქვილი. თუ დრო გაქვთ, ცომი 10 წუთით დაასვენეთ, უფრო გემრიელი და ფუმფულა ბლინები გამოვა. თუ დრო არ გაქვთ მაშინვე შეგიძლიათ დაიწყოთ ცხობა. გამოაცხვეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე. გახეხილი ვაშლით ოლადები უფრო თხელი გამოდის, წვრილ კუბებად დაჭრილით კი უფრო ფუმფულა. თუ ცომს წვენით გააკეთებთ, შაქარი, შესაძლოა, აღარც დასჭირდეს. P.S. წვენი ან წყალი შეიძლება ჩაანაცვლოთ ე.წ. შვრიის რძით. ამისთვის 1 ჭიქა შვრიას დაასხით 3 ჭიქა წყალი და დატოვეთ 1 ღამე. დილით დააბლენდერეთ და გაწურეთ. მიიღებთ ძალიან სასარგებლო "რძეს", რომელიც კარგი ალტერნატივაა მარხვის დროს.

ყავის არომატიანი სამარხვო ბრაუნი

2af6bbc508582cddadc99a277e2cbcb2.jpg

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 400 გ
  • გამაფხვიერებელი 1 პაკეტი (10 გ)
  • ცივი ყავა 500 მლ
  • შაქარი 250 გ
  • კაკაო 50 გ
  • შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 20 ცალი გატარებული
  • ნიგოზი 50 გ

მომზადების წესი: გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. შევურიოთ ერთმანეთსფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი და კაკაო. შავი ქლიავის ჩირი 7 ს.კ წყალთან ერთად ვაქციოთ პიურედ ბლენდერში. ჩავამატოთ ფქვილიან ნარევს. ნელ-ნელა დავამატოთ ყავაც, სანამ არ მივიღებთ კრემოვან ცომს დავამატოთ ნიგოზიც. კვადრატულ ფორმას (20х20 სმ) ჩავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ზეთი. ჩავასხათ ცომი, გამოვაცხოთ 30 წუთი. მზა ნამცხვარი გაციების შემდეგ დავჭრათ კვადრატებად და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.